ბრიტანეთს შემოაქვს მოგზაურობის შეზღუდვები აფრიკის ექვს ქვეყანასთან ახალი COVID შტამის გამო, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ექსპერტებმა უწოდეს "ყველაზე უარესი, რაც აქამდე ვნახეთ".
ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა ტვიტერზე დაწერა, რომ „UKHSA (დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო) იკვლევს ახალ ვარიანტს. საჭიროა მეტი მონაცემი, მაგრამ ჩვენ ახლა ვიღებთ სიფრთხილის ზომებს.
წითელ ზონას დაემატება აფრიკის ექვსი ქვეყანა, ფრენები დროებით აიკრძალება და მოგზაურებს კარანტინის გავლა მოუწევთ. ფრენები სამხრეთ აფრიკიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ბოტსვანადან, ესვატინიდან და ზიმბაბვედან დღეს საღამოს 12 საათიდან კვირას დილის 4 საათამდე შეჩერდება”- აღნიშნა მან.
ჯავიდმა თქვა, რომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი B.1.1.529 ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე დელტა შტამი და თქვა ისიც, რომ ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გვაქვს, შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ვირუსის ამ შტამის მიმართ.
ახალი შტამის ცილა ბევრად განსხვავდება კოვიდ-19-ის თავდაპირველი შტამისგან. მან მუტაცია ორჯერ უფრო სწრაფად განიცადა, ვიდრე დელტა შტამმა და აქვს უნარი, თავიდან აიცილოს ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი. ახალი შტამის გამოვლენა PCR ტესტით შესაძლებელია.
ბიოლოგმა ფრანსუა ბალუქსმა განმარტა, რომ ახალი შტამი პანიკისა და შეშფოთების მიზეზს მანამდე არ იძლევა, სანამ ის მასობრივ გავრცელებას არ დაიწყებს. მეცნიერები მას ჯერ მხოლოდ აკვირდებიან და ცდილობენ, შეისწავლონ, თუ როგორ ვრცელდება ის.
ბრიტანეთის მსგავსად, შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ განაცხადეს, რომ ისინი ასევე შემოიღებენ ახალ წესებს. დღეისათვის, ყველაზე საშიშ შტამად კვლავ დელტა რჩება. ამ დროისთვის, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის 99%-ს სწორედ დელტა წარმოადგენს.