სიცხეში კოსმეტიკური ყინული ნამდვილი შვებაა შენი კანისთვის. მისი მომზადება ძალიან მარტივია, სარგებელი კი მნიშვნელოვანი – ის ატენიანებს კანს, აცოცხლებს, უტარებს მიკრომასაჟს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ამარაგებს კანს მიკროელემენტებით.
მთავარია, სწორად შეარჩიო ყინულის შემადგენლობა შენი კანის ტიპის მიხედვით.
ყინულის კუბით სახის გაწმენდა ყოველდღიურად შეგიძლია, მაგრამ ეფექტი რომ მაქსიმალური იყოს, ზოგიერთი წესი უნდა დაიცვა. აიღე ყინულის კუბი და ზედმეტი დაწოლის გარეშე გაიკეთე სახის მასაჟი. ერთ ადგილას დიდხანს არ გაიჩერო, რაც შეიძლება სწრაფად მოიტარე კანზე. უყურადღებოდ არ დატოვო ყელი და დეკოლტე.
მშრალი კანისთვის
კენკრა
მშრალი კანისთვის აჯობებს, ყინული წითელი კენკროვნებისგან მოამზადო – ის დაეხმარება კანს, შეინარჩუნოს სინოტივე რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ მიზნისთვის ნებისმიერი სეზონური პროდუქტი გამოგადგება – მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, ალუბალი და სხვა... ყინული კი შემდეგი წესით მოამზადე: გამოწურე მარლის მეშვეობით კენკრიდან წვენი, ჩაასხი ფორმებში და რამდენიმე საათით შედგი საყინულეში.
რძე
ცხოველურ ცხიმებს, რომლებსაც რძე შეიცავს, შეუძლია კარგად დაატენიანოს მშრალი კანი. ამიტომაც თამამად გააკეთე რძისგან ყინული, ოღონდ არ დაგავიწყდეს, შეურიო წყალი – სხვაგვარად მისი გაყინვა გაგიჭირდება.
ცხიმიანი კანისთვის
ლიმონი
შეკრას ფორები და მოაცილოს კანს ზედმეტი ცხიმი - შეუძლია გაყინულ ლიმონის წვენს, რომელიც ასევე გაჯერებულია C ვიტამინით. ოღონდ დაიმახსოვრე, რომ გაუზავებელი ლიმონის წვენი ძალიან მჟავეა და შეუძლია დაარღვიოს კანის ბუნებრივი Ph-ბალანსი ან გამოიწვიოს ალერგია. ამიტომაც აუცილებლად გააზავე წყალში პროპორციებით 1:1-ზე.
გვირილა
გვირილის ნახარშს ანტისეპტიკური თვისება აქვს. ამიტომაც ის ძალიან მოუხდება ცხიმიან კანს. გამხმარი გვირილა შეგიძლია შეიძინო აფთიაქში. 1-2 კოვზ გვირილას დაასხი ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და 5 წუთი ადუღე. შემდეგ გააცივე, გაწურე და ჩაასხი ფორმებში, გაყინე – მზად არის!
კომბინირებული კანისთვის
პიტნა
შენს კომბინირებულ კანს სჭირდება ყინული, რომელიც არ გამოაშრობს კანის ისედაც მშრალ ადგილებს და ამასთან, ზედმეტ ცხიმს მოაშორებს T-ზონას. ამისათვის იდეალურია პიტნის ნახარშის ყინული – ის შეკრავს ფორებს და გამოაცოცხლებს კანს.
შვრიის ფანტელი
ძალიან სასარგებლოა შერეული ტიპის კანისთვის. შვრიის ფანტელი დაამშვიდებს კანს და მის ფერს გამოაცოცხლებს. ფაფის მომზადება არ დაგჭირდება – უბრალოდ, დაასხი შვრიის ფანტელს ადუღებული წყალი და გააჩერე რამდენიმე საათი, შემდეგ გაწურე მარლაში ან საცერში და მიღებული გამჭვირვალე-თეთრი სითხე გაყინე.
პრობლემური კანისთვის
ზღვის მარილი
ალბათ, იცი, რომ ზღვის მარილი – გამონაყარისა და გაღიზიანებული კანისთვის უებარია. შემჩნეული გექნება, რომ ზღვაზე დასვენებისას კანი შესამჩნევად სუფთა ხდება. იმისათვის, რომ გაიკეთო ეს "საშვებულებო ეფექტი", მოამზადე ზღვის მარილის ხსნარი: გახსენი ერთი ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში, მიღებული ხსნარი კი გაყინე. ასე მომზადებული ყინული ეფექტური ანტისეპტიკური საშუალება იქნება შენი კანისთვის.
ცაცხვი და ლიმონი
თუ ძალიან პრობლემური კანი გაქვს, შესანიშნავ შედეგს მიიღებ, თუ ცაცხვის ნაყენს ლიმონის წვენს შეურევ. 2 კოვზ გამხმარ ცაცხვს დაასხი ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერე 15-20 წუთი, გააგრილე და დაუმატე ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული ნაყენი ჩაასხი ფორმებში და გაყინე.
ნორმალური კანისთვის
ნორმალური კანის ბედნიერ მფლობელებს არ სჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა და სიბრძნე იმისათვის, რომ მოამზადონ სხვადასხვა სახეობის ყინული. კოსმეტიკური ყინულისგან, უბრალოდ, კანის გაცოცხლება და მსუბუქი ლიფტინგი გსურს მიიღო? მაშინ გაყინე ჩვეულებრივი მინერალური წყალი.
საზამთროს წვენი
კანს შესანიშნავად დაატენიანებს და გამოაცოცხლებს საზამთროს ყინული. ამასთან, მას სასიამოვნო არომატი აქვს და ნამდვილ საზაფხულო განწყობას შეგიქმნის. საზამთროს წვენს მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ამიტომაც ძალიან კარგი იქნება დილიდან მისი ყინულის მასაჟის გაკეთება.
ასევე იხილეთ:
სილამაზის 27 პროფესიონალური ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!