მოდის ცვალებადობა არა მხოლოდ ტანსაცმელსა და ვარცხნილობაზე, არამედ წარბების ფორმაზედაც ვრცელდება. იყო დრო, როცა წვრილი, ხაზივით წარბები იყო მოდაში. კიდევ უფრო ადრე - მსხვილი და გრძელი, ლამის საფეთქლებამდე გადაჭიმული.
ვიზაჟისტი ნანა ბარბაქაძე დაგვეხმარება გავარკვიოთ, თუ როგორი წარბები უნდა ჰქონდეს თანამედროვე ქალს და გვასწავლის, როგორ მივცეთ მათ სასურველი ფორმა სალონში მიუსვლელად. გარდა ამისა, იმასაც გვირჩევს, როგორ შევიღებოთ წამწამები, რომ მზერა უფრო ღრმა და მეტყველი გაგვიხდეს.
- მოდურად ბუნებრივი ფორმის წარბები ითვლება, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ წარბს ხელი არ უნდა ვახლოთ და ,,თავის ნებაზე მივუშვათ”. აუცილებელია ზედმეტი თმის ღერების ამოპუტვა წარბს ქვემოთ (სადაც ჩრდილებს ვისვამთ, ასევე, წარბებს შორის, ცხვირის ფუძესთან. შემდეგ კი წარბების ფორმის, მისი სიგრძის კორექცია უნდა მოვახდინოთ.
- წარბების გასაკეთებლად ბევრი ქალი სალონში დადის. იქნებ გვირჩიოთ, სალონში მიუსვლელად, ჩვენ თვითონ როგორ მივცეთ წარბებს საჭირო ფორმა?
- წარბები რომ გავიკეთოთ, ასე უნდა მოვიქცეთ: ცხვირის ფუძეზე, ვერტიკალური მიმართულებით დავიდოთ ფანქარი ან ჩხირი. სადაც ეს ჩხირი წარბს გადაკვეთს, აი, იმ წერტილიდან უნდა იწყებოდეს წარბი. მანამდე, ანუ ცხვირისკენ, რაც ზედმეტი თმებია, ამოვიღოთ პინცეტით. ეს რაც შეეხება დასაწყისს.
წარბის ბოლო კი ასე უნდა ვიპოვოთ: ავიღოთ ისევ ფანქარი ან ჩხირი, დავიდოთ ცხვირის ფუძეზე, ოღონდ არა ვერტიკალურად, არამედ ისეთი მიმართულებით, რომ თვალის გარეთა კუთხეს შევეხოთ. სადაც ეს სწორი ხაზი წარბს გადაკვეთს, იქ უნდა მთავრდებოდეს წარბის სიგრძე. გადაკვეთის წერტილის იქით, საფეთქლისკენ ზედმეტი თმები პინცეტით ამოვიღოთ.
- პინცეტით თმის ამოღებასთან დაკავშირებით რა რჩევას მოგვცემთ?
- სანამ პინცეტის ხმარებას დავიწყებდეთ, თავდაპირველად, ადგილი წარბებთან კრემით უნდა დავიმუშაოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კანი დარბილდეს და თმის ამოღება ნაკლებად მტკივნეული იყოს. ამის შემდეგ ფუნჯის საშუალებით წარბებს საჭირო ფორმა მივცეთ. ზედმეტი თმა პინცეტით ამოვიღოთ.
უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევა: თმის ამოძრობა აუცილებელია მისი ზრდის მიმართულებით, ანუ რა მიმართულებითაც მიდის თმა, იმ მიმართულებას უნდა გავაყოლოთ პინცეტის მოძრაობაც. როდესაც ამ პროცედურას მოვრჩებით, წარბებთან სპეციალური რძე უნდა წავისვათ, რომელიც კანს ამშვიდებს და ფორებს ავიწროებს.
- რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც ზომაზე თხელი, მაჩხერი წარბები აქვთ?
- ასეთი წარბები მართლაც ბევრს აქვს. ამის შესანიღბად შეგვიძლია ფანქარი მოვიშველიოთ.
- ეს მათ არაბუნებრივ იერს არ მისცემს?
- არაბუნებრივ იერს მისცემს იმ შემთხვევაში, თუ ერთ სწორ ხაზს გავატარებთ. უფრო ბუნებრივად რომ ჩანდეს, ამისთვის მსუბუქი, პატარ-პატარა ხაზები უნდა გამოვიყვანოთ, ანუ თმის ღერების იმიტაცია შევქმნათ.
- ქალები ხშირად იღებავენ წარბებს თმის ფერის ცვლის მიხედვით. წარბისა და თმის ფერი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს?
- წარბები ოდნავ ღია უნდა იყოს თმის ფერთან შედარებით. მაგალითად, შავთმიანებს მუქი წაბლისფერი წარბები უხდებათ. შავი წარბები სახეს ასაკს მატებს და მკაცრ გამომეტყველებას ანიჭებს.
- წარბების არა მხოლოდ ფერი, ფორმაც დიდ როლს თამაშობს სახის გამომეტყველებაში...
- რა თქმა უნდა. ვთქვათ, ბოლოებში ქვევით ჩამოწეული წარბები სახეს მოწყენილ, ნაღვლიან იერს აძლევს. არასასურველი ფორმის და მასთან ერთად, გამომეტყველების შეცვლა პინცეტის დახმარებით შეგვიძლია. თუ ჩამოწეულ წარბებს ბოლოებში ამოვიპუტავთ და ოდნავ შესამჩნევად ფანქრით ზევითკენ მივცემთ მიმართულებას, მოწყენილი სახე აღარ გვექნება.
როდესაც ცხვირის ფუძეზე ზედმეტი თმებია, ანუ როდესაც გადაბმული წარბებია, სახე მრისხანე ჩანს. ამის შველაც შეიძლება, წარბებს შორის ზედმეტი ღერები უნდა ამოვიღოთ. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. წარბების როლი გარეგნობაში სულაც არ არის ისეთი უმნიშვნელო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. წარბების ფორმის ცვლით შუბლის ფორმის ვიზუალური კორექციაც არის შესაძლებელი.
- კონკრეტულად, როგორ?
- დაბალი შუბლი ოპტიკურად შეგვიძლია ავამაღლოთ. ამისთვის წარბები ოდნავ უნდა დავიმოკლოთ, ანუ ცხირის ფუძის მხრიდან პინცეტით ამოვიღოთ თმა. თუკი პირიქით, ზომაზე მაღალი გვაქვს შუბლი, მაშინ წარბი ცხვირის ფუძესთან ახლოს უნდა იწყებოდეს. თუ ასე არ არის, შეგვიძლია ,,მოვიხატოთ” იმ წესით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.
- წამწამების შეღებვასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ?
- ყველა ქალს, მათ შორის, მათაც, ვინც საერთოდ არ იკეთებს მაკიაჟს, ვურჩევ, წამწამები ყოველთვის შეიღებონ, ანუ აიტუშონ. ეს მათ თვალებს უფრო მეტყველს და ლამაზს გახდის. ქერათმიანებს წამწამების შავად ან ყავისფრად შეღებვა უხდებათ. შავთმიანებს შეუძლიათ უპირატესობა ლურჯს მიანიჭონ. ფუნჯის მიმართულებაა წამწამების ძირიდან ბოლოებისკენ.
- უმრავლესობა მხოლოდ ზედა ქუთუთოს წამწამებს იღებავს. თვალი ასე უფრო უკეთ ჩანს?
- რატომღაც მართლა მხოლოდ ზევით იღებავენ წამწამებს. არადა, ქვედა ქუთუთოს წამწამებზეც უნდა წავისვათ ტუში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ დროს დიდი ალბათობაა, კანი ტუშით დაისვაროთ. ასე რომ არ მოხდეს, წამწამების ქვეშ დავიფინოთ ქაღალდი და მხოლოდ ამის შემდეგ შევიღებოთ.
როცა ტუშის ერთი ფენა შეგვაშრება, ზევიდან მეორეც გადავისვათ. თუ წამწამები ერთმანეთს ეწებება, უნდა გავაცალკევოთ სპეციალური სავარცხლით. თუ ძალიან თხელი და მოკლე წამწამები გაქვთ, შეგიძლიათ ხელოვნური წამწამები გამოიყენოთ. ისინი მაკიაჟის გაკეთების შემდეგ უნდა დაიმაგროთ. დამაგრებამდე კი სიგრძეში დაამოკლოთ, რომ ბუნებრივი იერი ჰქონდეს. ხელოვნური წამწამებიც ისევე უნდა შეიღებოთ, როგორც ბუნებრივი.
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი ”და ქალი”