რატომ იმატებს ადამიანი წონაში, როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები ჭარბწონიანობის შესახებ - Marao

რატომ იმატებს ადამიანი წონაში, როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები ჭარბწონიანობის შესახებ

2022-02-25 14:00:45+04:00


ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატებაზე ისაუბრა, რასაც ძირითად შემთხვევაში ჰორმონალური დისბალანსი იწვევს.

ჯანჯღავას თქმით, სახის მიდამოებში სიმსუქნე და შეშუპება არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული პროცესები, რომლებიც აისახება გუნება-განწყობილებაზეც. ასეთი ადამიანები არიან ძილიანობისკენ მიდრეკილნი, ახასიათებთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, უმიზეზოდ ტირიან ან აქვთ დეპრესიული მომენტები.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს:

„რა თქმა უნდა, გენეტიკას ყველა შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აკისრია, როგორც ფარისებრზე, ასევე სასქესო ჰორმონებზე, მაგრამ სასქესო სისტემის შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარდატეხის პერიოდში მომხდარ ცვლილებებს. ამ დროს მშობლებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ჭარბი წონა არ წამოვიდეს.’’

განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ძალიან აქტუალურია ბავშვების სახლში ყოფნის პრობლემა, რადგან ისინი საკმარისად ვერ მოძრაობენ და ხშირია წონის მატებაც. ამ პირობებში აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ძილის რეგულაცია. როდესაც ჩვენ ვიძინებთ, დაახლოებით 2-3 საათში იწყება ზრდის ჰორმონის სინთეზი, რომელიც არა მარტო სიმაღლეზეა პასუხისმგებელი, არამედ მთელ მეტაბოლიზმზე.

ძილის დარღვევაში იგულისხმება როგორც გვიან დაძინება, ასევე ძილის არასაკმარისი რაოდენობაც. სტანდარტულად განსაზღვრულია, რომ 11-12 საათზე უნდა დავიძინოთ და დაახლოებით დილის 6-დან 9-მდე გავიღვიძოთ. თუ ჩვენ ვიძინებთ ძალიან გვიან და ასევე ძალიან გვიან ვდგებით, ესეც დარღვევაა.

რაც შეეხება კვებას, ექიმის თქმით, ბავშვების შემთხვევაში უფრო მეტი კალორიული კვებაა შესაძლებელი და შეიძლება სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების გამოყენებაც, როგორიცაა, მაგალითად, კარაქიანი პური. დიდების შემთხვევაში, ჯანსაღი კვების რაციონი აუცილებელია, რათა ჰორმონალური დისბალანსი თავიდან ავიცილოთ.

ჰორმონების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება ივარჯიშოს, იყოს მუდმივად დიეტაზე, მხოლოდ ერთხელ იკვებოს, თუმცა წონაში მაინც მოიმატოს. ჰორმონების ბალანსის გარეშე ადამიანი სასურველ წონას ვერ მიიღებს.

აქედან გამომდინარე, 3-4-საათიანი კვების რეჟიმი, სითხის დიდი რაოდენობით მიღება, სწრაფი ნახშირწყლების შეზღუდვა, ცილოვანი კვების გაზრდა საკვებ რაციონში და ცხიმის გაკონტროლება, ეს რჩება სტანდარტულად.

როგორც მან აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვის სტანდარტულია და ის გამოიყენება, როგორც სამკურნალო მეთოდი.

,,პაციენტები როცა მოდიან, გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ჭარბ წონას უჩივიან და სხვა არაფერს. მაგრამ როცა იწყება დალაგება, 2-3 კვირის მერე მოდიან, აქამდე სად ვიყავიო, ამბობენ. ანუ ის მიჩვეული იყო იმ დაღლილობას, სისუსტეს, უენერგიობას და მიაჩნია, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი უმჯობესდება, სრულიად იცვლება ადამიანი, ხალისიანი ხდება. ხანდახან შეიძლება არ იცის, მაგრამ რაღაც კომპლექსიც აქვს, მაგალითად, გარეთ გასვლა არ უნდა, რადგან ჭარბი წონა აქვს და ვიღაცამ დააბულინგა. როგორც კი ფორმებს იცვლის, უფრო აქტიური ხდება როგორც სოციალურ გარემოში, ასევე ყველანაირი კუთხით უმჯობესდება მისი მდგომარეობა“, - აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.

თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცევთ, საკმაოდ საშიშია. მისივე თქმით, ორგანიზმი აუცილებლად გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ყური უნდა დავუგდოთ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ბევრ პრობლემას ქმნის ორგანიზმში. მსგავსი პრობლემები საქართველოში განსაკუთრებით არის გავრცელებული.

სასქესო ჰორმონების დარღვევებმა, პირველ რიგში, შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში უშვილობა. ზოგადი სიმპტომები - ეს არის ლტოლვის დაქვეითება, სასქესო ქცევების დაქვეითება და შემდგომში სიამოვნების მიღებაც.

ენდოკრინოლოგმა ასევე ისაუბრა დიაბეტის და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც:

,,შაქრიან დიაბეტს თვალის, გულის, ღვიძლის, ნერვული სისტემის დაზიანების გამოწვევა შეუძლია. ცუდი ის არის, რომ დიაბეტის დროს თითქოს არაფერი აწუხებს ადამიანს და შაქარიც შეიძლება ძალიან მაღალზე არ ადიოდეს, მაგრამ ის თავის ცუდ საქმეს ნერვულ სისტემაზე ახდენს ხოლმე. ხშირად არის, რომ პაციენტი მხედველობის გამო მივიდა ოფთალმოლოგთან და მან აღმოუჩინა დიაბეტი. ხშირ შემთხვევაში დიაბეტი უსიმპტომოდ მიდის და უკვე გართულებული პაციენტი მოდის ჩვენთან თვალის ან ღვიძლის, ან თირკმლის პრობლემით და მერე ხდება დიაგნოსტირება.’’

,,ჩვენ იმდენად აჩქარებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ძალიან სწრაფად ხდება დღის განმავლობაში მონაცვლეობა რაღაც-რაღაც საკითხების და ჩვენი ტვინი, ჩვენი ორგანიზმი იღლება. თან სახლში როცა მივდივართ, არ ვასვენებთ, ხან კომპიუტერში ვართ, ხან ტელეფონში. აქედან გამომდინარე, დილიდანვე დაღლილი ვიღვიძებთ ან ენერგიულად არ ვიღვიძებთ. ეს მიგვაჩნია ნორმალურ მდგომარეობად, მაგრამ ეს ასე არ არის. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ ჩვენს ორგანიზმს ყური დავუგდოთ, ის აუცილებლად მიგვანიშნებს რაღაც-რაღაცებზე. თუნდაც თმის ხარისხი შეიცვალა, ფრჩხილზე ზოლები წამოვიდა, ორგანიზმი ამით გვაძლევს ნიშანს და უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რომ გართულებების პრევენცია ადრევე მოვახდინოთ“, - ამ თემებზე შოთა ჯანჯღავამ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო’’ ისაუბრა.

ელენე ასათიანი