ჩვენი სტატიის გმირმა ელენამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ისწავლა, რომ დაუძლეველი სირთულე არ არსებობს. მას სჯეროდა, რომ თუ ეცდებოდა, ყველა დაბრკოლებას გადალახავდა. სწორედ ასე ფიქრობდა ის მაშინაც, როცა გაიგო, რომ მკერდის კიბო ჰქონდა.
„2017 წელს ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი. უეცრად მკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი და ვეცადე, ხელის ნაზი მოძრაობით გამექრო უსიამოვნო შეგრძნება. ამ დროს კი თითქოს ხელზე პატარა ბურთის ზომის სხეული შემეხო. გამახსენდა, რომ დეიდაჩემი 33 წლის ასაკში მკერდის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. უცნაური დამთხვევა - იმ დროს მეც თითქმის იმავე ასაკის, 32 წლის ვიყავი. გადავწყვიტე, რომ სახლში დაბრუნებისთანავე წავიდოდი ექიმთან.
გამოკვლევების პასუხების შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ მე უბრალოდ ფიბროადენომა მაქვს და მედიკამენტებით მკურნალობა სრულიად საკმარისი იქნება. სამწუხაროდ, წამლებმა არ მიშველა და კიდევ ერთხელ მივედი ექიმთან. პასუხი იგივე იყო - „ყველაფერი კარგად გაქვს“. ამ დროის მანძილზე მე ერთის ნაცვლად უკვე ორ პატარა ბურთს ვგრძნობდი მკერდზე ხელით შეხებისას, რომლებიც თანდათან იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, ექიმი მარწმუნებდა, რომ მე კიბო არ მქონდა. ბოლო გამოკვლევიდან ათი დღის შემდეგ დამირეკეს და საავადმყოფოში მისვლა მთხოვეს. მაშინ დადგინდა, რომ მე ეს ვერაგი დაავადება მქონდა და სწორედ იმ მომენტიდან გაიყო ჩემი ცხოვრება ორად - „ადრე“ და „შემდეგ“.
ამის პარალელურად, პრობლემები მქონდა ოჯახშიც. მე და ჩემი ქმარი ბევრს ვჩხუბობდით. ის განქორწინებას აპირებდა. მე მისი საყვარლის შესახებ გავიგე, რომელმაც წერილი გამომიგზავნა, თუმცა იმ დროს ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემი ჯანმრთელობა იყო. მთავარი მოტივაციაც მქონდა - ჩემი ქალიშვილი. მყავდა საუკეთესო ექიმი, რომელმაც ჩამიტარა ოპერაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის პატარა მკერდი მქონდა, მოკვეთის შემდეგ დიდი განსხვავება ვერც ვიგრძენი. მკერდის გადიდება მე-8 კლასიდან მინდოდა, ახლა კი ამის საუკეთესო შანსი მომეცა. ქიმიოთერაპიის შედეგად თმის ცვენისთვის საფუძვლიანად მოვემზადე. მხოლოდ ერთ მომენტში ვიფიქრე: „რა უნდა მოვუხერხო ახლა ჩემს პირად ცხოვრებას?“ ქიმიის დაწყებამდე მე დაუყოვნებლივ გავიკეთე წარბების ტატუ და ყოველ დილით წამწამებს ვიწებებდი. სკოლაში სამეჯლისო ცეკვით ვიყავი დაკავებული და მაკიაჟის გაკეთება ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მე არ შემეძლო შინ დარჩენა და მოწყენილობა, რადგან პატარა შვილი მყავდა და სესხები უნდა გადამეხადა. როდესაც კიბოს წინაშე აღმოვჩნდი, ექიმმა მომცა წიგნი, სახელწოდებით „მე ნამდვილად მინდა სიცოცხლე“ და მე მართლაც მინდოდა სიცოცხლე.
რა თქმა უნდა, იყო რთული მომენტებიც. ახალ წელს ისტერიკა დამემართა. როცა წამწამებს ვიწებებდი, ვიფქრობდი, რომ ვიღაც ოჯახთან ერთად ერთობა, მე კი სარკის წინ ამას ვაკეთებ... ექიმს დავურეკე და ვუთხარი, რომ მეტი აღარ შემეძლო. „ჩემი მეგობარი მუშაობს კლინიკურ ფსიქოლოგად საქველმოქმედო ფონდში. ის ახლა ახალ ჯგუფს ქმნის, მიდი მასთან“ - მითხრა ექიმმა. მეც წავედი. ჯგუფში ყველა ისეთი ლამაზი და კეთილი იყო, გავოცდი. იქ არიან როგორც 20 წლის, ასევე 50 წლის გოგონები და ქალები. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს გზა. თავად ფსიქოლოგია ჩემთვის საინტერესო სფეროა და მე ზოგჯერ კლასების სწავლების პროცესშიც კი ვერთვებოდი. ამ ხნის განმავლობაში მე სულ სხვა ადამიანი გავხდი.
დიაგნოზის დასმის შემდეგ ჩემი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდა, ბევრად უფრო საინტერესო. მეც უფრო თავდაჯერებული გავხდი. თუ ადრე ყველაფერზე ვღელავდი, ახლა ვფიქრობ, რომ მთავარი ის არის, რომ ჯანმრთელი ვარ! ერთადერთი, რაც მაწუხებს, არის ის, რომ შეიძლება მშობიარობა ვერ შევძლო, მაგრამ ახლა მედიცინა საშუალებას აძლევს ქალებს, დაორსულდნენ ძუძუს კიბოს შემდეგაც. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ კაცს შევხვდები მომავალში. თუ ვიგრძნობ, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია, მე გადავდგამ ამ ნაბიჯს. ჩვენ ბოლომდე არასდროს ვიცით ჩვენი შესაძლებლობები. გვგონია, რომ ასეთი ამბები მარტო ზღაპრებში ხდება, მაგრამ უნდა დავიჯეროთ, რომ საკუთარი ზღაპრის გმირები თავადვე ვართ!"