ეს ნიღბები სახის კანის სხვადასხვა პრობლემას მოგიგვარებთ, მის ინგრედიენტებს კი სამზარეულოში იპოვით.
გამონაყრისთვის
ბანანისა და თაფლისგან (თანაბარი რაოდენობის) ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. სახეზე წაისვით და თითების მსუბუქი დარტყმით მასაჟი გაიკეთეთ, რათა კანმა უკეთ შეიწოვოს ვიტამინები და მინერალები. ნიღაბი ჩაგიქრობთ ანთებას, გაწითლებას. გაგიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას.
ვარსკვლავური კაპილარებისთვის
ისინი არ გაქრებიან, მაგრამ საგრძნობლად შემცირდებიან. გახეხეთ კარტოფილი დაუმატეთ შვრიის ფანტელები და წაისვით პრობლემურ ადგილებზე 10-15 წუთი.
ტონუსისთვის
კანის უჯრედებს გაგიახალგაზრდავებთ და სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ კვერცხის ცილა. 1 კვერცხის ცილა მკვრივ მასად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. რეგულარულად თუ გაიკეთებთ, მცირე ნაოჭები მოგშორდებათ.
დატიანება და კვება
ზაფხულში, კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. დამატენიანებელი და მკვებავი კრემის დასამზადებლად კიტრი გახეხეთ და არაჟანი შეურიეთ. წაისვით სახეზე 10 წუთი და ჩამოიბანეთ. მომენტალურად იგრძნობთ, კანი როგორ გამოგიცოცხლდებათ.
დაცვა
კვირაში ერთხელ კანის დამცავი კრემი გაიკეთეთ. სადილის კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1 ცალი კვერცხის გული, კარგად შეურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე.
აქერცვლის საწინააღმდეგოდ
ზოგჯერ კანი ზაფხულშიც სკდება და იქერცლება, მის დასაცავად შემდეგი ნიღაბი უნდა მოამზადოთ: თანაბარი რაოდენობით აიღეთ ხაჭო, სტაფილოს წვენი და რძე. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთი და ჩამოიბანეთ.
პილინგი
ამ რეცეპტით მომზადებულ სკრაბს მგრძნობიარე კანისთვისაც გამოიყენებთ. ერთმანეთში გადაურიეთ დაბლენდერებული შვრიის ფანტელი და მანანის ბურღული, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ცალი კვერცხის გული. ნიღაბი სახეზე წაისვით და შეშრობას დაელოდეთ. შემდეგ თითების წრიული მოძრაობებით ფრთხილად გაიწმინდეთ სახის კანი.
ნაოჭების წინააღმდეგ
კანი დიდი ხნით რომ დარჩეს ელასტიკური კურკუმისა და არაჟნის ნიღაბი უნდა წაისვათ. 2 ჩიას კოვზ სანელებელს დაუმატეთ იმდენი არაჟანი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. გაიჩერეთ სახეზე 10 წუთი და ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ ძილის წინ.
ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად
კომბინირებული და ცხიმიანი კანი ნაკლებად იბზინებს თუ ლობიოს ნიღაბს გაიკეთებთ. საღამოს ლობიოს რამდენიმე მარცვალი წყალში ჩაალბეთ. დილით დააბლენდერეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამდენივე ლიმონის წვენი. სქელ ფენად გადაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.
თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ
ყურძენ საუკეთესო ანტიოქსიდანტია, რამდენიმე მარცვალი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ჟელატინი და როცა ერთგვაროვან მასად იქცევა, 20 წუთით გაიჩერეთ სახესა და დეკოლტეს ზონაზე.
ახლა კი მოკლე ცნობარი შინაურული ნიღბების გასაკეთებლად:
დამატენიანებელია: კიტრი, სტაფილო, ნესვი, კვერცხის ცილა, ზეთი, ხაჭო, არაჟანი, რძე, მაწონი და კეფირი.
კანის ბზინვარებისგან გაგათავისფულებთ: ლიმონი, საფუარი, მწვანე ჩაი, მარწყვი, ჯოლო, მოცხარი.
მკვებავია: კვერცხი, თაფლი, ზეთები.
მათეთრებელია: კიტრი, ოხრახუში, ლიმონი.
გამწმენდია: სოდა, შაქარი, შვრიის ფანტელი.
იცავს: თაფლი, ალოე, ზეითუნის ზეთი.
აახალგაზრდავებს: გრეიპფრუტი, მარწყვი, ყურძენი, ლავანდა, პიტნა.
კურნავს: ალოე, ზეთები.