ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას. ჩნდება ლოგიკური კითხვები – თუკი ჩვეულებრივი მედიკამენტის მიღებას განსაკუთრებული ჩვენება სჭირდება, რა ხდება ვაქცინაციის, ანუ აცრის დროს, საშიშია თუ არა ის ორსულისა და ნაყოფისათვის. დღეს ჩვენ შევეცდებით, აღნიშნულ საკითხებს ვუპასუხოთ.
ცოცხალი ვაქცინები
საზოგადოდ, განასხვავებენ ინაქტივირებულ და ცოცხალ ვაქცინებს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინაქტივირებული ვაქცინა შეიძლება მავნე იყოს ორსულისა და ნაყოფისათვის. ამავე დროს, არსებობს ცოცხალი ვაქცინები. ცოცხალი ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ბავშვებისა და მოზრდილებისათვის, თუმცა, შესაძლოა, მავნე იყოს განვითარებადი ნაყოფისათვის.
ორსულობის დროს მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ცოცხალი ვაქცინის მაგალითებია წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინები. ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. ამავე დროს, აღნიშნული ინფექციები ორსულობის პერიოდში საფრთხეს უქმნის ნაყოფს, იწვევს ორსულობის ცუდ გამოსავალს. ცნობილია, რომ წითელათი უფრო ხშირად ავადდებიან ორსულები, ვიდრე ის ქალები, რომლებიც არ არიან ორსულად. ამ გარემოების გათვალისწინებით, იდეალურ შემთხვევაში, ქალი აცრილი უნდა იყოს ორსულობამდე. ვაქცინაცია, ანუ აცრა უნდა დაიწყოს ბავშვობის ასაკში და ტარდებოდეს რეგულარულად, იმ ქვეყანაში მიღებული აცრების კალენდრის მიხედვით, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. სწორედ მხოლოდ ასეთი მიდგომა დაიცავს ორსულს იმ ინფექციებისაგან, რომლებიც დაავადების შემთხვევაში ხშირად ძალიან ცუდი შედეგით შეიძლება დასრულდეს დედისთვის ან ნაყოფისათვის. არსებული რეკომენდაციების თანახმად, ცოცხალი ვაქცინით აცრა, ანუ აცრა წითელა-ყბაყურა-წითურას წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს ბავშვის ჩასახვამდე 28 დღით ადრე, ხოლო ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა - 3 თვით ადრე.
თუ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქალს აქვს იმუნიტეტი წითურას მიმართ, ორსულობამდე მას უნდა ჩაუტარდეს წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა. ქალი, რომელსაც არ აქვს საბუთი, რომ ბავშვობაში ჩატარებული აქვს აცრა ეროვნული კალენდრის მიხედვით ან არის ეჭვი, რომ ის არ არის აცრილი, არის ინფიცირების რისკის ჯგუფის წარმომადგენელი. ტესტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს, აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, არის IgG ანტისხეულების ტიტრი. თუ ქალს ჩატარებული აქვს წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვაქცინის ერთი ან ორი დოზით და შრატში წითურას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების დონე არ არის მკაფიოდ დადებითი, საჭიროა აცრა ვაქცინის ერთი დამატებითი დოზით. ვიმეორებთ, რომ აცრა უნდა დასრულდეს ბავშვის ჩასახვამდე 28 დღით ადრე. გაგრძელება