საკვები პროდუქტები ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს. მათი ზეგავლენა განსაკუთრებით იზრდება მენსტრუაციის პერიოდში, როცა ქალის ორგანიზმში ისედაც უამრავი ცვლილება ხდება.
სტრესს, უხასიათობას, უსიამოვნო შეგრძნებებს სხვადასხვა გზით ვუმკლავდებით ხოლმე, მათ შორის, სასურველი საკვების მიღებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომლის მიღებაც მენსტრუაციის დროს არ შეიძლება.
რა არ უნდა მივირთვათ
1. გაზიანი სასმელები
- გაზიანი სასმელები, რომლებიც შაქრის დიდი შემცველობით გამოირჩევა, ზოგადად, არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ექიმები მათ მიღებას მენსტრუაციის დროს განსაკუთრებით არ გვირჩევენ. ასევე უნდა მოვერიდოთ მინერალურ სასმელებსაც, რადგან გაზების დაგროვებას ისინიც უწყობს ხელს, რაც მენსტრუაციის დროს ორმაგად უსიამოვნო შეგრძნებაა.
ასევე, გაზების დაგროვებას უწყობს ხელს მარილიანი საჭმელი (კრეკერები, ჩიფსები...) და პარკოსნები (ლობიო, ბარდა...). ასე რომ, აჯობებს, მათაც მოერიდოთ.
2. შემწვარი საკვები
- მოერიდეთ ცხიმში შემწვარ საჭმელს. ტრანსცხიმებით მდიდარი საკვების მიღებამ გაძლიერებული ტკივილი და ანთებითი პროცესებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.
3. კოფეინი
- თუკი ყავა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, დაუკვირდით, მენსტრუაციის დროს როგორ გრძნობთ თავს? კოფეინი არტერიულ წნევას მაღლა სწევს და გულისცემას აჩქარებს, რამაც შეიძლება მენსტრუაციისთვის სიმპტომები მეტად გააძლიეროს და აუტანელი გახადოს.
რა უნდა მივირთვათ
1. ფოთლოვანი მცენარეები, მწვანილები
მენსტრუაციის დროს ორგანიზმში რკინის შემცველობა შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს, ამიტომ ექიმები რკინით მდიდარი საკვების მიღებას გვირჩევენ. მაგალითად, ფოთლოვანი მცენარეები: სალათის ფურცლები, ისპანახი და სხვ.
ასევე, „მწვანეულში“ შეიტანეთ ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი. იგი ყველა იმ საკვებ ნივთიერებას (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და A, C, B6, E ვიტამინები) შეიცავს, რომლებიც მენსტრუაციის სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს.
2. ფორთოხალი, ბანანი, საზამთრო
ციტრუსები კალციუმსა და D ვიტამინს შეიცავს, რომელთა კომბინაციაც მენსტრუაციის დროს დეპრესიის, შფოთვისა და უხასიათობისგან გიხსნით.
როცა ხასიათის გამოსწორებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბანანი არ უნდა დაგვავიწყდეს. B6 ვიტამინით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი ეს ტროპიკული ხილი საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს.
საზამთრო იდეალურია მენსტრუაციის დროს: ბუნებრივად ტკბილია, გემრიელია, სისუსტესა და დაღლილობას ხსნის.
3. შავი შოკოლადი
შეიძლება ამ სიაში ყველაზე მეტად სწორედ შოკოლადის ნახვამ გაგახარათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ მუქ შოკოლადს (კაკაოს მაღალი, 60% ან მეტი შემცველობით) უნდა ენდოთ. შავი შოკოლადი მაგნიუმის წყაროა, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, რაც ნამდვილად არ გვაკლია მენსტრუაციის დროს.
მარიამ ტურძილაძე