მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბუნებრივ საშუალებებს და უარს ამბობს ქარხნული წესით დამზადებულ კოსმეტიკაზე. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია. აი, რამდენიმე რეცეპტი, რომლებსაც მარტივად მოამზადებთ.
თმისთვის
შამპუნი. თმის დასაბანად შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნის მაგივრად ხის ნაყოფის ნახარში - ერთ დაბანაზე ერთი სადილის კოვზი (იგივე შემადგენლობა შეგიცვლით შხაპის გელსაც). თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი დაუმატოთ, ცხიმიანი თმის შემთხვევაში კი - მდოგვი. თუ ნახარშის მომზადება გეზარებათ, უბრალოდ, საბავშვო საპონი გამოიყენეთ.
კონდიციონერი. ბზინვარებისთვის თმაზე გვირილის, ჭინჭრისა და სხვა ბალახების ნახარში გადაივლეთ.
საღებავი. ინა, ბასმა, დაფქული ნიგვზის უღელი და სხვა უამრავი ბუნებრივი კომპონენტი არსებობს, რომლებითაც სასურველი ფერის მიღება შეგიძლიათ. ამისთვის შერჩეული კომპონენტის ფხვნილს დაასხით იმდენი მდუღარე, რომ ფაფისებური კონსისტენცია მიიღოთ, დააყოვნეთ 15-20 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივად შეიღებეთ.
სახისთვის
კრემი. კრემის სახით იყენებენ ზეითუნის, ქოქოსის, ჟოჟობას, ავოკადოს ზეთს, რომელსაც 1-2 წვეთ ეთერზეთს უმატებენ.
ნიღაბი. სახეზე შეგიძლიათ წაისვათ ცხიმიანი არაჟანი ან მდუღარეში დამბალი შვრიის ფანტელი (ატენიანებს), გახეხილი კიტრი ან კარტოფილი (ათეთრებს), კვერცხის ცილაში შერეული თიხა (ფორებს ავიწროებს).
ტანისთვის
სკრაბი. სახის მსუბუქი პილინგისთვის საუკეთესო საშუალებაა ყავის ნალექი, ზღვის მარილი, შაქარი. აურიეთ რომელიმე მათგანი მცენარეულ ზეთსა და თაფლში და მიღებული ნაზავით სველი სახე დაიზილეთ, იდეალურია აბანოს შემდეგ. ფეხის ქუსლებისა და იდაყვებისთვის სკრაბის საფუძვლად გარგარის დაფხვნილ კურკებს იყენებენ.
კბილებისთვის
კბილის პასტა. თეთრი თიხა, ცარცი, ნაცარი, დაფქული მარილი - მათ ფხვნილს კბილების გასაწმენდად იყენებენ. მინანქარი თეთრი რჩება.
პიტნის ნაყენი კანისთვის
ყელის კანი სახის კანზე არანაკლებ სათუთი მოსავლელია, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან უპირველეს ყოვლისა სწორედ ის გასცემს თქვენს ასაკს.
თუ ყელზე მშრალი კანი გაქვთ, სასარგებლოა პიტნის ნაყენის კონტრასტული კომპრესები. შეუნაცვლეთ ერთმანეთს ცივი და ცხელი (38-42 გრადუსი) კომპრესები, ოღონდ დაიწყეთ და დაამთავრეთ ცივი კომპრესით. კომპრესისთვის ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზ გამხმარ პიტნის ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. ცხელი საფენი ყელზე 1-2 წუთით დაიფინეთ, ცივი კი - 5 წუთით გაიჩერეთ.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)