ზოგიერთი ბალახი კანისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას და ვიტამინს შეიცავს. მას ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების ჩანაცვლებაც შეუძლია.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
მზესუმზირის რამდენი მარცვალი კონტეინერში დათესეთ. რამდენიმე დღეში ამონაზარდს გაიკეთებს. მოაჭერით, დააბლენდერეთ და 1 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი შეურიეთ. მიღებული მასა სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიწმინდეთ თეთრი ხელსახოცით. თუ დისკომფორტს იგრძნობთ, შეგიძლიათ თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
მშრალი და ნაოჭებიანი კანისთვის
პირველ ნაოჭებს შემდეგი ნიღაბი მოგაშორებთ: ბაბუაწვერას ფოთლები დააქუცმაცეთ, დაუმატეთ არაჟანი (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ). წაისვით კვირაში 2-ჯერ, გაიჩერეთ 10-15 წუთით. რამდენიმე პროცედურაში შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა.
მუწუკებისა და აკნეს მოსაშორებელი ნიღაბი
თუ სახეზე მუწუკებმა დაგაყარათ ან აკნე გაგიჩნდათ, დაგეხმარებათ ჭინჭარი, კამა და კვერცხის ცილა. ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლები და კამა დააბლენდერეთ, დაუმატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა. მოურიეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15-20 წუთი. თუ ამ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ, მუწუკებისგან დიდხანს გათავისუფლდებით.
ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ნიღაბი
მათეთრებელი ეფექტი აქვს ოხრახუშს, მჟაუნასა და კეფირს. ერთმანეთში გადაურიეთ თითოეული ინგრედიენტის 1 სადილის კოვზი. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ცხიმიანი კანის ნიღაბი
ზაფხულში სახე უცხიმიანდებათ იმათაც კი, ვინც გაზაფხულსა და შემოდგომაზე კანის სიმშრალით იტანჯება. ამიტომ სასარგებლოა ბალახეულის ნიღბების გაკეთება. აიღეთ თითო სადილის კოვზი მრავალძარღვა, ვირისტერფა და თაფლი. გადაურიეთ ერთმანეთში. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით.