მაშინ, როდესაც ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან, ალბათ, ისიც საინტერესოა, რა ხდება სხვა პროფილის მქონე კლინიკებში, იქ, სადაც ვირუსიან პაციენტებს არ მკურნალობენ, იკლო თუ არა ავადმყოფების რაოდენობამ ან რა სახის დაავადებებით აკითხავენ საავადმყოფოებს ადამიანები. ამჯერად დამწვრობის ცენტრით დავინტერესდით და ბატონ გუგა ქაშიბაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
გარდა იმისა, რომ ბატონი გუგა ექიმია, კარგად ხატავს კიდეც. ბოლო წლებში მის შემოქმედებაში კარიკატურული ჟანრის ნამუშევრებიც გაჩნდა, ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე კი მისი კარიკატურები მხოლოდ „კოვიდ 19“-ის თემას ეხება.
- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, ინფექციონისტი ხარ თუ არა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ჩართულია დაავადებასთან ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის საქციელი საბოლოოდ შედეგზე აისახება. თუ არ დავიცავთ აუცილებელ წესებს, რთულია, სტატისტიკაზე გავლენა მოახდინო. ცხადია, ამ ეტაპზე, წინა პლანზე ინფექციონისტები არიან, მაგრამ ამასთან, არც სხვა დარგის სპეციალისტები ვართ გაჩერებულნი. ბევრი პაციენტი გვყავს... ამ რთულ ვითარებაში თვეზე მეტია, ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობ, რომ ჩვენი კლინიკა იზოლაციაშია და პაციენტები მედპერსონალის გარეშეა დარჩენილი...
- როგორც ჩანს, მძიმე რეალობა უკვე ყველაფერზე ახდენს გავლენას, ამ შემთხვევაში სიზმარზეც...
- კი. დამწვრობის ცენტრი ამ მიმართულებით ერთადერთი სერვისია ქვეყანაში და ფაქტია, რომ ძალიან ბევრია სანერვიულო. ფრთხილად ვართ. რამდენად გამოგვდის, არ ვიცი. მხოლოდ ექიმები კი არა, სადღაც გამომძიებლის ფუნქციაც შევითავსეთ. დიდი დრო მიაქვს გამოკითხვას, ანამნეზის შეკრებას. არის კატეგორია, რომელსაც სიმართლეს მარტივად ვერ ათქმევინებ. ექიმებს დაკვირვებული თვალი კი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაასმაგებულია ყურადღება... ძალიან შეიცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი. უცხოპლანეტელების შემოსვლას უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე იმას, რაც ახლა სამყაროში ხდება.
მაგრამ რას ვიზამთ, რაც უფრო ადრე შევეგუებით და მივიღებთ ამ რეალობას, უკეთესი იქნება.
- პაციენტების რაოდენობა შეგიმცირდათ?
- ჩვენთან პაციენტების რაოდენობამ მოიმატა. დამწვრობის ცენტრი დიდი დატვირთვით მუშაობს. დადგინდა, რომ ამ პერიოდში დამწვრობას განსაკუთრებით ბავშვები ღებულობენ, რადგანაც სახლში უწევთ ყოფნა. რაც უფრო ხშირად ვართ სახლში, მით მეტ დროს ვატარებთ სამზარეულოში და ხშირად ტრავმებს იქ ვღებულობთ. სამზარეულო სახლში ტრავმებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია.
მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ფრთხილად იყვნენ - ახლა მართალია, ყურადღება გლობალურ საფრთხეებზეა გადატანილი, მაგრამ ნუ მოდუნდებიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ ირგვლივ პატარა-პატარა საფრთხეებიც არსებობს.
- ბოლო პერიოდის შემთხვევებიდან რა იყო ისეთი, რამაც თქვენი ყურადღება გამორჩეულად მიიქცია?
- ყველა შემთხვევა განსაკუთრებულია, თუმცა იყო ასეთი, როცა პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილ-დამუშავებული, მაგრამ სიგარეტს მოუკიდა და აუალდა. გულმოდგინება კარგია, მაგრამ თუ ამას არასწორ მიმართულებას მისცემთ, არასახარბიელო შედეგიც მოაქვს.
იყო ასეთი ფაქტებიც, როცა სადღაც გაიგეს, რომ კორონავირუსისთვის ცხელი წყლის მიღებაა კარგიო და დამდუღრული პაციენტებიც გვყავდა. ტუჩები, საყლაპავი დაიწვეს. როდესაც ამ ვირუსთან დაკავშირებით გაურკვეველია სიტუაცია, ასეთ დროს ალბათ ადამიანს ყველაფრის სჯერა... ფაქტია, რომ ამ COVID 19-ს ძალიან ბევრი ბუნდოვანება ახასიათებს და უამრავი მოსაზრებაა მასზე გაჩენილი. თან, რაც დრო გადის, კიდევ უფრო იხლართება რაღაცები. გაგრძელება