ყველამ კარგად ვიცით, რომ მაისიდან ზაფხულის ბოლომდე ქვეწარმავლების აქტიური პერიოდია. გველის ნაკბენი აქტუალური თემაა.
საქართველოში დაახლოებით 20-22 სახეობის გველია. აქედან შხამიანი მხოლოდ ოთხი სახეობაა: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.
გიურზა ამათგან ყველაზე დიდი ზომის გველია (130 სმ-დან 160 სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოწეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე - შედარებით მომცრო. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.
გადაუდებელი და პირველი დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი - გიორგი ჩოჩია აგვიხსნის, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა საქმე გველის ნაკბენთან გვაქვს.
გიორგი ჩოჩია:
– ჩამოვთვალოთ სიმპტომები, რომლებიც გველის ნაკბენს ახასიათებს:
- წყვილი კბილის ანაბეჭდი;
- სიწითლე და ტკივილი ნაკბენ არეში, შეშუპება;
- თავბრუსხვევა, სისუსტე;
- ოფლიანობა, გაძლიერებული ნერწყვის დენა;
- გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
- სუნთქვის გაძნელება;
- გონების დაბინდვა (მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა).
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ გველმა დაგგესლათ:
- არ დავადოთ ლახტი (შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება);
- არ შეიძლება ჭრილობის მოწვა;
- ნაკბენის გამოწოვა;
- ნაკბენის დასერვა ან გაკვეთა.
როგორ მოვიქცეთ:
- დაზარალებული დავაწვინოთ, ვთხოვოთ, რომ იყოს უმოძრაოდ (როცა ადამიანი მოძრაობს, სისხლის მიმოქცევა უფრო აქტიურდება, ამიტომ რეკომენდებულია მწოლიარე მდგომარეობა და რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა).
- ნაკბენი უნდა იყოს მოთავსებული გულის დონიდან ქვემოთ, რომ შემცირდეს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.
- ჭრილობის ჩამობანა შეიძლება წყლით ან რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით.
- ნაკბენი არე უნდა დაიფაროს სტერილური საფენით.
- ნაკბენი კიდურის მთელ სიგრძეზე ედება ელასტიკური ნახვევი (ელასტიკური ბინტით).
ამის შემდეგ, დაზარალებული აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთდება შრატი.