უთმო სხეულის ტენდენცია ევროპაში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გავრცელდა და 21-ე საუკუნეში ეპილაცია ყველაზე გავრცელებული დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურაა. ასეა საქართველოშიც. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების ერთ-ერთი მთავარი მომსახურება სწორედ ლაზერული ეპილაციაა. თუმცა მათი უმეტესობა მომხმარებელს კვალიფიციურ მომსახურებას ვერ სთავაზობს. მრავალფეროვანი შეთავაზებიდან სწორი არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთულია. სწორედ ამიტომ ახლა გთავაზობთ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც ეფექტური ეპილაციის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა იცოდეთ.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიკეთო ეპილაცია?
საწყის ეტაპზე პროცედურებს შორის შუალედი უნდა იყოს დაახლოებით 1 თვე. 3-4 პროცედურის შემდეგ კი შუალედი თვე-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს. თვეზე ადრე პროცედურის ჩატარებას აზრი არ აქვს. თმის და ფოლეკულის ზრდა-განვითარებას აქვს თავისი ციკლი, რომელიც უნდა შევუსაბამოთ ლაზერული ეპილაციის პროცედურებს. პროცედურას მყისიერი შედეგი არ აქვს, კაპილარის გახურებით და მოკვდინებით ფოლეკულის კვება წყდება, რის შემდეგაც თმა ნელ-ნელა იწყებს ცვენას. დაახლოებით 2 კვირა არის საჭირო, რომ კარგად გაკეთებულმა ეპილაციამ იმოქმედოს და ეს პროცესიც რამდენიმე დღე გრძელდება. შესაბამისად, 3 კვირაში განმეორებითი პროცედურის ჩატარება არასწორი გადაწყვეტილებაა. 3 კვირაში პროცედურაზე იბარებენ ისეთ ესთეტიკურ ცენტრებში, რომლებიც დაბალი ინტენსივობოს სხივით მუშაობენ და ის არ არის საკმარისი, რომ თმა საბოლოოდ დაცვივდეს. შესაბამისად, სხივის დამატებაა საჭირო და სწორედ ამიტომ იბარებენ პაციენტებს მოკლე შუალედით.
რამდენი პროცედურა არის საჭირო საბოლოო შედეგის მისაღებად?
ეს დიდწილად დამოკიდებულია ეპილაციის აპარატსა და მის სიძლიერებზე. თუ პროცედურას მაღალი ხარისხის ლაზერული აპარატით იკეთებთ, თმის საბოლოოდ მოსაშორებლად 5-10 პროცედურაა საჭირო. თითოეულ პროცედურაზე ხდება 10-დან 20%-მდე აქტიური ფოლიკულის განადგურება სამკურნალო არეში. შესაბამისად, 5-დან 10 პროცედურამდე არის საჭირო, რომ სამკურნალო არე გათავისუფლდეს ზედმეტი თმისგან. მაგალითად, ერთ-ერთ ესთეტიკურ ცენტრში, რომელშიც Lumenis-ის ლაზერული აპარატით მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ მათ პაციენტებს 6-8 პროცედურა სჭირდებათ სტაბილური შედეგის მისაღწევად. ამის შემდეგ კი წელიწადში ერთხელ შემანარჩუნებელი პროცედურების ჩატარებაა საჭირო.
როგორ გავიგო, ალექსანდრიტი უფრო ეფექტური იქნება ჩემთვის, დიოდი თუ სამსხივიანი ლაზერული ეპილაცია?
სხვადასხვა ტიპის ლაზერულ სხივს შორის განსხვავება არის სხივის სიგრძე. იაგის სხივი არის ყველაზე გრძელი და მისი სიგრძე 1060-1064 ნანომეტრია. ის განსაკუთრებით ეფექტურია მუქი შეფერილობის კანზე. დიოდი არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი და საშუალო შეფერილობის კანზე გამოიყენება. ალექსანდრიტის სხივი კი 755 ნანომეტრი სიგრძისაა და მას განსაკუთრებით ღია შეფერილობის კანზე გამოიყენებენ. ის უფრო ეფექტურია, როდესაც ღია კანსა და მუქი ფერის თმასთან გვაქვს საქმე.
საქართველოში უმეტესად მე-3-მე-4 ტიპის კანი გვხვდება, სადაც კანიცა და თმაც ცოტა მუქია. სწორედ ამიტომ ქართველებისთვის ეფექტურია დიოდი ან რამდენიმესხივიანი ეპილაცია, რომელიც შეიცავს დიოდსაც.
ეპილაციის გაკეთებამდე საჭიროა თუ არა გაპარსვა და შეიძლება თუ არა პროცედურებს შორის დამუშავებული არეების გაპარსვა?
დიოდური ეპილაციის გაკეთებამდე დასამუშავებელი არე უნდა გაიპარსოს, რადგან როდესაც კანის ზედაპირზე დიდი თმაა, სხივი დიდწილად მასზე მოქმედებს და არა ფოლეკულებზე. შესაბამისად, კანის დაწვის შანსი მატულობს, ხოლო ეპილაციის ეფექტი იკლებს. თუმცა არ შეიძლება თმის ცვილით, ეპილატორით ან პინცეტით მოშორება პროცედურამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცედურებს შორის გაპარსვა ეპილაციის სამკურნალო ეფექტს არ ამცირებს.
მტკივნეული უნდა იყოს თუ არა პროცედურა?
მკურნალობა მტკივნეული არ უნდა იყოს. ტკივილის შემთხვევაში პაციენტმა ექიმს ამის შესახებ უნდა შეატყობინოს. ტკივილის შეგრძნება დიდწილად დამოკიდებულია ლაზერული აპარატის გაგრილების სისტემაზე. თუ მას კარგი გაგრილების სისტემა აქვს, ტკივილი არ უნდა იგრძნოთ. ძირითადად, ორი ტიპის - კრიო და ფრეონის გაგრილების სისტემები გვხვდება. ყველაზე უსაფრთხო კრიო სისტემაა, რადგან ფრეონი კანს მეტ-ნაკლებად აზიანებს. ასევე, არსებობს საფირის და რკინის კონტაქტური გაგრილებები, მაგრამ ამ ტიპის აპარატები დიდი ზონების დამუშავების დროს თბება და ტკივილის შეგრძნება მატულობს. ყველაზე უმტკივნეულო კი ვაკუუმის დახმარებით ჩატარებული პროცედურაა, რადგან კანში იფანტება მელანინი, იბლოკება ნერვული დაბოლოებები და დიდი სისხლძარღვები.
როგორ ავარჩიო ესთეტიკური ცენტრი, სადაც ეპილაციას გავიკეთებ?
ეპილაცია ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია სხივების თქვენი მონაცემების მიხედვით დარეგულირება. სწორედ ამიტომ შეარჩიეთ ცენტრები, რომლებიც ისეთი აპარატით მუშაობენ, რომელსაც სხვადასხვა სხივის ცალ-ცალკე დარეგულირების შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, საქართველოში ხელმისაწვდომ აპარატებს შორის საუკეთესოა ორსხივიანი
SPLENDOR X, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, დაარეგულიროს თითოეული სხივის სიმძლავრე ცალ-ცალკე და ამით კანის დაზიანების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს, შედეგი კი მაქსიმუმამდე გაზარდოს. ასევე, ძალიან ეფექტურია
Lumenis Lightsheer DUET, რომელიც ვაკუუმ თავაკის დახმარებით, მაქსიმალურ შედეგს გვაძლევს.
ასევე, სასურველია თქვენ მიერ შერჩეულ აპარატს ჰქონდეს ოთხკუთხედი გასროლის არე. მრგვალი გასროლის არის შემთხვევაში კანის ზედაპირზე მუშაობის დროს ან უნდა გადაფარო ზონა, ან უნდა გამოტოვო. კვადრატების შემთხვევაში კი არც ზონის გამოტოვება ხდება და არც გადაფარვა, რაც ბევრად უსაფრთხოა. მეორე მხრივ, მრგვალი გასროლის არე მაქსიმალურ ენერგიას აღწევს კენწეროში, რაც საკმაოდ პატარა ზომისაა. კვადრატის შემთხვევაში ის განლაგებულია ზედაპირზე, შესაბამისად, ზომის მოცულობა არ იკარგება.
მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, როგორი აპარატით მუშაობენ, იკითხეთ, ექიმი გაგიკეთებთ ეპილაციას თუ არა. ეპილაცია ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია პროცედურა ექიმმა-დერმატოლოგმა ჩაატაროს.