რომელი ქალური პათოლოგიების დროს ვითარდება სპაზმი და რატომ? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ექიმ-გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორ რუსუდან ხუგაშვილს მივმართეთ.
- ქალბატონო რუსუდან, რა არის ვაგინიზმი?
- ქალებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულ სქესობრივ დარღვევებს მიეკუთვნება სქესობრივი ლტოლვის შესუსტება ან დაკარგვა, ორგაზმის განცდის სირთულეები და სპაზმური ხასიათის ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ვაგინიზმი საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების კრუნჩხვითი და ძლიერ მტკივნეული სპაზმია, რომელიც ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის სქესობრივ კონტაქტს. ის უბრალო ტკივილითაც შეიძლება გამოვლინდეს და სერიოზული წინააღმდეგობაც შექმნას საშოში ნებისმიერი სხეულის მოძრაობისთვის (გინეკოლოგიური გასინჯვა, სარკეები, ტამპონები, სქესობრივი კონტაქტი და სხვა).
კუნთების უნებლიე სპაზმი ზოგჯერ სქესობრივ აქტზე (ან გინეკოლოგიურ პროცედურაზე) უბრალო გაფიქრებისთანავე იწყება. ტკივილი გადაეცემა ბარძაყის შიგნითა ზედაპირს და თან სდევს კრუნჩხვა. ტკივილის შეგრძნება მამაკაცის ნაზი, ტაქტიანი მოქცევის შემთხვევაშიც კი იჩენს თავს. ასეთ დროს ქალი გაურბის სქესობრივ კონტაქტს, ხოლო თუ დათანხმდა (ისიც - მხოლოდ ვაგინიზმის მსუბუქი ფორმების დროს), ამას აკეთებს არასასურველი შეგრძნებების ფასად.
პათოლოგიური რეაქციის ხარისხის შესაბამისად, განასხვავებენ ვაგინიზმის რამდენიმე ფორმას:
- I ხარისხი - რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანის დროს;
- II ხარისხი - რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს შეხების ან შეხების მოლოდინის დროს;
- III ხარისხი - რეაქცია იწყება სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გასინჯვის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი.
ვაგინიზმის მქონე ქალებს არ შეუძლიათ აკონტროლონ სპაზმი. ამით ეს დაავადება შეიძლება შევადაროთ თვალების ხამხამს, როდესაც თვალში რაღაც გვივარდება.
- უმეტესად ვის ემართება ეს პათოლოგია?
- ვაგინიზმი ქალების 3-4%-ში გვხვდება. მან შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, მაგრამ უმეტესად მაინც ქალიშვილები და ახალგაზრდა ქალები უჩივიან, ჩვეულებრივ, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში. ითვლება, რომ ვაგინიზმი ხშირად აქვთ მაღალგანვითარებულ და ემოციურ, ეგზალტაციისკენ მიდრეკილ ქალბატონებს.
- რა არის ვაგინიზმის მიზეზი?
- ვაგინიზმი ხშირად დისპარეურიის (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს) შედეგია. შესაძლოა, პირიქითაც იყოს. ხშირია ამ პათოლოგიების შერწყმაც. სხვა მიზეზთაგან შეიძლება გამოვყოთ გადატანილი ფსიქიკური ან სასქესო ორგანოების ტრავმა: ზოგიერთს ვაგინიზმი პირველი სქესობივი კონტაქტის შიშის გამო ემართება, ზოგიერთს - გაუპატიურების, უხეში დეფლორაციის ან სხვა სახის ძალადობის, მათ შორის, უხეში გინეკოლოგიური გასინჯვის, ასევე - შიშის, სტრესის შედეგად. ერთ-ერთი მიზეზია ფსიქიკური დარღვევაც. ამ დროს განვითარებული ვაგინიზმი ფსევდოვაგინიზმის სახელით არის ცნობილი.
- როგორ რეაგირებენ ვაგინიზმზე მამაკაცები?
- განიცდიან, ვერ ხვდებიან, რაშია საქმე. ჰგონიათ, პარტნიორს რაღაცით აწყენინეს. როდესაც მამაკაცი დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევს, სქესობრივად სულ უფრო პასიური ხდება, ერღვევა ერექცია; თუ პარტნიორს ადანაშაულებს (ჰგონია, რომ განგებ იძაბება, რათა არ მოხდეს კოიტუსი), დროთა განმავლობაში მოთმინების ფიალა ევსება, ღიზიანდება, იწყებს სხვა ქალის ძებნას სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
- მიმართავენ თუ არა ასეთ დროს ქალები ექიმს?
- სამწუხაროდ, ბევრი ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს. ბევრი ეგუება სიტუაციას, ბევრს კი ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია. ექიმს უმეტესად ისეთი წყვილები მიმართავენ, რომლებსაც სურთ შვილის გაჩენა, მაგრამ ვაგინიზმი ბავშვის ჩასახვის საშუალებას არ აძლევთ. თუ ქალი მაინც დაორსულდა (საშოში სპერმის შემთხვევითი შეღწევისას ან მსუბუქი ვაგინიზმის დროს მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი კოიტუსისას), მშობიარობის შემდეგ ვაგინიზმისთვის დამახასიათებელი დარღვევები ქრება.
განაგრძეთ კითხვა