მცხუნვარე მზისა და ზღვის მარილიანი წყლისგან გამომშრალ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჩვენ შეგირჩიეთ მარტივი რეცეპტები, რომლებსაც დამოუკიდებლადაც დაამზადებთ.
თითოეული ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. თავზე წასმის შემდეგ ქუდი დაიხუროთ და 30 წუთი გაიჩეროთ.
ავოკადოსა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
ეს მოდელ ჯოან სმოლის საყვარელი ნიღაბია. ლამაზმანი მას რეგულარულად იკეთებს. დაგჭირდებათ: მწიფე ავოკადო, 2 სადილის კოვზი ზეითუნი და კვერცხის ორი გული. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ, წაისვით თავზე და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შედეგს უკვე მეორე-მესამე გაკეთებაზე შეამჩნევთ, - თმა ბზინვარე და დატენიანებული გახდება.
ხაჭოსა და კიტრის ნიღაბი
ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს თმას. იდეალურია გამომშრალი თმისთვის. დააბლენდერეთ ცხიმიანი ხაჭო და კანგაცლილი კიტრი. დატენიანებაზე კიტრი იზრუნებს, კვებაზე - ხაჭო.
კივის ნიღაბი
თმის სიგრძის მიხედვით 1 ან 2 კივი დაგჭირდებათ. მწიფე ნაყოფი ჩანგლით დასრისეთ და თმაზე წაისვით. კივი მდიდარია "ე", "ცე", "ბე 6", "ბე 9" ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავით. თქვენი თმა მადლიერი იქნება ასეთი ნიღბისთვის.
კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი
ეს კლასიკური რეცეპტია, რომელსაც ჩვენი ბებიებიც კი იკეთებდნენ. კვერცხის ორი გული (იგი მდიდარია "ა", "ბე", "ე", "დე" ვიტამინებით და აგრეთვე, ლეციტინით, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი თმისთვის) სადილის კოვზ თაფლს გადაურიეთ. გახსოვდეთ, რომ 30 წთ-ის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.
საფუვრის ნიღაბი
საფუარი სასარგებლოა თმისთვის, რადგან უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. საფუარი მაწონში გახსენით, ცოტა ხანი დააცადეთ და მიღებული ფაფა თმაზე წაისვით.
ჟელატინის ნიღაბი
ყველაზე იაფფასიანი და სწრაფი ნიღაბი, რომელიც თმას ბზინვარებას დაუბრუნებს. 2 სადილის კოვზი ჟელატინი თბილ წყალში გახსენით და მუდმივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ, არ აადუღოთ. გაგრილებულს დაუმატეთ კვერცხის გული და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. ნიღაბი თმას ლამინირების მსუბუქ ეფექტს მიანიჭებს.
ალოესა და თაფლის ნიღაბი
ალოეს სასწაულმოქმედ თვისებებზე, ალბათ, გსმენიათ. იგი ყველაფრისთვის სასარგებლოა და გამონაკლისს არც თმა წარმოადგენს. 2 სადილის კოვზი ალოეს წვენი 1 სადილის კოვზ თაფლში შეურიეთ და მიღებული ნარევი თმაზე გადაინაწილეთ.
ბანანის ნიღაბი
კალიუმითა და "ბე" ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ბანანი თმისთვის აუცილებელი პროდუქტია. ნიღაბი სწრაფად მზადდება. ბანანი ჩანგლით უნდა დასრისოთ და ფაფისებური მასა თავის კანსა და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილოთ. ნიღაბი კვებავს, ატენიანებს და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს თმას.
ეთერზეთების ნიღაბი
ჟოჟობას, ნუშის, ზეითუნის, მზესუმზირის, აბუსალათინის, ბირკის და ნებისმიერი ზეთის, რომელიც სახლში მოგეპოვებათ (შეგიძლიათ ზეთოვანი "ა" და "ე" ვიტამინიც დაუმატოთ) კოქტეილი უნდა დაამზადოთ და უკეთესი ეფექტის მისაღებად, წყლის აბაზანაზე შეათბოთ. თბილი ნიღაბი თმაზე წაისვით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ასევე იხილეთ:
როგორ მოქმედებს კვერცხის ნიღბები ჩვენს თმაზე?