ზაფხულში მწერები დიდ პრობლემებსა თუ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. განსაკუთრებულად ზარალდებიან ალერგიული პაციენტები, რომელთაც მეტი საშიშროება ელით, თუმცა ამ რისკის ქვეშ შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს.
ცოტა ხნის წინ ბევრი ადამიანი შეაშინა დასავლეთ საქართველოში კრაზანების მომრავლებამ. ისინი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა მწერის კბენა, ამბობენ, რომ თავიდან კოღოს ნაკბენებივით დააყარათ კანზე, იწყება ალერგია, შემდეგ შეშუპება და სახე სივდება, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს ყელის შეშუპებაც. ამიტომ დროული რეაგირება აუცილებელია.
რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მწერებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მწერმა არ გვიკბინოს და რა უნდა მოვიმოქმედოთ ნაკბენის დროს - ამ თემაზე AMBEBI.GE-ს კითხვებს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი მადონა დევიძე პასუხობს:
"ინსექტური ალერგია მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიული რეაქციაა. რომელ მწერს შეუძლია გამოიწვიოს ინსექტური ალერგია? ამას ყველა მწერის ნაკბენი არ იწვევს... ალერგიისას, ამა თუ იმ მწერის შხამის მიმართ იმუნოლოგიური მექანიზმები ირთვება, ანტისხეულები გამომუშავდება, რაც იმუნიტეტს მთელი ცხოვრება ახსოვს და ყოველ ჯერზე, როცა კი ადამიანს შხამიანი მწერი უკბენს, აუცილებლად ექნება რეაქცია. ეს რთული იმუნოლოგიური პროცესია.
ალერგია ძირითადად ნესტრიანსა და მკბენარ მწერებზე ხდება.
ნესტრიან მწერებს მიეკუთვნება: ფუტკარი, ბზიკი, ნესტრიანი ჭიანჭველა (ჩვენთან ნაკლებადაა გავრცელებული).
მკბენარი მწერებია: კოღო, რწყილი, ზოგიერთი ბუზი.
ექიმი გვიხსნის იმასაც, თუ რა სიმპტომებით ვლინდება მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია:
"მწერის ნაკბენზე რეაქცია ადგილობრივად, კანის სიწითლით, შეშუპებით ვლინდება. ეს ფიზიოლოგიურ რეაქციად ითვლება, მაგრამ თუკი ნაკბენის რეაქცია 10 სმ-ზე მეტია, გარდა იმ ადგილისა, სადაც სიწითლე და შეშუპებაა, ადამიანს სხვა ნაწილებიც უშუპდება, მაგალითად, ტუჩი, თვალი, ყური. ამასთან, პარალელურად თუ მთელ სხეულზე ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარიც აქვს, ხმის ტემბრი ეცვლება, სუნთქვა უჭირს, მუცელი სტკივა, აღებინებს, უვითარდება დიარეა, წნევა ეცემა და გონებას კარგავს - ეს უკვე პათოლოგიური და ძლიერი ალერგიული რეაქციაა. გაგრძელება