რატომღაც ქალები ფეხსაცმელს ორ კატეგორიად ყოფენ - გამოსასვლელი (ლამაზი, ელეგანტური, უმეტეს შემთხვევაში, მაღალქუსლიანი) და კომფორტული (ესპადრელები, ბოტასები ან სხვა ნებისმიერი სპორტული სტილის კედები).
ანალოგიური ვითარებაა, როცა საქმე ტანსაცმელს ან აქსესუარს ეხება. ბუნებრივია, საღამოს კაბით ჭურჭლის რეცხვა არაადეკვატურია და ვერც პიჟამას ჩავიცვამთ სამსახურში, ანუ არსებობს გარკვეული ნორმები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, მაგრამ ეთიკურად ჩაცმისთვის საჭირო დაუწერელი წესები ხშირ შემთხვევაში დოგმებში გვერევა ხოლმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი კომფორტულად მაშინ უნდა გრძნობდეს თავს, როცა ლამაზად გამოიყურება.
არ აქვს მნიშვნელობა, რა გაცვია, სპორტული ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თუ საღამოს კაბა, სამყარომ ქალად ყოფნის ბედნიერება გაჩუქა, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ვალდებული ხარ, ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდე.
ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ვერ ვიკეთებთ სასურველ ვარცხნილობას. ზოგჯერ, სულაც რაოდენ დიდიც უნდა იყოს სურვილი, სამოსს ვერ ვუხამებთ ერთმანეთს და მნიშვნელოვან შეხვედრაზე, გასაუბრებაზე ან მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ასე უგემოვნოდ ჩაცმულებს გვიწევს წასვლა.
ერთხელ მთელი წლის ნატვრა ამიხდა, გასაუბრებაზე დამიბარეს სასურველ კომპანიაში, სადაც შეიძლება სულაც არ აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ, როგორც ყველა ქალისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, შთამბეჭდავი ან მინიმუმ, სასიამოვნო შესახედი მაინც ვყოფილიყავი. თუმცა იმ დღეს მოვლენები ჩემი სურვილისამებრ არ განვითარდა და სახლიდან უბრალო შავი კაბით, მუქი ლურჯი მოსასხამითა და ასევე უბრალო შავი, დაბალძირიანი ,,შუზებით" გასვლა მომიწია. რა გაეწყობოდა? როგორც უნდა ყოფილიყო, პუნქტუალურობას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ, ვიდრე ჩემს აქსესუარებსა და მაკიაჟს. დროის უქონლობის გამო იძულებული გავხდი, make up-ის გარეშე და უბრალოდ ჩაცმული წავსულიყავი.
წვიმიანი, ნაცრისფერი დღე იყო. ქუჩაში ფეხით მოსიარულე არავინ შემხვედრია. მშვიდად ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსიში. თხუთმეტი წუთი ფანჯრიდან მოწყენილი ვუმზერდი წვიმით დანამულ ნაცრისფერ ასფალტს. გაჩერებიდან დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 50 მეტრი ფეხით მქონდა გასავლელი. საბედნიეროდ, წვიმამ გადაიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოვედი, ქოლგა დავკეცე, ჩანთაში ჩავაცურე და გზას გავუდექი. ჩემ წინ ორი პატარა გოგონა მიდიოდა, მხრებზე სკოლის წიგნებით დამძიმებული ჩანთები მოეკიდებინათ და დაღლილობის მიუხედავად, თვალები ეშმაკურად უციმციმებდათ. შევამჩნიე, ორივე უცნაურად მიყურებდა. ამიტომ კაბას დავხედე, დასვრილი ხომ არ მაქვს-მეთქი. ყველაფერი რიგზე იყო. მხრებზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე და ამასობაში გოგონებიც მომიახლოვდნენ. ჯერ ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და მერე მე მომიბრუნდნენ.
- რა ლამაზი ხართ, ქალბატონო! - მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა აღტაცებული გამომეტყველებით. სასიამოვნოდ გამაოცეს, "ქალბატონოზე" გულიანად გამეცინა და დაბნეულმა პატარებს მადლობასთან ერთად საპასუხო კომპლიმენტიც ვუთხარი. ბავშვები თვალს მოეფარნენ, მე კი მთელი დღე სახიდან ღიმილი აღარ მომშორებია... მეტიც, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გეფიცებით, ცა მოიწმინდა და მზემ გამოანათა. გასაუბრებაზე კარგი განწყობით შევედი და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
სამყარო უცნაურადაა მოწყობილი, პოზიტივი პოზიტივს იზიდავს. როგორ განწყობასაც შეიქმნით, ისეთივე სიახლეებს გაჩუქებთ ის. ცხოვრებაში სინათლის შეტანა ერთ კომპლიმენტსაც კი შეუძლია. ქათინაურების მისაღებად კი საკმარისია, სულ ცოტა დრო დავუთმოთ საკუთარ თავს. ღამით, დაწოლის წინ, როცა რიტუალურად სარკეს მივუჯექი და სახეზე ნიღბის წასმას შევუდექი, მაშინვე მივხვდი, რა იყო ბავშვების აღფრთოვანების მიზეზი. მოვლილი კანი ხომ ქალისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია?! სახის კანსაც ისევე სჭირდება კვება, როგორც ჩვენს სხეულს. ამისთვის სულაც არაა საჭირო ძვირად ღირებული კანის მოვლის საშუალებები.
გთავაზობთ ეფექტური სახის ნიღბის რეცეპტს:
შეინახეთ მინის ჭურჭლით მაცივარში და სახეზე შეიზილეთ კვირაში ორჯერ... კვებავს, არბილებს და აჯანსაღებს კანს.