საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, არომატული და გემრიელი ხილია, რომელიც ხშირად ზამთარშიც გვენატრება. თუმცა არსებობს მდგომარეობები, როდესაც საზამთროს ჭამისაგან თავი უნდა შევიკავოთ ან მისი მიღება მინიმუმამდე შევზღუდოთ.
კარგი ხარისხის საზამთრომ გვერდითი ეფექტები არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა უკონტროლო მიღებისას შეიძლება პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, ვისაც აღენიშნება შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდკენჭოვანი დაავადება, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან ოპერაციის შემდგომი შეხორცებითი პროცესები.
საზამთროს მიღების კონტროლი სასურველია გულის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს სითხის შეკავება და შეშუპება, კოლიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობის დროს. საზამთროს გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა, კუჭის აშლილობა და მუცლის შებერილობა.
სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობისას, საზამთროს მიღება უნდა შეიზღუდოს დღეში 150 გრამამდე. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს საზამთროზე ალერგიული რეაქცია. ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება გამორიცხულია.
ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმად ითვლება დღეში 0,5 კგ-მდე საზამთროს რამდენიმე ულუფად მიღება, არაუმეტეს 250-300 გრამისა ერთ ულუფაზე.
საჭმლის მონელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია ზომიერების დაცვა.
წყარო: მკურნალი