ცელულიტი ქალების მთავარი პრობლემაა და მის გასაქრობად არავინ იშურებს ენერგიასა თუ ფინანსებს.
ანტიცელულიტური მასაჟები საუკუნეებს ითვლის და ყველა აღიარებს მის უნიკალურობას.
რა განაპირობებს სხეულის ფორმების ასეთ მკვეთრ ცვლილებას და როგორ ჩნდება ცელულიტი - marao.ge-ს ამ კითხვებს მასაჟისტი თიკო შაშვიაშვილი პასუხობს:
- ცხიმოვანი უჯრედების ზრდასთან და მოცულობაში გაფართოებასთან ერთად ირღვევა ლიმფური და სისხლის მიმოქცევა, რაც წყლის შეკავებას იწვევს. დაზიანებულ უბნებზე ირღვევა ჟანგბადის და საკვები ნივთიერების მიწოდების პროცესი, რთულდება შლაკების და ტოქსინების გამოდევნა. საბოლოოდ, ჩნდება ცელულიტის ნიშან-თვისებები – კანის რელიეფი ხდება არათანაბარი და ბურცოვანი, ემსგავსება ფორთოხლის კანს.
ცელულიტი მოთავსებულია პირდაპირ კანქვეშ. მის გავრცელებაზე „ზრუნავს“ ჰორმონი ესტროგენი.
- როგორ ვებრძოლოთ „ფორთოხლის კანს“?
- დიეტებით მასზე ვერ იმოქმედებ. ცელულიტის შემცირებაში დახმარება შეუძლია ლიმფურ სისტემას, თუ მას კარგად ავამუშავებთ. ამისთვის კი საჭიროა მასაჟები, ნიღბები, შეფუთვები, ვარჯიში, ყველაფერი, რაც აიძულებს ლიმფურ სისტემას, გამოდევნოს „ნარჩენები“. აუცილებელია ბევრი წყლის სმა, ფეხით სიარული, უნდა ვერიდოთ ცხიმიან საკვებს.
- რა განაპირობებს ანტიცელულიტური მასაჟის დადებით შედეგს და თუ არის შემთხვევები, როცა მასაჟს უარყოფითი ეფექტი მოაქვს?
- ანტიცელულიტური მასაჟები, ძარითადად, თაფლით, ვაკუუმ-ქილებით კეთდება. ასევე ნელ-ნელა ინერგება სამედიცინო აპარატურა. ამ უკანასკნელის გამოყენებით, შედეგი მცირე დროშივე ხდება თვალსაჩინო, თაფლის მასაჟით კი სხეული კორექციას კურსის დამთავრების შემდეგაც განაგრძობს, რაც აიხსნება იმით, რომ ვაკუუმ-ქილებით დაშლილი ცელულიტი ორგანიზმიდან ნელ-ნელა თვითონვე გამოდის. კარგია, თუ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ და დღის პირველ ნახევარში დიდი რაოდენობით წყალს მივიღებთ.
თუ პაციენტს აქვს ვენების ვარიკოზული დაავადება, უკუჩვენება გარდაუვალია. ამიტომ კურსის დაწყებამდე აუცილებელია, მასაჟისტი კარგად გაერკვეს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. მაგალითად, პაციენტი არ უნდა იყოს ალერგიული თაფლის მიმართ. ასევე, მასაჟები არ ტარდება ახალ ნამშობიარებზე.