ბევრი ქალისთვის ნაცნობია ისეთი სამწუხარო პრობლემა, როგორიც არის პიგმენტური ლაქები სახეზე. ამის მიზეზი შესაძლოა, ბევრი რამ იყოს: ჰორმონალური ფონის დარღვევა, ორსულობა, მზის სხივების ზემოქმედება, ანტიბიოტიკები და უხარისხო კოსმეტიკა...
გთავაზობთ შესანიშნავ შინაურ საშუალებას – კარტოფილის მათეთრებელ ნიღბებს, რომლებიც არა მხოლოდ მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს სახიდან, არამედ გააახალგაზრდავებს მას, შეკრავს ფორებს და გამონაყარისგან დაგიცავთ. ეფექტის გასაუმჯობესებლად კარტოფილის ნიღაბში შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ინგრედიენტი.
1. კარტოფილის ნიღაბი ლიმონის წვენით
გახეხეთ გაფცქვნილი უმი კარტოფილი სახეხის ვარსკვლავებიან მხარეს, ზედმეტი წვენი გადაუქციეთ. ფაფას დაუმატეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი სახეზე 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. კარტოფილის ნიღაბი სტაფილოთი
კვლავ გახეხეთ კარტოფილი, როგორც წინა რეცეპტში, წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილოც, აურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წაისვით ნიღაბი სახეზე და დაიფინეთ კარტოფილის წვენში დასველებული ხელსახოცი. გაიჩერეთ ნიღაბი ასე 25 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. კარტოფილის ნიღაბი ხახვის წვენით
სუსტი ნერვების მქონეთ შეუძლიათ, ეს რეცეპტი გამოტოვონ, მაგრამ თუკი გსურთ, მართლაც მიიღოთ შედეგი და მოიშოროთ პიგმენტური ლაქები, მოამზადეთ ეს ნიღაბი.
კარტოფილი მოამზადეთ ზედა რეცეპტების მსგავსად, ხოლო ხახვის წვენის მისაღებად, გახეხეთ საშუალო ზომის ხახვი და გამოწურეთ ფაფისგან წვენი. ხახვის წვენი შეურიეთ კარტოფილის ფაფას, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თუკი ამ ნიღბის გამოყენებისას გაგიჩნდათ ქავილის, წვის ძლიერი შეგრძნება, მაშინვე ჩამოიბანეთ ნიღაბი. საერთოდ ნუ გაიკეთებთ ამ ნიღაბს, თუკი გაქვთ ნებისმიერ ამ ინგრედიენტზე ალერგია.