თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში და ეს ორივე მათგანისთვის იმდენად დამთრგუნველია, რომ შესაძლოა ადამიანი დეპრესიამდეც მიიყვანოს.
ჩნდება კომპლექსები, მუდმივად ქუდის ტარების სურვილი, თუმცა მიზეზებზე საუბარი რთულია. თმის ცვენა განსაკუთრებით გაზაფხულზე იჩენს თავს და ძალიან საყურადღებოა, რადგან შესაძლოა, ამ სეზონზე დაწყებულმა პროცესმა გამელოტებამდე მიგიყვანოთ.
გამელოტების რისკის წინაშე ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი იდგა. მათ შორის: კირა ნაითლი, ენ ჰეთევეი, მომღერალი ჯესი ნელსონი, ფილმ „ყვირილის“ მსახიობი ნევ კემბელი. მათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა გზას მიმართეს, თუმცა მიზეზი თითოეულის შემთხვევაში თითქმის ერთი და იგივე იყო: ხშირი შეღებვა, გასწორება, ვარცხნილობების მუდმივი შეცვლა. ამბობენ, რომ თმის ცვენა შეიძლება დიდმა სტრესმა და დეპრესიამაც გამოიწვიოს.
ამაში მხოლოდ სეზონი, თმების მოუვლელობა თუ ნეგატიური ემოციები როდია „დამნაშავე“. თმის ცვენის მიზეზად შესაძლოა, ქრონიკული დაავადება, ორგანიზმში რკინის ან თუთიის უკმარისობაც იქცეს.
უნდა ვაღიროთ, რომ მკურნალობა მარტივი არაა, თუმცა დროულ ჩარევას ყოველთვის აქვს შედეგი. მაგალითად, რეკომენდებულია კვირაში ორჯერ ჭინჭრის, დაფნის ფოთლებისა და გვირილის ნაყენის თავზე წასმა დაბანამდე 1 საათით ადრე.
ნაყენის მომზადების წესი:
ერთნაირი თანაფარდობით ვიღებთ ჭინჭრის, დაფნისა და გვირილის ფურცლებს, ვხარშავთ ცოტაოდენ წყალში მანამ, სანამ წყლის მოცულობა არ განახევრდება.
ასევე ეფექტურია რძეში მოხარშული ბირკავის გამოყენებაც.
არსებობს გარკვეული წესებიც, რომლებიც თავიდან აგარიდებთ თმის ცვენის პრობლემას და ახალ სეზონთან მშვიდად შეხვედრის საშუალებას მოგცემთ:
მოერიდეთ სიცივეში ქუდის გარეშე სიარულს. ამან შეიძლება თმის ფოლიკულების დაზიანება გამოიწვიოს.
- ამ სეზონზე ერიდეთ თმების ხშირ გასწორებას, რადგან გაზაფხული თმებისთვის ისედაც კრიტიკული პერიოდია. გასწორება კი თმებს ისედაც ძლიერ აზიანებს.
- არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ, თუ თმის ძირები ისევ სველია.
- არ დაიბანოთ თავი ზედმეტად ცხელი წყლით. ეს თმის ცვენის გამოწვევის პირდაპირი გზაა.
- იკვებეთ ჯანსაღად. თმის ცვენის მიზეზი ორგანიზმში წყლის ნაკლებობაც შეიძლება გახდეს. მიირთვით ხილ-ბოსტნეულიც.
- თუ სტრესულ გარემოში ხშირად გიწევთ ყოფნა, მიიღეთ მცენარეული დამამშვიდებლები - გვირილის ნაყენი, შავბალახა...
- რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, გოგრის თესლის დილით მირთმევა ჯანსაღი თმების საწინდარია.