შევცვალოთ ჩვენი სახის კანის მოვლის რუტინა ასაკის მატებასთან ერთად
ასაკის მატებასთან ერთად სახის კანი სტრუქტურას იცვლის. როგორც ვიცით, ახალგაზრდობის პერიოდში კანს ნაკლებად სჭირდება ზრუნვა. როცა ქალი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადის, რომელიც ცვლილებებით სავსეა (მაგ: მენოპაუზა), კანი განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესები კანზე მაშინვე აისახება ხოლმე. სპეციალისტების დახმარებით, განვიხილოთ ის შეცდომები, რომლებსაც თითოეულ ათწლეულში ვუშვებთ და სწორად შევარჩიოთ კანისთვის შესაფერისი პროდუქცია.
20 წლის ასაკში
- არ ვიცით, რომ კანს ზრუნვა სჭირდება. ახალგაზრდობის პერიოდში ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, ასე ვთქვათ, ზრუნვის ნაკლებობა. არცთუ ისე დაბალანსებული კვება, არაჯანსაღი დიეტა, ძილის ნაკლებობა, ალკოჰოლის მიღება და ა.შ ახალგაზრდულ ასაკში სახის კანის შესახებ აუცილებელია ვიცოდეთ, რა არ შეიძლება: მაკიაჟით დაძინება, კოსმეტიკის ინტენსიურად გამოყენება. აუცილებელია სახის კანის სწორად დაბანა, დატენიანება, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. გამოცდილი ფარმაცევტები გვირჩევენ: ,,იზრუნეთ თქვენს კანზე ახალგაზრდა ასაკიდან და ზრდასრულ ასაკში ნახავთ ოპტიმალურ შედეგს“.
- არ ვიცავთ კანს მზისგან. 20 წლის ასაკში გვიყვარს რუჯის მიღება, თხილამურები, სირბილი... სწორედ ამ ასაკში ჩნდება პირველი ნაოჭები მზის ზემოქმედების შედეგად. ამიტომ, კარგი იქნება მზისგან დამცავი კრემების მოხმარება.
- კარგად არ ვისუფთავებთ სახეს. ზოგიერთ ქალს ეზარება მაკიაჟის მოშორება ან არასწორად აკეთებს ამას. მომავალში ეს უარყოფითად აისახება სახის კანზე, რადგან ამ ასაკში ფორები გაფართოებულია და კანი მარტივად ბინძურდება. გადავლახოთ სიზარმაცე. მხოლოდ პირის დაბანით კოსმეტიკას ვერ მოიშორებ, უნდა შეირჩეს შესაბამისი პროდუქცია, კანის ტიპის მიხედვით.
30 წლის ასაკში
- არასწორად ვარჩევთ პროდუქტებს. ამ ათწლეულში ვამჩნევთ დაბერების პირველ ნიშნებს. ამ პერიოდში კანის ტენიანობისა და უჯრედების აღდგენის პროცესები ნელ-ნელა იკლებს. შესაბამისად, ნორმალურია კანის ცხიმოვანი ტენდენციების შენარჩუნება. ასე რომ, დამატენიანებელ კრემებზე მეტად მოსახერხებელია გამოვიყენოთ შრატები, რომლებიც უზრუნველყოფს ჰიდრატაციას კანის ზედაპირზე და ღრმა ფენებში.
- არასრული რუტინა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და არ გაქვს ჩამოყალიბებული თავის მოვლის სრული რუტინა. საჭიროა თვალის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის დამატება, მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება ზამთარშიც, ღამის კრემის მოხმარება.
- უგულებელყოფა იმისა, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენ მიერ გამოყენებული პროდუქტების უკუჩვენება კანზე. ჩვენს კანზე დაკვირვების შედეგად, შეიძლება დავადგინოთ კანის ტიპი.
40 წლის ასაკში
- არ ვცვლით რუტინას. მთავარი შეცდომა არის ის, რომ კანს ისევე ვუვლით, როგორც 30 წლის ასაკში. ამ პერიოდში ჩნდება პიგმენტური ლაქები, ქვემოთ ეშვება ლოყები და ღაწვები, ღიავდება ტუჩის კონტური. ამიტომ მნიშვნელოვანია კანის ხშირი დატენიანება.
- კოსმეტიკის გამოყენება მხოლოდ სახეზე. კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ. შრატი გამოყენებული უნდა იყოს ყელზე და ყურების მიდამოებშიც. ყელზე შრატი უნდა დავიტანოთ მოძრავი მოქმედებებით ზევიდან ქვევით. სასურველია, კრემი კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების წარმოქმნას უწყობდეს ხელს.
50 წლიდან
- არ ვიკეთებთ მასაჟს. სახის მასაჟის დროს კუნთები ვარჯიშდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. სანამ მასაჟს გავიკეთებთ, სახე სათანადოდ გავიწმინდოთ. მასაჟი არ წელავს კანს, პირიქით, აჯანსაღებს და აძლიერებს მას.
- ვსვამთ წყალს მცირე რაოდენობით. ზედმეტად მშრალი კანი, დიდი ალბათობით, ორგანიზმში წყლის ნაკლებობითაა გამოწვეული. ზოგს ჰგონია, რომ ნებისმიერი სითხის მიღება, ეს იქნება ჩაი, ყავა თუ ალკოჰოლური სასმელები, ეს საკმარისია ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. წყალს ვერანაირი სხვა სითხე ვერ შეცვლის.
- იპოვოთ პროდუქტი, რომელსაც ყველაფერი აქვს. ზედმეტი კოსმეტიკის გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ადრე არ დავბერდებით. ჭარბი კოსმეტიკის გამოყენებამ შესაძლოა კანი დააზიანოს. მიზანშეწონილია, თუ მხოლოდ ამ პროდუქტებს გამოვიყენებთ: გამწმენდი, მატონიზირებელი, შრატი და კრემი.
თუკი ასე განსაკუთრებულად მოვუვლით თავს, ახალგაზრდობასა და სილამაზეს დიდხანს შევინარჩუნებთ. მთავარია, არ დაგვეზაროს და შედეგიც არ დააყოვნებს.
გვანცა ახვერდაშვილი
წყარო: hola.com