„ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე “მოდური“ ვიტამინი სწორედ D ვიტამინია“ - ერთად გავერკვეთ, თუ რომელი შეხედულებები წარმოადგენს სინამდვილეში მითებს.
მითი #1. D ვიტამინი მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს სჭირდებათ
მცდარია! ეს ვიტამინი წარმოიქმნება კანში და სწორედ იქიდან „გადაინაცვლებს“ ყველა უჯრედში. მისი მიღება აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, ვინაიდან კალციუმის ათვისებისას ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში ეხმარება ორგანიზმს და გვიცავს შაქრის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ამასთანავე, ანტიდეპრესანტის ფუნქციით ხასიათდება, ვინაიდან ორგანიზმი შემოდგომაზე ამ ვიტამინის ნაკლებობას სწორედ უხასიათობით და უგუნებობით გამოხატავს.
მითი #2. SPF საცხი D ვიტამინის სინთეზს უშლის ხელს
ასე არ არის! „სანსქრინი“ ფიზიკურად ვერ გახდება ხელის შემშლელი ფაქტორი ვიტამინთან მიმართებით, ვინაიდან მაშინ ჩაის კოვზის მესამედი სახეზე და სუფრის კოვზის ოდენობა ტანის სხვადასხვა ნაწილზე უნდა დაიტანოთ, ეს კი ძალიან ბევრია და არარეალურია. ამიტომ ეს მოსაზრება მითის სახით რჩება. დერმატოლოგების რჩევა კი მზეზე ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ღია კანის ფერის მქონეთათვის 10 წუთით არის რეკომენდებული, ხოლო მუქი კანის ფერის მქონეთათვის - 30 წუთით.
მითი #3. D ვიტამინის დეფიციტი შესაძლებელია კვებით შეივსოს
აბსურდი! კვება კარგი მეთოდია D ვიტამინის ნორმის შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მის წარმოსაქმნელად. გერმანელი დერმატოლოგი იაელ ადლერი განმარტავს: „იმისათვის, რომ ორგანიზმმა D ვიტამინის დეფიციტი შეივსოს საკვების მეშვეობით, დაახლოებით წიგნის გმირების - "გარგანტუა და პანტაგრუელის" მსგავსად უნდა იკვებოს, რაც შემდეგნაირად გამოიყურება: ყოველ დილით 500 გრამი ცხიმიანი სკუმბრია, დღიურად 10 კგ ყველი, 18 კვერცხი, 20 ლიტრი რძე, 600 გრამი ავოკადო ან 1 კგ სოკო, რაც არარეალურია“ - შესაბამისად, ეს მოსაზრებაც მტკიცე მითად რჩება და არ შეესაბამება რეალობას.
მითი #4. ერთი თვე სანაპიროზე D ვიტამინის წლიურ მარაგს შეგივსებთ
ეს არ არის სიმართლე. არც იმ შემთხვევაში, თუკი ტაილანდში ცხოვრობთ. ორგანიზმში ოპტიმალური რაოდენობა D ვიტამინის შეადგენს 50-100 მლ-ს. თუკი დეფიციტი შეინიშნება, ექიმი ბიოდანამატს გამოგიწერთ. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, ვინაიდან ამ ვიტამინის უკონტროლო მიღება საგანგაშოა. ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები მადის დაკარგვით, პირღებინებით, თავის ტკივილით, კანის მდგომარეობის გაუარესებით გამოიხატება.
მითი #5. მთელი წელი სოლარიუმში უნდა იაროთ
არავითარ შემთხვევაში! ულტრაიისფერი სხივები არ განაპირობებს D ვიტამინის ჩანაცვლებას ორგანიზმში. ამასთანავე, ის ღრმად აღწევს კანში და ააქტიურებს დაბერების პროცესს, იწვევს ფოტოდერმატიტს, აზიანებს ეპიდერმისის შრის ზედაპირს. ასე რომ, D ვიტამინის აღდგენა სოლარიუმში ვიზიტით ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა.