ქერტლი პირველად 10 თვის წინ გამიჩნდა. თავიდან ყველაფერი მარტივად წარმომედგინა - ვიყიდე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი და ველოდი, რომ ქერტლი გაქრებოდა. თუმცა, რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ბრძოლა უშედეგო იყო და საუკეთესო დერმატოლოგების მოძიება დავიწყე. პარალელურად ვეცნობოდი უამრავ ინფორმაციას და მალევე მივხვდი, რომ ქერტლი რომელიმე დაავადების ექსტერნალური გამოხატულებაა და უნდა ვებრძოლოთ არა ქერტლს, არამედ - მის გამომწვევ მიზეზს.
ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ჩემი ვიზიტი კრახით დასრულდა. სულ ტყუილად დაიმედებული წამოვედი სახლში. ექიმმა რამდენიმე შამპუნი „გამომიწერა“ და დამპირდა, ერთ თვეში ყველაფერი ალაგდებაო. თუმცა, ერთი თვის შემდეგ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდექი - ვატყობდი, რომ კომპლექსი გამიჩნდა, ვერ ვიცვამდი მუქი ფერის ტანსაცმელს, ვერ ვიჭრიდი თმას. მეგონა, რომ ყველა თმაზე მიყურებდა...
საბოლოოდ, ბევრი ფიქრისა და რჩევების მოსმენის შემდეგ ერთ პატარა კლინიკაში აღმოვჩნდი და სწორედ აქ მივხვდი, რომ საქმე მარტივად არ იყო და ჩემს დიაგნოზს სახელი ერქვა - სებორეული დერმატიტი, მოფერებით, სებორეა.
სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბი პროდუქციაა. ცხიმის გამომუშავებაზე კი ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას: ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა, გარემო ფაქტორები, კვების თავისებურებანი, სტრესი, ზოგიერთი მედიკამენტი, ენდოკრინული, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დაავადებები. ამიტომ, დანამდვილებით არავინ იცის, რა არის სებორეის გამომწვევი მიზეზი - ჩემს შემთხვევაში იყო სტრესი და არაჯანსაღი საკვები.
თუ გვინდა,რომ ქერტლი დავამარცხოთ:
- უნდა მოვიწესრიგოთ კვების რაციონი (დაივიწყეთ მზესუმზირა, „ფასთ ფუდი“, ცხარე, ცხიმიანი საკვები და ეცადეთ, შეზღუდოთ ტკბილეული);
- არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა;
- თმა დაიბანეთ ნელ-თბილი წყლით (არ გამოიყენოთ ნიღბები, კონდიციონერი და ა.შ.);
- დაიბანეთ სპეციალური შამპუნით (გააჩნია, რას დაგინიშნავთ ექიმი - მე „სულსენს“ ვიყენებ);
- და რაც მთავარია, ესტუმრეთ დერმატოლოგს და ის სირთულის მიხედვით დაგინიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას.
გაითვალისწინეთ: ქერტლის მიზეზი ყოველთვის სებორეა არ არის. რაც შეეხება სებორეას, ის ქრონიკული დაავადებაა და ახასიათებს რეციდივი. თუმცა, თუ მის მართვას ისწავლით, ის არასოდეს შეგიქმნით დისკომფორტს.