საქართველო 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრას იწყებს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 25% 19 წლამდე ახალგაზრდაა, 15% კი - 14 წლამდე მოზარდი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანამ მოზარდების ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენის პარალელურად, იზრდება ვირუსის გავრცელების საფრთხე. ის მიიჩნევს, რომ 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის პროცესის დაწყება აუცილებელია.
ჯერ დაზუსტებული არ არის, აიცრებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები თუ 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაერთიანებული ყველა მოზარდი, თუმცა 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრების დაწყებას მხარი საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაუჭირა.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების აცრის დაწყება გარდაუვალი იქნება. საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილებით 20-მდე მოზარდი Pfizer-ით უკვე აცრილია.