ხომ გაგიგიათ, რომ ზაფხულს რთული და მძიმე მაკიაჟის ტარება არ უხდება? სიცხესა თუ მზეში ყველა კანი სუნთქვასა და დასვენებას ითხოვს, თუმცა ქალების უმეტესობა უკვე წლებია, ტონალურზეა დამოკიდებული.
მაკიაჟისა და სახის მოვლის ცნობილი ბლოგერები წერენ, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა მეშვეობით შეგვიძლია ტონალური საბოლოოდ გავაქროთ ჩვენი მაკიაჟის რუტინიდან და კანს მეტი სუნთქვისა და დასვენების საშუალება მივცეთ. ასეთი პროდუქტები სწორედ BB და CC კრემებია, მათ შორის განსხვავება კი ყველა ქალმა უნდა იცოდეს.
ნახეთ, რა განსხვავებაა და როგორ უნდა გამოვიყენოთ BB და CC კრემები.
BB კრემი იშიფრება, როგორც Beauty Balm/ Blemish Balm და თხელი სტრუქტურის მქონე კრემია. BB ითავსებს დამატენიანებლის ფუნქციას და ტონალურთან შედარებით ნაკლები დაფარვით გამოირჩევა. მას გამოიყენებენ ის ქალები, რომლებსაც სახეზე მხოლოდ მარტივი დაფარვა სჭირდებათ. BB გამონაყარსა და ლაქებს არ ფარავს.
BB კრემი შეიცავს SPF-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თქვენს კანს მზის მავნე სხივებისგან დაიცავს. BB რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და ტონალურთან შედარებით ნაკლებად აზიანებს და აშრობს კანს. ხშირად BB-ის წასმისას სხვები ვერც ატყობენ, რომ სახეზე რაიმე გისვიათ.
რაც შეეხება CC კრემს, ის იშიფრება, როგორც Color Correcting/ Complexion Correcting და BB კრემთან შედარებით უფრო სქელი და ძლიერი დაფარვისა. CC კრემი ფარავს სიწითლეს, გამონაყარს და კანს ერთ ფერში სვამს. ამიტომ ტონალურის CC კრემით ჩანაცვლება მარტივად არის შესაძლებელი.
CC კრემი გამოიყენება პრობლემური კანისთვის და შეიცავს C და E ვიტამინებს. ხშირ შემთხვევაში მასში შედის SPF და იცავს კანს მზის მავნე სხივებისგან.
- დაიმახსოვრეთ, ორივე კრემის გამოყენებამდე კანი დაიტენიანეთ და წაისვით ბაზა. ასე CC და BB კრემები უკეთ დაჯდება სახეზე და უკეთესი შედეგიც ექნება მათ.