მათი 85%, ვინც კორონავირუსი 2020 წელს გადაიტანა, უსიამოვნო სიმპტომებსა და ვირუსით გამოწვეულ შედეგებს დღემდე უჩივის. უკვე ერთ წელზე მეტია, მეცნიერები ცდილობენ, შეისწავლონ და ებრძოლონ ვერაგ ვირუსს, რომელმაც მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. მიუხედავად ინფიცირებულთა მრავალმილიონიანი სიისა, სრული სურათი თვალსაჩინო ჯერ კიდევ არ არის.
ცნობილია ის, რომ უმეტესობა, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა, უჩივის უსიამოვნო სიმპტომებს და ზოგჯერ მძიმე ქრონიკულ დაავადებებსაც კი. კერძოდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა მათ შორის, ვინც კორონავირუსი მძიმე ან შედარებით მძიმე ფორმით გადაიტანა. ექვსი თვის შემდეგ პაციენტთა ნახევარზე მეტმა აღმოაჩინა ახალი დაავადება: გულის და ფილტვის პრობლემები, რომლებიც აქამდე არ აწუხებდათ.
ავადმყოფთა დაახლოებით 85 პროცენტმა თქვა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან სრულად გამოჯანმრთელებულნი. სრული განკურნების შემდეგაც კი, მათ უვლინდებათ ე.წ. პოსტკოვიდური სიმპტომები. გამოკითხვის მონაწილეთა თითქმის მეოთხედს აღენიშნებოდა ხველა, გულის პრობლემები და საჭიროებდა ჟანგბადის აპარატს სახლში გაწერის შემდეგ.
არსებობს კვლევები, რომელთა დასკვნაშიც წერია, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ გამოწვეულ პნევმონიას მკურნალობა მომდევნო 15 წლის განმავლობაში სჭირდება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისა და თირკმლის შეუქცევად დაზიანებას.
ბრიტანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბევრ ადამიანს განუვითარდა ეგრეთ წოდებული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი - პნევმონია, რომელიც ხელს უშლის სასიცოცხლო ორგანოების საკმარისი ჟანგბადით მომარაგებას. როგორც ექიმები განმარტავენ, ამ სინდრომისგან სიკვდილიანობა 30-40 პროცენტია.
„მისი მკურნალობის რაიმე კონკრეტული გზა არ არსებობს, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა დაიხმაროს ჟანგბადის აპარატი. გამოჯანმრთელებულებს კი აღენიშნებათ ძლიერი სისუსტე და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება“ - განუცხადა ჟურნალისტებს მაიკლ მეთიუმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი გავლენას ახდენს გულის საშიში დაავადებების განვითარებაზე - მიოკარდიტიდან გულის უკმარისობამდე. ასე რომ, ვუჰანში კორონავირუსით დაავადებული ხუთიდან ერთ პაციენტს ჰქონდა გულის დაზიანება. ამასთან, ინფიცირებულთა მხოლოდ ნაწილს ჰქონდა ადრე გულის ქრონიკული დაავადება. „ჩვენ ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ გულის ქრონიკული დაავადება, ახლა პრობლემები შეექმნათ“ - ამბობს ერინ მიქოსი, ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის პრევენციული კარდიოლოგიის ასოცირებული დირექტორი.
მათ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, შეიძლება აწუხებდეთ სისუსტე, ექნებათ ინსულტის მაღალი რისკი, თირკმელების პრობლემები... „არსებობს აშკარა ეჭვი, რომ გაზრდილი მიმართვიანობა თირკმლის დაზიანების გამო, სწორედ კორონავირუსითაა გამოწვეული. თქვა პოლ პალევსკიმ, პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნეფროლოგმა.