კონტრაცეფცია - სასურველი ბავშვი სასურველ დროს

კონტრაცეფცია - სასურველი ბავშვი სასურველ დროს
ოჯახის დაგეგმვა ბოლო წლებში განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩევა. წყვილებ, რომელთაც სურთ, თავად განსაზღვრონ ის, თუ რამდენი შვილი იყოლიონ, როდის და რა ინტერვალით გააჩინონ ისინი, ან უკვე ჰყავთ შვილები და აღარ სურთ მეტის გაჩენა, ამაში მათ სწორედ ოჯახის დაგეგმვის მეთოდი ეხმარებათ, რომლის მთავარ საყრდენ საშუალებას კონტრაცეცია წარმოადგენს.

ექიმ მეან-გინეკოლოგს, ქალბატონ მარინა მაჩაიძეს სწორედ კონტრაცეფციაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ. მან დაწვრილებით აგვიხსნა მისი არსი და მნიშვნელობა ქალის ცხოვრებაში.

მარინა მაჩაიძე - კონტრაცეფცია ეს არის საშუალება არასასურველი ორსულობისგ
ან თავის დასაცავად რეგულარული ან შემთხვევითი სქესობრივი აქტის დროს. დღეისათვის არსებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და მეთოდები რამდენიმე ჯგუფად იყოფა, რომლებშიც ერთიანდება კონტრაცეფციის მრავალი საშუალება. ესენია:

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი, რომელიც არსებობს ორნაირი: არამედიკამენტური და მედიკამენტური. არაჰორმონალურ სპირალს ახასიათებს სპერმატოქსიური მოქმედება, თრგუნავს კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესს.

ჰორმონალური (მირენა) კი იწვევს საშვილოსნოს ყელში ლორწოს შესქელებას და საშვილოსნოს ლორწოვანი შრის ატროფიას (გათხელებას), რაც ამცირებს ჩასახვის შესაძლებლობას. ეს უკანასკნელი საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ჰორმონს ადგილობრივად გამოყოფს, რის გამოც ნაკლებ გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმზე.

ჰორმონალური კონტრაცეფცია: ჰორმონალური კონტრაცეფციის მიზნით გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონის, პროგესტერონისა და ესტროგენების სინთეზური ანალოგები, რომლებიც თვისებებით ძალიან ჰგავს ნატურალურს, ხოლო მათი აქტივობა ბევრად მაღალია. ჰორმონალური კონტრაცეფცია იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  1. კომბინირებული ორალური კონტრაცეფცია ( ესტროგენი/ პროგესტინი)
  2. პროგესტინული აბები ("მინი პილი")
  3. საინექციო კონტრაცეფცია: კომბინირებული და პროგესტინული;
  4. იმპლანტი – იმპლანონი;
  5. კომბინირებული ტრანსდერმალური პლასტირი;

მექანიკური (ბარიერული) კონტრაცეფცია: კონდომი (პრეზერვატივი), საშვილოსნოს დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები და ქალის კონდომი.

კონტრაცეფციის კალენდარული და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი: კალენდარული მეთოდი ემყარება ოვულაციის პერიოდს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა, რათა მოხდეს დღეების სწორად ათვლა. აღნიშნული მეთოდი უსაფრთხოა, თუმცა ნაკლებად ეფექტური, განსაკუთრებით იმ ქალბატონებისთვის, ვისაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლი აქვთ.

გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: ყველაზე მოკლე ციკლს გამოაკელით 18. მაგალითად, თუ ციკლი 26-დღიანია, 18-ის გამოკლებით სხვაობას 8-ს მიიღებთ. ციკლის დაწყების დღიდან გადათვალეთ 8 დღე და მონიშნეთ კალენდარზე. სწორედ ამ დღიდან დაიწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი. მისი დასასრულის გასაგებად კი ყველაზე ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლის დღეებს გამოაკელით 11. მაგალითად, თუ ციკლი 30-დღიანია, სხვაობა 19 იქნება. ესე იგი, მენსტრუაციის დაწყებიდან ზუსტად მე-19 დღეს დასრულდება განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი პერიოდი.

რაც შეეხება ლაქტაციური ამენორეის მეთოდს, იგი ძუძუთი კვების პერიოდში მენსტრუაციის უქონლობას ნიშნავს. ამ დროს ნაკლები შანსია დაორსულების. თუმცა ეს მეთოდი ეფექტურია მხოლოდ და მხოლოდ მშობიარობიდან 6 თვის მანძილზე და იმ შემთხვევაში, თუ ჩვილი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად წოვს ძუძუს (მინიმუმ 9-10-ჯერ). აქვე საყურადღებოა ისიც, რომ ლაქტაციური ამენორეის მეთოდი მოქმედებს მანამ, სანამ ქალს მენსტრუალური ციკლი აღუდგება.

- როგორც ცნობილია, დღეისათვის განსაკუთრებული პოპულარობით საშვილოსნოსშიდა და ჰორმონალური კონტრაცეფცია სარგებლობს. თუ შეიძლება, რომ განვმარტოთ, როგორია მათი მოქმედების მექანიზმი?

- დიახ, დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ და თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს სპირალი და ჰორმონალური აბები წარმოადგენს.

ჰორმონალური აბები


მოქმედების მექანიზმი: თრგუნავს ოვულაციას, იწვევს ცერვიკალური ლორწოს გასქელებას, რის შედეგადაც ძნელდება საშვილოსნოში სპერმატოზოიდების შეღწევა; იწვევს ენდომეტრიუმის ატროფიულ ცვლილებებს; ამცირებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ზედა სასქესო გზებში.

მიღების წესი:
განსაკუთრებული ყურადღება კოკის მიღებას უნდა მიექცეს. მისი მიღება განსაზღვრული სქემის მიხედვით ხდება: მენსტრუაციის მოსვლის მეხუთე დღიდან 21 დღის განმავლობაში ყოველდღე იღებთ აბს, რის შემდეგაც ისვენებთ შვიდი დღის მანძილზე და შემდეგ კვლავ აგრძელებთ იგივე სქემით. კოკი აუცილებელია მიიღოთ ერთსა და იმავე დროს. სასურველია, ეს მოხდეს საღამოობით, რადგან აბის გამორჩენის შემთხვევაში შეძლოთ სწორი გადანაწილება. გამორჩენილი, მაგალითად, გუშინდელი აბი მიიღეთ დღეს დილით, დღევანდელი დოზა კი, ჩვეულებრივ, მიიღეთ საღამოს.

გახსოვდეთ! თუ აბის მიღების რეჟიმი ზუსტად იქნება დაცული, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურობა, რომლის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (100 ქალზე წელიწადში 0,1-0,5 ორსულობას შეადგენს).
რაც შეეხება მინი-პილის, მისი ეფექტიანობა ისეთივე მაღალია, როგორიც კოკის. ასევე ანალოგიურია მისი მოქმედების მექანიზმი, გარდა იმისა, რომ ოვულაციას იგი მხოლოდ 50-60%-ით თრგუნავს. მინი-პილის შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მისი მიღება შესაძლებელია ლაქტაციის დროსაც.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ საშუალებებს სხვა სარგებლობაც მოაქვს ქალის ორგანიზმისთვის. კერძოდ კი, მისი მიღებისას:

  • მცირდება მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი;
  • მცირდება საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი;
  • მცირდება საკვერცხეების ფუნქციური კისტების განვითარების რისკი;
  • სუსტდება ან მთლიანად ქრება დისმენორეის სიმპტომები;
  • ჭარბი მენსტრუაციის დროს ხელს უწყობს ანემიის შესუსტებას;
  • გამოიყენება დისფუნქციური სისხლდენების, უშვილობის, აკნესა და ჭარბთმიანობის მკურნალობის დროს.

ჰორმონალური აბების უკუჩვენება:

  • ორსულობა საეჭვო ან დადგენილი;
  • არადიაგნოზირებული სისხლდენა;
  • ძუძუთი კვება;
  • ნაღვლის ბუშტის მწვავე დაავადებები;
  • ვირუსული ჰეპატიტი ან ციროზი;
  • მწეველი ქალები 35 წელს ზემოთ ( იგულისხმება ქალი, რომელიც დღის განმავლობაში ორ ან ორზე მეტ კოლოფ სიგარეტს ეწევა);
  • გულის იშემიური დაავადებები ამჟამად ან ანამნეზში;
  • ინსულტი ამჟამად ან ანამნეზში;
  • სისხლის შედედების დარღვევები;
  • დიაბეტი 20 წელზე მეტი ხანგრძლივობის;
  • შაკიკი, მაღალი არტერიული წნევა (160/100-ზე ან მეტი);
  • სარძევე ჯირკვლების კიბო ამჟამად ან ანამნეზში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, აბები კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნოს. გახსოვდეთ, არ არის რეკომენდებული ჰორმონალური აბების თვითნებური მიღება.

გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა ან ღებინების შეგრძნება მიღებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია აბის ჩანაცვლება ესტროგენის შედარებით ნაკლები შემცველობის აბით. იშვიათ შემთხვევაში კოკმა შესაძლოა გამოიწვიოს ძუძუს ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება. ესეც გრძელდება მიღებიდან მხოლოდ პირველ თვეებში და ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე საშიშროებას, თუ, რა თქმა უნდა, ქალი გამოკვლეულია და არ აღენიშნება ძუძუს კეროვანი დაზიანება. აბების მიღებას ასევე ახასიათებს მენსტრუაციათა შორის სისხლდენები, თუმცა იგი დროებითია და არ წარმოადგენს აბების შეწყვეტის წინაპირობას.

გახსოვდეთ! ჰორმონალურ აბებთან ერთად სხვადასხვა პრეპარატის მიღებამ (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, საძილე საშუალებები) შესაძლოა, გამოიწვიოს ეფექტის შემცირება.

სპირალი


საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციისთვის გამოყენებული სპირალები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყოფა ორ ჯგუფად:

არამედიკამენტური და მედიკამენტური (ჰორმონის შემცველი)

მოქმედების მექანიზმი: ჰორმონალურ პრეპარატებთან შედარებით, სპირალის მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია. პირველ რიგში, მას ახასიათებს სპერმატოქსიური მოქმედება. იგი თრგუნავს კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესს, იწვევს ენდომეტრიუმის ასეპტიურ ანთებას და ფერმენტული სისტემის ცვლილებებს, რის გამოც ვერ ხერხდება კვერცხუჯრედის მიმაგრება. რაც შეეხება ჰორმონის შემცველ სპირალს (მირენა), იგი გარდა ჩამოთვლილი ცვლილებებისა, იწვევს ცერვიკალური ლორწოს შესქელებას და საშვილოსნოს ლორწოვანი შრის – ენდომეტრიუმის ატროფიას.

სპირალის ჩადგმა ხდება საშვილოსნოს ღრუში, რაც იწვევს მცირე დისკომფორტს, რომელიც პროცედურის დამთავრებასთან ერთად ქრება. სხვა მხრივ, იგი არ ქმნის არანაირ დისკომფორტს არც ფიზიკურ აქტივობაში და არც სქესობრივი აქტის დროს.

სპირალი არსებობს როგორც სპილენძის შემცველობის, ასევე ვერცხლისა და ოქროს სხვადასხვა სინჯის. მაგალითად, ბაჯაღლოს შემცველობის სპირალის ქალის საშვილოსნოს ღრუში მოქმედების ვადა აყვანილია - დან 9 წლამდე. სხვა მეტალის შემთხვევაში მოქმედების ვადა საშუალოდ 5 წელია. აღნიშნული კონტრაცეფცია საკმაოდ მაღალეფექტურია ( 0,1-0,5 ორსულობა - 100 ქალზე).

უკუჩვენება:

  • ორსულობა საეჭვო ან დადგენილი;
  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები ამჟამად ან ბოლო 3 თვის მანძილზე;
  • საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები;
  • ჩირქოვანი გამონადენი საშოდან და ცერვიციტი;
  • საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი მანკები (ორრქიანი საშვილოსნო);
  • საშვილოსნოს მიომა, რომელიც იწვევს საშვილოსნოს დეფორმაციას;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • სისხლის არტერიის ემბოლია.

გართულება: არასწორმა ჩადგმამ ან ჭარბმა მენსტრუაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს სპირალის ჩამოცურება. ამიტომ დროდადრო ქალს შეუძლია ჩაიტაროს კონტროლი ექოსკოპიის მეშვეობით. ყოველი მენსტრუაციის შემდეგ საჭიროა საშოდან ძაფების შემოწმება.

ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი


იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ ჰორმონალური პრეპარატების ყოველდღიური მიღება ან სპირალის ტარება, არსებობს სპირალის ალტერნატიული საშუალება - იმპლანტი, რომელიც თავსდება მკლავის წინა მხარეს კანქვეშ.

იგი გამოყოფს ჰორმონს და კონტრაცეფციის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საშუალებად მიიჩნევა. იმპლანტის მოქმედების ვადა 3 წელია და ამ პერიოდის მანძილზე ქალი დაზღვეულია არასასურველი ორსულობისგან. მისი გაკეთება ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით ხდება და სულ რაღაც 5-10 წუთს საჭიროებს. ჩადგმა ხდება მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან.

მშობიარობის შემდეგ: 6 თვეში - თუ ქალს აქვს ლაქტაციური ამენორეა; 6 კვირაში - თუ ქალი კვებავს ბავშვს ძუძუთი, მაგრამ არ აქვს ლაქტაციური ამენორეა; მაშინვე - თუ ქალი არ კვებავს ბავშვს ძუძუთი. ასევე შესაძლებელია აბორტის შემდეგ - მაშინვე.

მოქმედების მექანიზმი: იწვევს ცერვიკალური ლორწოს გასქელებას, ენდომეტრიუმის ატროფიულ ცვლილებებს, ამცირებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ზედა სასქესო გზებში (ფალოპის მილებში), თრგუნავს ოვულაციას (50-60%). იმპლანტის ამოღების პროცედურა მარტივია, კანზე არ ტოვებს ნაწიბურს.


ნინო ჯანიძე
ჟურნალი "... და ქალი"

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93