ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის დღიურებიდან თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ჩანაწერი მელანია ტრამპის ბლოგიდან, რომელშიც დეტალურად აღწერდა კორონავირუსის დაინფიცირებიდან გამოჯანმრთელებამდე სტადიას. ვინაიდან მას დადებითი პასუხი მიუვიდა COVID-19-ის ტესტზე, მეუღლის და ვაჟის მსგავსად, გთავაზობთ ამონარიდს მისის ტრამპის დღიურიდან, რომელიც შესაძლოა რჩევის სახით თქვენც გამოგადგეთ.
"ორი კვირის წინ დამისვეს დიაგნოზი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ადამიანს დაუდასტურდა. მეც და ჩემს მეუღლესაც ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი ამოგვიგდო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენს ვაჟზე იყო მიმართული გონება. საბედნიეროდ, მისი პასუხის ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, მაგრამ მეც სხვა ამერიკელი მშობლების მსგავსად, არ მასვენებდა ფიქრი, რა იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ? ჩემი შიშები გამართლდა, როცა ის შეამოწმეს ხელახლა და შემდგომ მასზეც დადებითი პასუხი მივიღეთ. საბედნიეროდ, ის ძლიერი თინეიჯერია და არავითარი სიმპტომი არ გამოუვლენია. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ სამივემ ეს ერთდროულად გამოვიარეთ, შეგვეძლო ერთმანეთზე ზრუნვა და დროის ერთად გატარება. ძალიან გამიმართლა, ვინაიდან ჩემს შემთხვევაში დაავადებამ ყველაზე მინიმალური სიმპტომებით ჩაიარა. იყო ამერიკული მთების მსგავსად ჩავარდნები, დღეები, როცა მახველებდა მთელი დღე, სახსრების ტკივილს ვგრძნობდი სხეულში და თავი მტკიოდა გაუსაძლისად, თავს ვგრძნობდი გამუდმებით დაღლილად. მე გამოსაჯანმრთელებლად ბუნებრივი გზები ავირჩიე, ვსვამდი ვიტამინებს და მივირთმევდი ჯანსაღ საკვებს. საკმაოდ კარგი მომვლელებიც გვყავდა გარშემო, ექიმების გუნდზე ხომ ზედმეტია საუბარი, ექიმი კონლი და მისი გუნდი ნამდვილი პროფესიონალები არიან. ძალიან უძლურად ვგრძნობდი თავს, ვინაიდან, როგორც პირველ ლედის, მევალებოდა საზოგადოების გამხნევება და ამ დროს მე თვითონ ვიყავი მძიმე მდგომარეობაში. ექიმების შრომა ძალიან დასაფასებელია,
სიტყვა "მადლობა" კი არასაკმარისია იმ მადლიერების გამოსახატავად, რასაც ისინი ჩვენზე ზრუნვისას ავლენდნენ.
დაავადების შემდგომ აღდგენის პროცესი დასაფიქრებლად ბევრ დროს გაძლევთ. ჩემი მეუღლე უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს უოლტერ-რიდში, მე კი დიდ დროს ვატარებდი ჩვენს ოჯახზე ფიქრში. ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვინც უმწეო აღმოჩნდა ამ ვირუსთან ბრძოლაში. უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ, ვინაიდან ვირუსი, ყველანაირი კანის ფერისა და რასის მიუხედავად, არ ასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან, ამ ყოველივეს კი დაემატა არჩევნები, რომელიც ხაფანგი აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ნეგატიური ენერგიისთვის. მსიამოვნებდა იმ ადამიანებზე ფიქრი, რომლებსაც ჩვენს სახელმწიფოსა და ზოგადად მსოფლიოში ვხვდებოდი. ჩვენმა ქვეყანამ, ვფიქრობ, კიდევ ერთი სირთულე გადალახა, რომელსაც მომავალ თაობებს მოვუყვებით.
მე მოვუწოდებ ყველას, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაიცვას დაბალანსებული კვება; ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ ვიტამინები, ვინაიდან ისინი ცხოვრებისეულად აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თანაგრძნობა და შეგუებაც აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი გონებრივი სიძლიერისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამოჯანმრთელების პროცესში ფიქრი იყო ოჯახზე, მეგობრებზე, ჩემს სამსახურზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დავრჩეთ საკუთარი თავის ერთგულნი.
მიხარია შეგატყობინოთ, რომ მას შემდეგ ჩემი პასუხები უარყოფითია. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდები ჩემს მოვალეობებს. მინდა გითხრათ, რომ მესმის, თუ როგორ გაუმართლა ჩემს ოჯახს იმაში, რომ ასეთი მზრუნველობა მივიღეთ. თუკი თქვენ ავად ხართ ან თქვენი საყვარელი ადამიანი დაინფიცირებულია, იცოდეთ, რომ მე ვფიქრობ თქვენზე ყოველდღე, მე ვლოცულობ ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც ებრძვის COVID-19-ს და სხვა დაავადებებსა თუ პრობლემებს.
მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ და გამოხატეთ კეთილი სურვილები ჩვენი ოჯახის მისამართით. თქვენც სამუდამოდ დარჩებით ჩვენს სახლსა და გულებში."