წინა თაობა სექსუალურ თემებზე საუბარს გაურბის და ამას თავისებურად ხსნის.
ეს არც გასაკვირია და არც კურიოზული, თუმცა მაშინ, როცა ისინი შვილებისთვის გარკვეული საკითხების ახსნაზე უარს ამბობენ, გოგონები ბევრ რამეში უცოდინარნი არიან და ამას ხშირად მოსდევს შეცდომები.
სტერეოტიპულ ჩარჩოებში მოქცეული ახალგაზრდები მათთვის საჭირო და სინტერესო შეკითხვებით გინეკოლოგებს მიმართავენ, თუმცა ხშირად გულწრფელობა მათთანაც უჭირთ.
ინფორმაციიის მიღების ყველაზე მარტივ და უშფოთველ გზად კი ინტერნეტი რჩება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად აქ სიმართლესთან ერთად ბევრი აბსურდული ინფორმაციაა. ამიტომ სექსუალური პრობლემების მოგვარებას ონლაინში მიღებული რჩევებით ნუ შეეცდებით. ჩვენ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება შეგვიძლია.
ამჯერად იმ რამდენიმე საკითხს შევეხებით, რომლებიც ყველა გოგონას აინტერესებს და შესაძლოა, ამ კითხვების გინეკოლოგისთვის დასმის შერცხვეს:
1. რისი ბრალი შეიძლება იყოს ციკლის გადაცდენა, თუ სექსუალური ურთიერთობა არ გქონიათ?
ციკლის არევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული - შარდ-სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, ტრავმული დაზიანება... ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ორსულად არ ხართ. ამასთან, შესაძლოა, გქონდათ ბიჭთან სიახლოვე, რამაც ემოციური გადაძაბვა გამოიწვია. თუკი ციკლი მუდმივად დარღვეული გაქვთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ გინეკოლოგს და მასთან არაფერი არ უნდა დამალოთ.
2. რა არის თეთრი გამონადენი?
ესაა უსუნო, გამჭვირვალე გამონადენი, რომელიც საშიში არაა და თან ახლავს მენსტრუაციის ფაზას, თუმცა მას ახასიათებს პათოლოგიები და გარკვეულ შემთხვევებში იღებს მომჟავო სუნსა და სხვადასხვა შეფერილობას - მომწვანო, ჭუჭყიანი ნაცრისფერი და ა.შ.
შემდეგ ფაზაში გამონადენი კვერცხის ცილის მსგავსი ხდება და ზოგჯერ კრემისფერშიც გადადის. ესეც ჩვეულებრივი ფორმაა და ოვულაციაზე მიუთითებს, თუმცა, თუ გარკვეულ ტკივილებს, ქავილს ან პათოლოგიური შეფერილობის გამონადენს შენიშნავთ, მიმართეთ გინეკოლოგს.
3. საფენები საზიანოა?
ყოველდღიური საფენები დღეში 4-5-ჯერ უნდა შეცვალოთ, ხოლო მენსტრუაციული საფენები - 3-4 საათში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.
4. რას ნიშნავს ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციის დროს?
მენსტრუციის დაწყებას თან ახლავს ყავისფერი ჩამონაშალი, რომელიც ხშირად სხვადასხვა დაავადებაზე მიგვანიშნებს. თუ ასეთი ჩამონაშალი ყოველი ციკლის დროს გაქვთ, უმჯობესია, მიმართოთ გინეკოლოგს.
5. "პირველ ღამეს" დაფეხმძიმება შესაძლებელია?
სრულებით. ეს ისეთივე ჩვეულებრივი სექსუალური აქტია, როგორც სხვა დანარჩენი.