კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 246,804-ს აღწევს, მისგან გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 000-ს აცდა. მაგრამ ვინ იყო ე.წ. პაციენტი ზერო - ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებით პირველი დაინფიცირებული და შესაძლებელია თუ არა მისი იდენტიფიკაცია?
BBC-ის ცნობით, გენეტიკური ანალიზი ვირუსის გავრცელების ხაზის გამოკვლევის საშუალებას იძლევა და არსებობს შესაძლებლობა, მეცნიერებმა იმ პირთა იდენტიფიკაცია მოახდინონ, რომლებმაც დაავადების გადაცემა პირველებმა დაიწყეს.
ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული "ნულოვანი პაციენტი" - მთავარი ჰიპოთეზები ვირუსის პირველ წყაროზე
ჯერჯერობით დაზუსტებით არავინ იცის, თუ ვინ იყო COVID 19-ის "ნულოვანი პაციენტი". ჩინელმა თანამდებობის პირებმა თავიდან გამოაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 დეკემბერს დაფიქსირდა, პნევმონიის მაგვარი ინფექციის ბევრი შემთხვევა კი მაშინვე უხანის ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზარს დაუკავშირდა.
თუმცა, ჩინელი მკვლევარები კვლევაში, რომელიც ლანსეტის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, ამტკიცებენ, რომ COVID 19-ის დიაგნოზი პირველ ადამიანს 2019 წლის 1-ელ დეკემბერს დაუდგინდა და ამ პირს ბაზართან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მათი თქმით, პაციენტი ხანში შესული კაცი იყო ალცჰაიმერის დაავადებით, ის ბაზრიდან ავტობუსის 4-5 გაჩერების მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა დაავადების გამო, გარეთ თითქმის არასდროს გადიოდა.
მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ იგივე სიმპტომები შემდგომ დღეებში 3 ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის ორს ბაზართან შეხება არ ჰქონია. COVID 19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე საავადმყოფოში მოხვედრილი 41 ადამიანიდან კი, 27 მათგანი ბაზარში იმყოფებოდა.
ჰიპოთეზა, რომ ეპიდემიის აფეთქება სწორედ ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზარში დაიწყო, სადაც ცხოველმა ვირუსი ადამიანს გადასდო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველაზე რეალურ ჰიპოთეზადაა მიჩნეული.
შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს, დაავადების ასეთი მასიური აფეთქება გამოიწვიოს?
დასავლეთ აფრიკაში, 2014-2016 წლებში ებოლას აფეთქებამ 28 000 ადამიანის დაინფიცირება და 11 000 მათგანის გარდაცვალება გამოიწვია. ებოლა საერთო ჯამში, 10 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მისი აფეთქება მხოლოდ ერთი ადამიანისგან - გვინეელი 2 წლის ბიჭისგან დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როცა ხის ღრუსთან თამაშობდა, სადაც ღამურები ბუდობდნენ. გაგრძელება