ექიმმა თეა კვიციანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ხელოვნური შემავსებლებისა და მათთან დაკავშირებული გართულებების შესახებ ისაუბრა: „გართულებები შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა ინიექციურმა პროცედურამ. ამიტომ, აუცილებელია, რომ პროცედურა ჩაატაროს კვალიფიციურმა ექიმ-კოსმეტოლოგმა. არასწორად გაკეთებულ ინიექციას თან ახლავს გართულებები, მაგალითად, როგორიცაა – იშემია, ემბოლია, ვასკულარული ოკლუზია, ნეკროზი, ტანდალის ეფექტი და ა.შ. ძირითადი გართულებები მაინც კომპრესიაა და სისხლძარღვებში პრეპარატის მოხვედრა, რასაც თან სდევს ზემოთ ნახსენები რისკები. არასწორად გაკეთებულმა ინიექციამ, შესაძლოა, თვალის ბადურის ჩამოშლაც გამოიწვიოს, რის შედეგადაც ადამიანი მხედველობას კარგავს. არანაირი თანხა არ ღირს პაციენტის ჯანმრთელობის ფასი, ეს უნდა გაიაზროს ყველა ექიმმა. მაგალითად, ტუჩის აუგმენტაცია მოიაზრება, როგორც მარტივი პროცედურა, თუმცა მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან არასწორად შერჩეულმა "ფილერმა" და არასწორად გაკეთებულმა ინიექციამ, შესაძლოა, მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე, როგორიც არის ნეკროზი (უჯრედის ლპობა)“ - აღნიშნა მან.
როგორც აღმოჩნდა, არასწორად გაკეთებული ინიექციების მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში ბევრია. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი გამოცდილების შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა: „ერთ-ერთ სალონში გავიკეთე ტუჩის მოცულობის გაზრდის პროცედურა. აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი. გაკეთებიდან ორ საათში დაიწყო ტუჩმა დასიება, ვიფიქრე, რომ ალერგიული რეაქცია მქონდა და მივიღე მედიკამენტები, თუმცა არ დამიცხრა. შემდეგ მივმართე იმ კოსმეტოლოგს, რომელმაც გამიკეთა პროცედურა და შემომთავაზა, მეორე დღეს კონსულტაციაზე მივსულიყავი. მექანიკური მასაჟებით ცდილობდა ე.წ. ბურთების დაშლას და მითხრა, რომ დანარჩენს ტუჩი გაიწოვდა, თუმცა 6 თვეა ვერ ვშველი დასიებულ ტუჩს. მქონდა ტკივილი, წვა და ქავილი. ახლა დავდივარ ერთ-ერთ კლინიკაში დაშლაზე. ვაპირებ, რომ სალონს ვუჩივლო. ჯერჯერობით ამ ყველაფრის გამო ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამისთვის მზად არ არის, საკმაოდ ბევრი ომი გამოვიარე იმ ქალბატონთან, ვინც გამიკეთა ტუჩი და საერთოდ არ გრძნობს პასუხისმგებლობას. მინდა ყველას ვურჩიო, სანამ არ გაარკვევენ ექიმის ზუსტ კვალიფიკაციას, შემთხვევით შერჩეულ სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში არანაირი ინიექციური პროცედურა არ გაიკეთონ“ - აღნიშნა მან.