მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი“ მოწვეულმა სტუმარმა, რეპროდუქტოლოგმა, პროფესორმა ჯენარა ქრისტესაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის, ორსულობისა და ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა:
“როცა ვსაუბრობთ ვაქცინაციასა და ვაქცინაციის ეფექტზე, უნდა ვთქვათ, რომ ამერიკასა და ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაში მესამედზე მეტს ეშინოდა, რომ ვაქცინაცია იმოქმედებდა მათ შვილოსნობის უნარზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ორსულობის ვაქცინაციაზე. შიში წამოვიდა იქიდან, რომ პლაცენტაში არის ცილა, სახელად სინციტინი, რომლის მსგავსი ცილაც შეიძლება იყოს იმპლანტაციაში. ესე იგი, განაყოფირებული კვერცხუჯრედის ლორწოვანში ჩანერგვის პროცესში მონაწილე ცილებს აქვთ მსგავსება Covid-19-ის ცილასთან. როცა ჩაუღრმავდნენ და შეისწავლეს ამინომჟავების თანმიმდევრობა, აღმოჩნდა, რომ არსებობს მსგავსება, მაგრამ ისინი განსხვავებულია და საშიშროებას არ წარმოადგენს, ვაქცინაცია ზიანს არ მოუტანს ნაყოფს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ არ შემცირებულა ორსულობის დადგომის სიხშირე, არ მოიმატა აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის სიხშირემ.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კი დგება ნაადრევი მშობიარობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ორსულებს 5-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ დაინფიცირების, რაც აიხსნება იმ იმუნური ძვრებით, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში ორსულობისას. აღმოჩნდა, რომ კაცებში კოვიდი 72%-ით უფრო ხშირად რთულდება და მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. გაირკვა, რომ ესტროგენები, რომლებიც შედის კონტრაცეპტივებში, დამცველობით როლს თამაშობს. კვლევებით დადასტურდა, რომ ქალებს, რომლებიც იღებენ კონტრაცეპტივებს, უმცირდებათ რისკი როგორც დაინფიცირების, ისე გართულების. „კოვიდმა შეიძლება დააზიანოს კვერცხუჯრედი, მაგრამ ვაქცინაცია იცავს ორგანიზმს რეპორდუქციული სისტემის დაზიანებისგან.“ - ამბობს რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ჯენარა ქრისტესაშვილი.