ჰემოროიდული დაავადება, ანუ ბუასილი, ზრდასრულ პოპულაციაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა: ყოველ მესამე ადამიანს ცხოვრების მანძილზე, სულ მცირე, ერთი ეპიზოდი მაინც აქვს გამოცდილი, 40 წელს გადაცილებულ პირებში კი განმეორებითი ეპიზოდების სიხშირე მაღალია. მიუხედავად შემაწუხებელი სიმპტომებისა, პაციენტების დიდი ნაწილი აღნიშნული პრობლემით ექიმთან მიმართვას თავს არიდებს და თვითმკურნალობას მისდევს. ეს კი არასასურველი შედეგების და გართულებების საფუძველი ხდება. თუ როგორ უნდა მოხდეს ბუასილის ამოცნობა და მკურნალობა, ამის შესახებ შპს კლინიკა „ინიციოს“ პროქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი-პროქტოლოგი ბექა კევლიშვილი გვესაუბრება.
სისხლდენა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სიმპტომია. ბუასილის დროს სისხლდენას ალისფერი შეფერილობა აქვს, დეფეკაციის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ვითარდება და ფეკალურ მასებთან შერეული არ არის. პაციენტმა სისხლის წვეთები ტუალეტის ქაღალდზე ან საპირფარეშოში შეიძლება აღმოაჩინოს. ბუასილით გამოწვეული სისხლდენა ინტენსიური არ არის, მაგრამ ხანგრძლივად მიმდინარეობის შემთხვევაში სისხლნაკლებობის, ანუ ანემიის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც მდგომარეობის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია.
სისხლდენის არსებობა იმითაც არის საყურადღებო, რომ მისი მიზეზი არა ბუასილი, არამედ სხვა კიდევ უფრო სერიოზული დაავადება, მაგალითად, სიმსივნე შეიძლება იყოს, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. ამრიგად, სისხლდენის აღმოჩენის შემთხვევაში მისი იგნორირება და ექიმთან მიმართვის დაყოვნება ყოვლად დაუშვებელია!
ბუასილის უხშირეს გამოვლინებებს სისხლდენასთან ერთად უკანა ტანის არეში ტკივილი და დისკომფორტიც მიეკუთვნება, რომლებიც ასევე დეფეკაციის აქტთან არის კავშირში. ტკივილი, როგორც წესი, ნაკლებად ინტენსიურია. ძლიერი ტკივილის აღმოცენება კვანძების ანთებაზე, თრომბოზზე ან ჩაჭედვაზე შეიძლება მიანიშნებდეს.
უკანა ტანის არეში უცხო სხეულის შეგრძნება ბუასილის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. თუმცა კვანძი, რომელიც ხელით ისინჯება, დაავადების მომდევნო ეტაპზე იჩენს თავს. თავდაპირველად კვანძი თვითნებურად ან ხელით ჩასწორებას ექვემდებარება, მოგვიანებით კი ის შეიძლება ჩაიჭედოს კიდევაც, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების პირველად აღმოცენების შემთხვევაში ექიმთან მიმართვა აუცილებელია. ყოვლად დაუშვებელია სიმპტომების იგნორირება ან თვითნებური დაუსაბუთებელი მკურნალობის ჩატარება, რაც სამწუხაროდ, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ხდება. ეს კი ბუასილის გართულების ან სხვა საყურადღებო დაავადების გამორჩენის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
რაც შეეხება უკვე დიაგნოსტირებულ პაციენტებს, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბუასილის მკურნალობის ზოგადი რეკომენდაციები ცხოვრების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და უნდა იცოდნენ იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ პრობლემის გამწვავების შემთხვევაში.
კონსერვატიული მკურნალობა ადგილობრივი და სისტემური მოქმედების საშუალებებს მოიაზრებს. ადგილობრივი საშუალებები, როგორებიცაა რექტული სანთლები, მალამოები, აბაზანები, დღეს ძალიან ფართოდ გამოიყენება როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე თვითნებურად - პაციენტების მიერ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომების დროებით შემსუბუქებას ემსახურება. ბუასილის ეფექტური მკურნალობა კი აუცილებლად დაავადების პათოლოგიურ მექანიზმებზე სისტემურ ზემოქმედებას საჭიროებს. სწორედ ამგვარ სისტემურ მკურნალობას მიეკუთვნება ვენოტონური პრეპარატები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ ცალკე ან ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ბუასილის მკურნალობისთვის. ვენოტონური პრეპარატების შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის მტკიცებულებები და რეკომენდაციების დონე, რომლებიც მედიკამენტებს გააჩნია. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე აქტიურად მიკრონიზებულ დაწმენდილ ფლავონოიდურ ფრაქციას ვიყენებთ ფრანგული ორიგინალი ბრენდის - დეტრალექსი 1000 მგ-ის სახით, რომელსაც ყველაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებები და რეკომენდაცია გააჩნია საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. დეტრალექსი ბუასილის ძირითად პათოლოგიურ მექანიზმებზე მოქმედებს, აქვს გამორჩეული დამზადების ფორმა და შემადგენლობა. შედეგად, ეფექტურად ხსნის დაავადების შემაწუხებელ სიმპტომებს და ამასთან, ხელს უშლის განმეორებითი ეპიზოდების განვითარებას. მწვავე შეტევების მოსახსნელად ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება დეტრალექსის ახალი - 18-ტაბლეტიანი შეფუთვა, რომელიც პრეპარატის ზუსტად საჭირო რაოდენობას მოიცავს კოლოფზე დატანებული დოზირების სქემით, რაც ძალიან უმარტივებს პაციენტებს, ზუსტი სქემით ჩაიტარონ მკურნალობა.
რომ შევაჯამოთ, დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე სასურველია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რათა გამოირიცხოს სიმპტომების გამომწვევი სხვა სერიოზული დაავადებები და თავიდან იქნეს აცილებული ბუასილის გართულებები. ადრეულ ეტაპზე მკურნალობა არის მარტივი და მხოლოდ თერაპიულ საშუალებებს მოიცავს. ჩვენი გამოცდილებით, ადგილობრივი საშუალებებისა და ვენოტონური მედიკამენტის კომბინაცია პაციენტების სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობას გვაძლევს.