ადამიანების დიდი ნაწილი გამუდმებით ვაკრიტიკებთ საკუთარ გარეგნობას. მივიჩნევთ, რომ ბევრი ნაკლოვანება გვაქვს, ვცდილობთ მათ დაფარვას სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით, ვიკეთებთ პლასტიკურ ოპერაციებს, თუმცა, თუ საკუთარი თავის შეყვარებას შევძლებთ, თუ შევიყვარებთ ჩვენს თავს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვართ, შესაძლოა, ის, რაც ახლა ნაკლად მიგვაჩნია, ღირსებად ვაქციოთ.
ხელოვანი სარა შაკილი, რომელიც ”ინსტაგრამზე” პოპულარობით სარგებლობს, ქალებს სწორედ ამას გვეუბნება - გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
"სტრიები" თითქმის ყველა ქალს ნაკლად მიაჩნია. მათი მოშორების მცდელობას დიდი დრო და ენერგია მიაქვს, ხოლო თუ მცდელობა უშედეგოა, ეს დამატებით ნერვიულობის მიზეზი ხდება. განვიცდით, არ მოგვწონს "სტრიებით" დახაზული სხეული.
სარა კი თავისი პროექტით გვიჩვენებს, რომ რეალურად, "სტრიები" სხეულს სრულყოფილს ხდის. მან ე.წ. გლითერის, ბრჭყვიალა და მბრწყინავი ეფექტის გამოყენებით, "სტრიები" სხეულზე ხაზგასმით გამოყო და ამით ფოტოები, რომლებზეც ქალის სხეულია აღბეჭდილი, ხელოვნების ნიმუშად აქცია. სარას თავისი ნამუშევრებით სურს, ქალებს უთხრას, რომ იამაყონ თავიანთი დახაზული სხეულით, რომ სინამდვილეში ის მშვენიერია.
სარა შაკილი ცნობილია, როგორც ხელოვანი, რომელიც ხელოვნების აბსტრაქტულ ნიმუშებს აქვეყნებს ”ინსტაგრამის” გვერდზე. მისი უკანასკნელი პროექტიც არ არის ამ მხრივ განსხვავებული.
სხვადასხვა ფოტოს კომბინაციით და მასზე სხვადასხვა ეფექტის გამოყენებით, სარა ულამაზეს ალტერნატიულ რეალობას ქმნის. მისი ბოლო პროექტი კი აჩვენებს, რომ ყველაფერი შეიძლება სილამაზის ნიმუშად აქციო, მათ შორის, "სტრიებიც", რომელიც ასე არ მოსწონს ძალიან ბევრ ქალს.
სარა მბრწყინავ ეფექტს იყენებს იმისთვის, რომ ხაზგასმით გამოყოს სხეულზე ის ნაწილები, რომლებსაც ბევრი ადამიანი ნაკლოვანებად მიიჩნევს და სურს ამით თავის მიმდევრებს შეახსენოს, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში არიან.
ჰეშთეგით be happy სარა გვეუბნება, რომ ბედნიერები ვიყოთ და მიიჩნევს, რომ "სტრიების" ხაზები სხეულს სრულყოფილებას მატებს.
ხატია ვარდოსანიძე
წყარო