ინფლუენსერების, „იკანათიას“ წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც“ არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს. წყვილი საერთო „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.
სულ ცოტა ხნის წინ „იკანათიამ“ გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებდა: „დღეს ვიკეთებთ აცრას. ერთადერთი გზა ამ სამწუხარო რეალობისგან თავის დასაღწევად ვაქცინაციაა. ვთვლი, რომ ყველამ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და ერთად დავასრულოთ პანდემია. ჩვენი სიცოცხლისთვის! ჩვენი ოჯახისთვის! რამდენიმე დღის წინ კოვიდის სისასტიკე ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა. გთხოვთ, თქვენ ნუ იქნებით შემდეგი! დაიცავით თავი ყველა შესაძლო გზით. და მათ შორის ვაქცინაცია არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება" - ამბობდა წყვილი.
ამჯერად კი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს ნათია აქვეყნებს და ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ის განმარტავს, რამდენიმეჯერ ცუდად გახდა, ჰქონდა დაბალი წნევა, ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკვილი. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მას სწრაფი ტესტი გაუკეთეს, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. ექიმებმა კი ცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს. მიუხედავად მედიკამენტების მიღებისა, ნათია თავს უკეთ არ გრძნობდა, კიდევ ერთი ტესტის, ამჯერად PCR ტესტის გაკეთებისას კი აღმოჩნდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა: „გავიჟდი ტკივილისგან, მეორე დღეს 39 სიცხე მქონდა, ყველაფერი მტკიოდა, დღეს დილით მომივიდა პასუხი, რომ მაქვს კორონავირუსი, კლინიკიდან კი გამომიშვეს ცისტიტის დიაგნოზით“ - ამბობს ის ვიდეოში.