სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, ხალხს "ცე" ვიტამინს უკეთებენ. ამის შესახებ საჯაროდ წერენ თამთა ტაო ჭალიძე და თათა დვალიშვილი. მათი თქმით, თანხა წინასწარ გადაახდევინეს და მათ მდგომარეობაში კიდევ ბევრი ადამიანი იმყოფება.
"საოცარ სიტუაციაში გავყავი თავი. გუშინ მეგობარს შეხვდა Gogelia’s Clinic-ის პოსტი, რომ გრიპის აცრა შემოიტანეს. სასწრაფოდ დავრეკე და ჩავეწერე. ფული წინასწარ უნდა გადმორიცხოთო. ჩავრიცხე 75 ლარი.
დღეს ლანჩზე გამოვვარდი აცრის გასაკეთებლად. ადგილზე მოსულს დამხვდა პოლიცია და მედია და 10-მდე დაზარალებული. აღმოჩნდა, რომ ეს კლინიკა თავიდან ბოლომდე აფერაა. ვინც „აცრეს“ უკვე, იმათ სინამდვილეში "ცე" ვიტამინი გაუკეთეს. დღეს დატყდნენ კლინიკიდან და ხალხია აქ ჩემნაირი, ვისაც წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული.
პოლიცია არ გვიშვებს. უნდა დაგვკითხონ ყველა“, - წერს თამთა.
თათა დვალიშვილის თქმით, გახარებული იყო, როდესაც გრიპის ვაქცინაზე დედა და შვილი ჩაწერა, თუმცა მოგვიანებით გაარკვია, რომ ისინი "ცე" ვიტამინით აცრეს. მისივე თქმით, ამჟამად საქმეს საგამოძიებო სამსახური იძიებს და სიმართლეს მალე დაადგენს.