ასე ამბობენ, თმა ქალისთვის გამორჩეული სილამაზეაო, ჩვენ კი მას ხშირი შეღებვით, გასწორებითა და სხვადასხვა ვარცხნილობით ვაზიანებთ, ვაშრობთ და მთავარ ბზინვარებას ვუკარგავთ, შემდეგ ამ გამომშრალ თმებს იძულების წესით ვიჭრით და მთელი თვეები მის გაზრდას ველოდებით. ახლა ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თმის გაზრდისა და გაჯანსაღებისთვის იდეალური პერიოდი დაიწყო.
ნახეთ 5 ნატურალური საშუალება, რომლებიც თმის სწრაფ გაზრდაში დაგეხმარებათ
1. ქოქოსის ზეთი
ამ პროდუქტის ჯადოსნურობაზე ქალები ხშირად საუბრობენ. ქოქოსის ზეთი კულინარიაში, კანისა და თმის მოვლაში უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება. ქოქოსს აქვს უნარი, შეამციროს ვიტამინების გამოსვლა თმებიდან და ის აქტიურად ებრძვის თმის ცვენას. ქოქოსის ზეთი ბევრ ქიმიურ პროდუქტზე უკეთესია და დამცველობითი ფუნქციის გარდა, თმის ძირებს ზრდაში აქტიურად ეხმარება.
გამოყენების წესი: დაისხით ორი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი თავზე და თითის ბალიშებით თმის ძირები დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ ზეთი 1 საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კი კვირაში, სულ მცირე, 3-ჯერ გაიმეორეთ.
2. ხახვის წვენი
ალბათ, აქამდე ამ პროდუქტზე არაფერი გსმენიათ, თუმცა ნატურალურ საშუალებებში ხახვის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თმის ზრდისთვის. კვლევებით დადგინდა, რომ ხახვში შემავალი კომპონენტები საოცრად ეხმარება თმის ზრდას და შესაძლოა, თავის იმ ადგილებშიც ამოიყვანოთ, სადაც უკვე თმის ცვენაა დაწყებული.
გამოყენების წესი: გაწურეთ ხახვი და შეიზილეთ თმის ძირებში. დაიტოვეთ ერთი საათი და კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით. მიჰყევით ამ რუტინას კვირაში ორჯერ.
3. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაიც ის ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც თმის სწრაფ ზრდაში ეხმარება ადამიანს. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ამშვიდებს და ამაგრებს თმის დასუსტებულ ძირებს.
გამოყენების წესი: ადუღებულ წყალში დააყენეთ მწვანე ჩაი, აცადეთ, რომ გათბეს და დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე გადაივლეთ თავზე. ასევე სასარგებლოა მისი დალევა 1-2 ჭიქა დღეში.
4. როზმარინის ზეთი
რამდენიმე თვის წინ მისისა და კინკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ როზმარინის ზეთი ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას, ახშირებს მთლიან მოცულობას და აძლიერებს დასუსტებულ ბოლოებს.
გამოყენების წესი: უპირველეს ყოვლისა, ჩაიტარეთ ტესტი, ხართ თუ არა ალერგიული როზმარინზე, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროდუქტზე ალერგიულია. თუ თქვენ იმ ნაწილში არ შედიხართ, მაშინ დაბანიდან ერთი საათით ადრე შეიზილეთ მცირე რაოდენობის ზეთი თმებში და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
5. ყავა
თმის ზრდისთვის ბოლო ნატურალური პროდუქტი ყავაა, რომელიც საოცარი არომატის გარდა, უამრავი დადებითი თვისებით გამოირჩევა. ყავა ასტიმულირებს თმის ძირებს და უბიძგებს მას, რომ ზრდის ტემპი ააჩქაროს. ხშირად ყავას ცვენის დაწყების შემდეგაც აქტიურად იყენებენ.
გამოყენების წესი: მოადუღეთ ნალექიანი ყავა და დარჩენილი ნალექი იმ ადგილას წაისვით, სადაც ზრდის ან სისქის ნაკლებობას ატყობთ. დარჩენილი ყავა შეგიძლიათ სახეზეც გადაინაწილოთ.
წყარო: stylecraze.com
ელენე მეტრეველი