აკნე საკმაოდ გავრცელებული კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა. ადამიანების უმრავლესობას ეს პრობლემა გარდატეხის ასაკში აქვს, მაგრამ არცთუ ისე იშვიათად, ცხიმოვანი ჯირკვლების ეს პათოლოგია ზრდასრულებშიც გვხვდება. ყველაზე ხშირად აკნეს პროვოცირება გარდატეხის პერიოდს და მის თანმხლებ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ - ჰორმონალური ფონის ცვლილებას, სასქესო ჰორმონების - ანდროგენების მატებას. პრობლემა წარმოიქმნება თმის ფოლიკულების ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით დახშობის შედეგად. ეს პროცესი Propionibacterium acnes ბაქტერიისთვის ძალიან ხელსაყრელ პირობას ქმნის და ხშირად ანთებითი პროცესის პროვოცირებას ახდენს.
აკნეს გამომწვევ მიზეზებსა და მოვლის წესზე დერმატოლოგი ნინო ოთარაშვილი ესაუბრა "მარაოს" რედაქციას.
- რა ასაკიდან ვლინდება აკნე?
- აკნე წარმოადგენს ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით დაავადებას, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ყველა ასაკში, როგორც ჩვილობაში, ასევე მოზარდებსა და მოზრდილებში. ძირითადად, ვლინდება სხვადასხვა მორფოლოგიური ელემენტით. ესენი შეიძლება იყოს ძირითადად პაპულები, პუსტულები. ძალიან სავალალო არის პოსტაკნე ნარჩენი მოვლენები, რომლებიც წარმოდგენილი არის პოსტაკნე ნაწიბურების და ლაქების სახით. აკნეს გამომწვევს პროპიუმ ბაქტერია ეწოდება, რომელსაც ძირითადად ვებრძვით, ანუ მისი გააქტიურების შედეგად იწყება დაავადება და წარმოჩინდება მისი კლინიკა.
- მხოლოდ პროპიუმ ბაქტერია იწვევს აკნეს?
- აკნეს ძირითად მიზეზად ითვლება პროპიუმ ბაქტერია, თუმცა კანზე არსებული ეპიდერმული სტაფილოკოკი ამძიმებს კლინიკას, იწვევს ამ დაავადების გართულებას. შესაბამისად, აუცილებელია, ამ შემთხვევაში კანს ეს ფორაც მოვაშოროთ.
- ლოყებზე მომიმრავლდა მუწუკები. შესაძლებელია აკნე მქონდეს?
- აკნეს გამონაყარი, ძირითადად, ლოკალიზებული არის იმ ადგილებში, სადაც არის ჭარბად ცხიმოვანი ჯირკვლები. ეს არის სახე, გულ-მკერდის არე, ზურგის არე; ხშირ შემთხვევაში მხრებიც არის ჩართული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დიდი ალბათობით, იყოს აკნე, თუმცა გამოსარიცხია ვარდისფერი აკნე, ე.წ. როზაცია, რომელსაც სხვა მექანიზმი ახასიათებს. ამ შემთხვევაში გარკვეული სპეციფიკური მკურნალობა არის ჩასატარებელი.
- რამდენად განკურნებადია აკნე?
- საკმაოდ რთულად ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ჰორმონების დისბალანსი, როდესაც აუცილებელია გინეკოლოგის ჩართულობაც. შესაძლებელია იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა. ხშირ შემთხვევაში, პაციენტების მომართვიანობიდან გამოდინარე, მიზეზის დადგენა არ ხდება და შესაბამისად, მძიმედ ექვემდებარება მკურნალობას. თუკი პაციენტის შემთხვევაში სწორად დავადგენთ მიზეზს, შემდეგ დაიცავს მკურნალობის ეტაპებს, შედეგად ხანგრძლივ რემისიას მივიღებთ.
- რა ტიპის კოსმეტიკა გამოვიყენო ყოველდღიურად აკნეს შესანიღბად?
- პირველ რიგში, საჭიროა კანის ტიპის სწორად დიაგნოსტირება, რადგან ხშირად ხელშემწყობი არის ცხიმიანი კანი, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა საკმაოდ აქტიურია; ასევე - კომბინირებული კანის შემთხვევაში. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კანი არის მშრალი, მგრძნობიარე ან ნორმალური. სწორედ იმ ტიპის კანის შესაბამისი კოსმეტიკური მოვლის საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს. ითვლება, რომ გარკვეული კომედოგენური ტონალური საცხები, რუჟები იწვევს აკნეს გამწვავებას, ვინაიდან დამატებით ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჩაკეტვა, რაც ამძიმებს კლინიკას. ამიტომ კონკრეტულად უნდა შეირჩეს კანის მიხედვით საჭირო კოსმეტიკური საშუალება.
- შესაძლოა აკნე რძის პროდუქტებით იყოს გამოწვეული?
- რძის პროდუქტები ვერ ჩაითვლება აკნეს მაპროვოცირებელ პროდუქტებად, თუმცა შესაძლებელია გარკვეული პაციენტის დაკვირვების შემთხვევაში აკნეს გამომწვევად სწორედ რძის პროდუქტი ჩაითვალოს. რასაკვირველია, ძირითადი მკურნალობის თანხლებით ამ პროდუქტების კვების რაციონში შემცირება უნდა მოხდეს აკნეს დროული პრევენციისათვის.
- რომელი პროდუქტები შევზღუდო აკნეს შემთხვევაში?
- ხშირ შემთხვევაში პაციენტები თვითონ აკავშირებენ თავიანთ გამონაყარის გამოწვევის მიზეზებს გარკვეულ პროდუქტებთან. ძირითადად, მაპროვოცირებელი არის მზესუმზირა, მიწის თხილი, ნიგვზიანი. პროდუქტების გარდა, მტვრიანი გარემო, ოფლიანობის მომატება.
- შეიძლება სახის ჯაგრისითა და სპირტით დავიმუშაო აკნეს მიდამო?
- სპირტით დამუშავება არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება ჯაგრისების გამოყენებას, მექანიკურ პილინგს, როდესაც მწვავე გამონაყართან გვაქვს საქმე, რასაკვირველია, კატეგორიულად იკრძალება მისი გამოყენება, იმიტომ, რომ ხდება ელემენტების დაზიანება და ხდება ჯანსაღ კანზე გადატანა. ასე რომ, პილინგის და ჯაგრისის გამოყენება უნდა მოხდეს მწვავე ანთებადი პროცესის გაქრობის შემდეგ, როდესაც რჩება უმნიშვნელო ლაქები და ისიც აუცილებლად დიდი სიფრთხილით.
- რამდენად საშიშია აკნე ორსულებში?
- ორსულობის პერიოდში აკნეს განვითარება ხშირ შემთხვევაში პირველი ეპიზოდია და ამ დროს სასქესო ჰორმონების დისბალანსია მიზეზი. ორგანიზმის გადაწყობა ხდება სხვა რეჟიმზე. მშობიარობის პერიოდში აკნეს ჩვილზე გადასვლა არ ხდება, თუმცა ჩვილზე აკნეს განვითარება დამოუკიდებლად ხდება.
- პრევენციის რა ზომებს მივმართო აკნეს შემთხვევაში?
- აკნეს შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძილის სწორი რეჟიმი, კვების სწორი რეჟიმი, მოვლის სწორი რეჟიმი ძირითად მკურნალობასთან ერთად. პრევენციის აუცილებელი ზომები სწორედ ამაში მდგომარეობს.