გაზაფხულის მოსვლა ახალ ემოციებთან, სილამაზესთან და სიხალისესთანაა კავშირში, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ალერგია ყველანაირ განწყობას გვიფუჭებს?
როგორც წესი გაზაფხულის მოსვლის თანმდევია ყვავილების მტვერი და ბუსუსები, რომელიც ალერგიას კიდევ უფრო გვიმწვავებს.
მეც და ჩემ რამდენიმე მეგობარსაც გვტანჯავს თვალების წვა, სურდო, სისუსტე, გვიღიზიანდება ყელი და ზოგჯერ ეს ყველაფერი სპაზმური ხველით გვირგვინდება. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან დამღლელია ხშირი ცემინება და სუნთქვის გაძნელება.
სეზონური ალერგია ახალი სეზონის დასაწყისში ყველაზე საშიშია და სწორედ ამით ამართლებს თავის სახელს.
გაირკვა, რომ ამგვარი სეზონური ალერგიით დიდ ქალაქში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად იტანჯებიან, ვიდრე სოფლებში.
ჩვენ ყოველდღე ვსუნთქავთ მანქანების გამონაბოლქვს და ეს ერთ-ერთი გარემო ფაქტორია, რომ სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი თავის ფუნქციებს გამართულად ვეღარ ასრულებს და მარტივად ღიზიანდება.
მარტი და აპრილი სწორედ ის პერიოდია, როცა ხეები ყვავილობის ფაზაში შედიან და ადრე მოყვავილე ხეებიც მრავლად შეინიშნება.
აუცილებელია დაადგინოთ ის, თუ რაზე ხართ ალერგიული. მნიშვნელოვანია იცოდეთ მცენარეებზე გაქვთ ალერგია, ხეების მტვერზე თუ უბრალოდ სახლის მტვერზე. შესაძლოა ჩამოთვლილთაგან რამდენიმეც იყოს.
როდესაც ზუსტი პასუხი გეცოდინებათ, გაითვალისწინეთ რომელ პერიოდში ყვავილობს ხე, რომელიც ალერგიას იწვევს თქვენში, ან მცენარე, რომელიც ამგვარ სიმპტომებს გიღვივებთ.
ზოგიერთი მცენარე აგვისტოს ბოლოს ყვავილობს, შესაბამისად მხოლოდ იმ პერიოდში მოგიწევთ, რომ განსაკუთრებით იფრთხილოთ.
პირადად ჩემთვის ყველაზე პრობლემური ჭადრის ხის ბუსუსები აღმოჩნდა. ის დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს შეიცავს, რაც ზოგჯერ მწვავე ალერგიას განაპირობებს.
თუ საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება 2 კვირით ადრე მოხერხდა და დაახლოებით იცით თქვენი ალერგია რა პერიოდში იჩენს თავს, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, მოერიდეთ ქარიან ამინდში გარეთ სიარულს და ხშირად დაიბანეთ ხელები, სახე, (საგულდაგულოდ) რათა მტვერი, რომელიც შემოგყვათ აღარ დარჩეს. სხვა შემთხვევაში მტვერი თქვენს სხეულზე და სამოსზეც რჩება, რის შედეგადაც სხვადასხვა გზით ხვდება ორგანიზმში.
დამეთანხმებით, რომ ალერგიული ადამიანისთვის ზოგჯერ მტვრის რამდენიმე პატარა ნაწილაკიც საკმარისია.
ურიგო არც პირბადის ან სათვალის ტარებაა, რომ ყელი და თვალები არ გაგიღიზიანდეთ.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებს აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტები ურჩევენ, რომ მოერიდონ ჩხუბს, თავი დაიცვან სტრესისგან და მღელვარებისგან, რადგან ეს ორგანიზმს კიდევ უფრო ასუსტებს.
ასევე ურჩევენ იმას, რომ ნაკლებად მიიღონ საკვები, რომლებსაც რძე ურევია.
ეჭვის შემთხვევაში ცხადია უნდა დააზუსტოთ ალერგოლოგთან, თუ როგორი რაციონია თქვენთვის ოპტიმალური.
აქვე გირჩევთ იმასაც, რომ თუ ალერგიისგან იტანჯებით და სურდოც სწორედ მისგანაა გამოწვეული, მოერიდეთ ერთჯერად ხელსახოცებს, რომლებიც არომატითაა გაჯერებული.
ჩემ შემთხვევაში ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა, რადგან შემდგომ ცხვირის არე უარესად მეწვებოდა. სჯობს გამოიყენოთ არომატის გარეშე, ან უბრალოდ ცხვირსახოცი, რომელიც უხეში მატერიის არაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ხალისიან გაზაფხულს.