ესთეტიკური ცენტრი „ნილუს“ ექიმი, კოსმეტოლოგი ნინო წამალაიძე გვესაუბრა პათოლოგიურ გამონაყარზე, აკნეს გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე. ინტერვიუში შეიტყობთ - რა პროდუქტებზე უნდა დავაწესოთ აკრძალვები და პირიქით, რომელი პროდუქტებით უნდა გავამდიდროთ კვების რაციონი აკნეს თავიდან ასაცილებლად. კოსმეტოლოგმა სახლის პირობებში კანის მოვლის რამდენიმე ეფექტურ საშუალებასაც გაუწია რეკომენდაცია.
რა იწვევს სახეზე გამონაყარს?
- აკნე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა, გარდატეხის ასაკმა, ნივთიერებათა ცვლის მოშლამ, შეკრულობამ… აკნეს პათოლოგიური გამონაყარის უამრავი მიზეზი არსებობს.
ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში სახეზე გამონაყარს არ სჭირდება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და თვლიან, რომ ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა აღმოიფხვრება. ეს მითია თუ რეალობა?
- დიახ, ნამდვილად რეალობაა. კოსმეტოლოგთან ვიზიტი გარდატეხის ასაკში გართულებული აკნეს ფორმების დროს კატეგორიულად დაუშვებელია. პირველ რიგში, პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ მედიკამენტოზურად, რომ ჩირქოვანი ელემენტები ალაგდეს და შემდეგ გაიწმინდოს კანი. პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ შინაგანად და გარეგანად -პერორალურად აბების სახით და გარეგანად ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიალური მალამოების სახით.

როგორ უნდა შევადგინოთ კვების რაციონი აკნეს თავიდან ასაცილებლად?
- თუ დადგინდა, რომ პრობლემა კვებაშია, უნდა აღმოიფხვრას გამაღიზიანებელი ფაქტორები, როგორებიცაა შემწვარი, მწარე, მჟავე, ცხარე საკვების ამოღება რაციონიდან. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, მნიშვნელოვანია სწორი რაციონის შერჩევა, ხორცის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მიღება აქტიურად.
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სახის ღრმა წმენდა ზაფხულში არ არის რეკომენდებული. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება რეალობას? და თუ ასეა, რატომ?
- რეალობას შეესაბამება, ნამდვილად, იმიტომ, რომ ზაფხულის პერიოდში აქტიურად გამოიყოფა ცხიმი. შესაბამისად, ღრმა წმენდა და თუნდაც სხვა სახის აპარატურული ჩარევა არა არის სასურველი. იმის გამო, სახის წმენდის შემდეგ ისინი არ არიან დაცულები და შესაძლებელია რეგენერაციის პროცესები სწორად არ წარიმართოს, ამიტომ ზაფხულის პერიოდში სასურველია, სახის გაწმენდას თავი ავარიდოთ.
შესაძლებელია თუ არა აკნეს მიზეზის დადგენა სახეზე გამონაყარის მდებარეობის მიხედვით?
- ხშირ შემთხვევაში, კი. როგორც წესი, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რომ სახეზე გამონაყარი კლასიკური აკნეა. ამისათვის საჭიროა ჩატარდეს კონკრეტულად იმ ჩირქოვანი ელემენტის ბაქტეოროლოგიური კვლევა; გაირკვეს, რა სახის მიკროფლორასთან გვაქვს საქმე.
თუ ჯერჯერობით არ გვაწუხებს გამონაყარი, მაგრამ გვიწევს სტრესულ გარემოში ყოფნა, როგორ შეიძლება მოხდეს აკნეს პრევენცია?
- აუცილებელია ჰიგიენური ფაქტორების გათვალისწინება. დაუშვებელია ჩირქოვან ელემენტზე ხელით შეხება, წვალება, რადგან ამ დროს შეიძლება მიძინებული ეპიდერმალური სტაფილოკოკი აგრესირებულ ფორმაში გადავიდეს. ხშირია შემთხვევები, როცა სახეზე არ ჰქონდა პაციენტს პათოლოგიური გამონაყარი, იყო უბრალოდ ერთეული ელემენტი, რომელიც ჰორმონალურ დისბალანსთან ან გოგონებში ხშირად მენსტრუალურ პერიოდთანაა დაკავშირებული, შეეხო პაციენტი და ერთი პატარა ელემენტი სახეზე გამრავლდა და პროგრესირდა. ეს არ შეიძლება ადამიანმა ჩათვალოს აკნედ. თუმცა ხშირ შემთხვევაში კლასიკური აკნეს ჩამოყალიბებას თავად მოზარდებიც უწყობენ ხელს.
სახლის პირობებში შედარებით ეფექტურ კანის მოვლის საშუალებებს ხომ არ დაასახელებთ?
- ძალიან ეფექტურია ალოეს ნიღბები, გვირილის ნიღბები და გვირილის გამწმენდით სახის კანის დამუშავება. ასევე ეფექტურია სხვადასხვა ანტიბიოტიკისაგან შემდგარი სანჯღრის ხმარება და ყოველ საღამოს ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური მალამოების წასმა პრობლემურ ელემენტებზე, რათა მკურნალობის კურსი იყოს სრულფასოვანი.