ცეკვა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსხვავებული დოზით არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც მას ცხოვრებას უძღვნიან და საკუთარ პროფესიად აქცევენ. ზოგიერთისათვის ის საყვარელი ჰობია, ზოგისთვის კი - მხოლოდ განტვირთვის საშუალება და იშვიათად კავდებიან მისით. მე შევეცდები, აგიხსნათ ცეკვის უპირატესობანი და დაგარწმუნოთ მის აუცილებლობაში.
1. ცეკვაში გამოიძერწება ადამიანის სული. როდესაც ცეკვავთ, არა მხოლოდ მოძრაობებს ასრულებთ, არამედ გარეთ, სხვათა დასანახად გამოგაქვთ თქვენი შინაგანი სამყარო, თქვენი დაფარული „მე“. ცეკვა საკუთარი ხასიათის შტრიხების, ტემპერამენტის, ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალებაა. გახსოვდეთ, თქვენ არავის ჰგავხართ და ეს თქვენს თითოეულ მოძრაობაში იგრძნობა.
2. ცეკვის ერთ-ერთი უპირატესობა მისი გამაჯანსაღებელი ეფექტია. ცეკვის პროცესში გამოიდევნება უარყოფითი ემოციები, რაც გავიწყებთ პრობლემებს, მწყობრში მოჰყავს თქვენი ემოციური, ნერვული სისტემა. ის აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
3. თუ ფიქრობთ, რომ წონის პრობლემა გაქვთ და კილოგრამების მოკლება ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეგიცვლით, მიმართეთ ცეკვას. ცეკვის დროს ყოველ ნახევარ საათში დაახლოებით 300 კალორია იწვება. ის ასევე უზრუნველყოფს ზურგის, ფეხების და დუნდულების კუნთების გამაგრებას. ცეკვის დამსახურებით მუდამ სასურველ ფორმაში იქნებით.
4. ცეკვა გაზრდის თქვენს პოპულარობას. მისი დამსახურებით ნებისმიერ ღონისძიებასა თუ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, გაიზრდება თქვენი სანაცნობო წრისა და თაყვანისმცემელთა რაოდენობა. თქვენ კი, თქვენით აღფრთოვანებული ადამიანების ხილვა თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავით კმაყოფილებას შეგმატებთ.
5. ცეკვის დროს მიეცემით თავდავიწყებას. ის განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა და მისი დამსახურებით მუდამ მომღიმარი და ბედნიერი იქნებით. დადებითი განწყობის მატარებელი ადამიანები კი, დამეთანხმებით, ყოველთვის იმსახურებენ გარშემო მყოფთა მოწონებას.
<div class="apester-media" height="616" data-media-id="5c850deb0e019fb5916b6666"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>
ასმათ ჟიჟიაშვილი