როგორც კი ღრუბლები გაქრებიან და მზე გამოანათებს, კანის პრობლემები მაშინვე იჩენს თავს. კარგი იქნება, თუ სწორად მივიღებთ მზის აბაზანებს. მიუხედავად იმისა, სანაპიროზე ვირუჯებით თუ ჩრდილს ვაფარებთ თავს, ულტრაიისფერი სხივები ყველგან აღწევს. შესაბამისად, კანის დაზიანებისგან აქაც არ ვართ დაცულები.
D ვიტამინი განსაკუთრებული ჰორმონია, რომელიც კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით. მიუხედავად ამისა, აქაც ზომიერებაა დასაცავი. მზის სხივები იწვევს კანის დაწვას, ლაქების და ნაოჭების გაჩენას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კანის კიბოს.
მისგან თავის დასაცავად ვიყენებთ კრემებს, რაც თავისთავად, დაავადებების რისკებს ამცირებს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიკვებებით. ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, ჩვენი კვება იმდენად ინსტინქტურია, არ ვაქცევთ ყურადღებას, რას ვჭამთ. თუმცა საჭიროა მივაშუროთ სამზარეულოებს და შევამოწმოთ, რა საკვები პროდუქტი გვაქვს. ზოგიერთ მათგანს შეუძლია დიდხანს შეუნარჩუნოს კანს ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა.
ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული საკვები
მცენარეული წარმოშობის პროდუქტები ანტიოქსიდანტების ძირითადი წყაროა. მასში შემავალი ნივთიერებები კანის დაზიანებას სხვადასხვა გზით ებრძვის. მაგალითად, კაროტინოიდები არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც განსაკუთრებით ბევრია ნარინჯისფერ და წითელ ხილსა და ბოსტნეულში, მწანე ჩაიში. ისინი შეიცავს ვიტამინების, მინერალების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უზარმაზარ სპექტრს. აგრეთვე, ვიტამინი C და E და ომეგა 3 - ცხიმმჟავებით გამდიდრებული საკვები, ანთების განვითარებას უშლის ხელს და ამცირებს კანის კიბოს რისკს.
საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით გამდიდრებულ საკვებს იღებენ, მელანომის შემთხვევები შემცირებულია.
კანისთვის სასარგებლო პროდუქტების სია
პომიდორი არის ლიკოპეინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ხელს უშლის კანის დამწვრობის მიღებას. ლიკოპეინით სხვა მდიდარი საკვებია ვარდისფერი გრეიპფრუტი. საზამთროს შემადგენლობაში 90% წყალია, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას. ტკბილი კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სპილენძს, ასევე თუთიის და C ვიტამინის წყაროა, რომელიც კანს უფრო ელასტიკურს და გლუვს ხდის. ისპანახი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ხელს უწყობს კანის სიწითლის შემცირებას. რაც შეეხება კენკროვანებს - ლურჯი ყურძენი უდიდესი საბადოა ანტიოქსიდანტების. მდიდარია ბოჭკოთი და ვიტამინებით, იცავს კანს გამოფიტვისგან. ბროწეული დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს,და ვიტამინებს, კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს და რკინას შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას. მზის დამწვრობის შემდეგ ბროწეულის წვენის მიღება ხელს უწყობს დაბერებული უჯრედების გაახალგაზრდავებას, კანის აღდგენას და ელასტიკურობის შენარჩუნებას.
ყავის დალევა 20%-ით ამცირებს მელანომას (კანის სიმსივნეს). მწვანე ჩაი კი, შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს - კატეხინებს, რომლებიც წინასწარი კვლევის მიხედვით, კანს კიბოსგან იცავს.
გვანცა ახვერდაშვილი
წყარო: edition.cnn.com