საიტის მომხმარებლებისგან შემოსული უამრავი კითხვის პასუხად, გთავაზობთ "მკურნალის" მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის რჩევებს.
მათთვის, ვინც კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ ფორმას შინ დამოუკიდებლად უმკლავდება:
პირველ რიგში, გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე! კორონავირუსული ინფექციის დადებითი პასუხი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად რამე გაგირთულდებათ - შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს დაავადება უმტკივნეულოდ ჩაივლის და ძალიან მალე, მაქსიმუმ 2 კვირაში, თქვენ დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თუ რისკ-ჯგუფში ხართ (გაეცანით რისკ-ჯგუფის ჩამონათვალს), მაშინ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ოჯახის ექიმს და იყავით მასთან მუდმივ კონტაქტზე.
თუ არ ხართ რისკ-ჯგუფში, მაშინ თავადაც იოლად გაუმკლავდებით ყველაფერს - იმოქმედეთ ზედმეტი ემოციების გარეშე!
სვით ბევრი სითხე - ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები შემსუბუქდეს. სითხეების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი (კარგია მოცხარის, მოცვის, ჟოლოს, ცაცხვის ჩაი), ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი (ცივს ნუ დალევთ - შეათბეთ მიღების წინ), ცხელი კომპოტი. თუ რძეზე ალერგია ან აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სვათ ცხელი რძეც.
თუ გაქვთ მშრალი, შეტევითი ხველა, შეგიძლიათ მიიღოთ მუკოლიზური და ამოსახველებელი ჯგუფის რომელიმე პრეპარატი. მედიკოსთა გამოცდილებით, კოვიდ ინფექციით გამოწვეული ხველისას კარგად მუშაობს ბრომჰექსინის, აბროქსოლის ჰიდროქლორიდის, დექსტრომეტორფანის ან გუაფენეზინის შემცველი პრეპარატები.
თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, ნუ დაწვებით გაუნძრევლად ზურგზე. ეცადეთ, უფრო ხშირად გვერდზე დაწვეთ. თუ ძალიან სუსტად არ ხართ, წამოდექით, იარეთ, ისუნთქეთ, რათა ფილტვებმა აქტიურად იმუშაოს.
თუ ტემპერატურა გაქვთ, მიიღეთ სიცხის დამწევი პრეპარატები - პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომბინირებული საშუალებები. შეგიძლიათ მიიღოთ გრიპის ჩაი, რომელშიც შედის ანტიალერგიული კომპონენტიც, ვიტამინიც პარაცეტამოლთან ერთად. რაც შეეხება იბუპროფენს, მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა მედიკოსებს შორის - დაიდო კვლევის შედეგი, რომ იბუპროფენის მიღებამ შეიძლება გააუარესოს კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობა, თუმცა სხვა კვლევით ეს შედეგი უარყვეს. ალბათ მაინც აჯობებს, რომ ამ ეტაპზე პარაცეტამოლი იყოს შერჩევის პრეპარატი. გაგრძელება