საქართველოში გუშინ კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 12 წლისაა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა მსუბუქია.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი ბავშვებში ნაკლებად ფიქსირდება, თუმცა პედიატრები მშობლებს აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.
ცნობილმა პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" აღნიშნა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, სახლში მისვლის შემდეგ მშობლებმა ბავშვებთან მიახლოებამდე ყველა ჰიგიენური წესი დაიცვან.
როგორც მამუჩიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, პატარები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული დისტანცია.
"ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის საერთო. მე მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ქუჩიდან შემოსულები ნუ აკოცებთ ბავშვებს, ნუ მიხვალთ მათთან იმ ტანსაცმლით, რომლითაც ქუჩაში იყავით, ნუ შეეხებით ბავშვებს დაუბანელი ხელებით, ნუ გადაკოცნით.
გამოიცვალეთ, დაიბანეთ ხელი, იხმარეთ სადეზინფექციო ხსნარი და ასე მიუახლოვდით პატარებს, თუმცა აქაც გადაკოცნისგან და ჩაკოცვნისგან თავი უნდა შევიკავოთ. ქუჩაშიც უცხო ადამიანებმა იციან, ლოყაზე ბავშვს მოუთათუნებენ ხოლმე. ეს დაუშვებელია.
არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ პატარები ღია ცის ქვეშ ატარონ, ასეირნონ, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება. დაახლოებით მეტრანახევარი-ორი მეტრით ნუ მიუახლოვდება ნურავინ ბავშვს" - აღნიშნა მამუჩიშვილმა. გაგრძელება