ენდოკრინული დაავადებების შესახებ საზოგადოებას ყოველდღიურად მიეწოდება ახალ-ახალი ინფორმაცია სპეციალური ლიტერატურის, ბეჭდური, ელექტრონული თუ სამაუწყებლო მედიით, რაც ამ პრობლემათა გახშირებაზე მიგვითითებს.
თითქმის ყველა მრავალპროფილურ კლინიკაში აუცილებელ გამოკვლევათა შორის სახელდება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, მის ჰორმონთა ანალიზი, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა და ტესტი ინსულინზე.
ამასთან, დაავადებამ ერთნაირი სიმწვავით იჩინა თავი როგორც მოზარდებში, ისე მოზრდილებსა და ბავშვებში.
განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ყველაზე აქტიურ და შრომისუნარიან ადამიანებში, რაც მათ ყოველდღიურ სტრესს, ცხოვრების დაძაბულ რიტმს, არარაციონალურ კვებას, არაორგანიზებულ შრომის, დასვენებისა და ძილის რეჟიმს უკავშირდება.
სტატისტიკური მონაცემები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი გავრცელებით შაქრიანი დიაბეტის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებენს.
- 665 მილიონზე მეტ ადამიანს გააჩნია ენდემური ჩიყვი ან სხვა რომელიმე ტიპის თირეოიდული პათოლოგია. მილიარდ-ნახევარი ადამიანი იოდდეფიციტურ კერაში ცხოვრობს და სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებისთვის რისკჯგუფს შეადგენს.
- მსოფლიოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მზარდი ტემპი შეიმჩნევა, ავადობის ყოველწლიური მაჩვენებელი 5 %-ით მატულობს.
- თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ენდოკრინულ პათოლოგიად აუტოიმუნური თირეოიდიტი მიიჩნევა, რომელიც ჰიპოთირეოზის მიზეზია – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების მანიშნებელია. ამასთან, თირეოიდული პრობლემები ყველაზე გავრცელებული აუტოიმუნური პათოლოგიებიცაა.
- განსხვავებული მონაცემებით, მსოფლიოს 15-დან 40%-მდე მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის თირეოიდული პრობლემა აღენიშნება. ზოგიერთ ენდემურ კერაში ეს მაჩვენებელი 95%-საც კი უტოლდება.
მიზეზები
ავადობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს ორი ძირითადი ფაქტორის არსებობით ხსნიან:
- სოციალური კატაკლიზმები, რაც იწვევს კვების პირობების გაუარესებას, იოდშემცველი პროდუქტების საგრძნობ შემცირებას რაციონში;
- იმ ღონისძიებათა შესუსტება, რომლებიც ჩიყვისა და იოდდეფიციტურ მდგომარეობათა პროფილაქტიკას ითვალისწინებს.
ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ბუნებრივი რადიაციის რეგიონებში, რაც კიდევ უფრო მძიმე ფორმების განვითარებას იწვევს.
თერაპიული პათოლოგიების პარალელურად, ჩიყვის ენდემურ კერებში იზრდება დაავადების კვანძოვანი ფორმები, ფარისებრ ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნების განვითარება, რაც კონსერვატიული მკურნალობის შემდგომ ხშირად ოპერაციულ მკურნალობას ითხოვს. განაგრძეთ კითხვა