ჯანსაღი თმა გარეგნობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალების 74% აღნიშნავს, რომ დაზიანებული და არასასურველი ფორმის თმით თავს ნაკლებად თავდაჯერებულად გრძნობენ, მაშინ, როცა მოვლილი, ელასტიკური და ბზინვარე თმა მათ განწყობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
თმისა და თავის კანის დაზიანების სხვადასხვა სახე არსებობს: ქერტლი, სიმშრალე, გაყოფილი ბოლოები, მტვრევადობა და სხვა, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული მიზეზები ჰქონდეს. აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულის პერიოდში, როცა ულტრაიისფერი სხივები მათ პროვოცირებას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ერთადერთ გამოსავლად თმის შეჭრა გვესახება ხოლმე, რომელიც პრობლემას ყოველთვის ვერ აგვარებს.
რა შეცდომებს ვუშვებთ თმის მოვლისას და როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში ჯანსაღი თმა, ამის შესახებ დეტალურად “ლაიმალუქსის“ პროფესიონალთა გუნდს ვესაუბრეთ, რომელთაც თმის მოვლასთან დაკავშირებით პრაქტიკული რეკომენდაციები გაგვიზიარეს:
- რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რასაც თმის მოვლისას ვუშვებთ?
- ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა დაზიანებული თმისთვის ქიმიური პროცედურების მიღება, როგორებიცაა ბიო-დახვევა, ჰორმალდეჰიდის შემცველობის მქონე კერატინით თმის დავარცხნა.
თავდაპირველად, ამ პროცედურებს ვიზუალურად დადებითი ეფექტი აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა უმოკლეს ვადაში უარესდება, სტრუქტურა იწყებს გამოფიტვას და შემდგომი ეტაპებისთვის მომხმარებელი იძულებულია, კვლავ მიმართოს აღნიშნულ პროცედურას. საბოლოოდ კი ნადგურდება თმის ღერი და გვიწევს უარი ვთქვათ სრული სიგრძის დიდ პროცენტზე.
მეორე შეცდომად შეგვიძლია თმის მოვლის საშუალებების არასწორად შერჩევა დავასახელოთ. ხშირად ეს პროფესიონალის კონსულტაციის გარეშე ხდება და ამიტომ არაეფექტურია ხოლმე. მაგალითისთვის, „გოლდველის“ ასორტიმენტიდან ერთ-ერთი ხაზი - Just smooth არბილებს დაუმორჩილებელ თმას და უზრუნველყოფს დამძიმებას. ეს ხაზი განკუთვნილია სქელი თმის მქონე მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს, რომ დაამძიმოს თმა და შესძინოს ელასტიკურობა, თუმცა მისი გამოყენება თხელი და დაზიანებული და მოცულობის არმქონე თმისთვის რეკომენდებული არ არის.
სწორედ ამიტომ, „გოლდველის“ გუნდი მომხმარებელთან დეტალურად განიხილავს თმის სტრუქტურას, მდგომარეობას, ფერს, წარსულში ჩატარებული პროცედურების ისტორიას და ამგვარად ურჩევს შესაბამის ხაზს.
ასევე, გავრცელებული შეცდომაა თმის ცხელი ინსტრუმენტებით ხშირი ვარცხნა. ამასთან, მათი გამოყენება სახლის პირობებში ხშირად ვერ ხერხდება უსაფრთხოდ, ვინაიდან ძირითადი ზეწოლა ხდება თმის ბოლოებზე, შედეგად კი ვიღებთ გამომშრალ და უსიცოცხლო ბოლოებს.
ქერა თმა ერთ-ერთი მოთხოვნადია დღევანდელ დღეს. სასურველი და ხშირად პლატინისფერი ცივი ფერის მისაღებად, ხშირად გარკვეულ სილამაზის ცენტრებსა თუ სალონებში გამოიყენება დაბალი ხარისხის გამაღიავებელი, რომელიც გამოირჩევა თავისი აგრესიული მოქმედებით. ამიტომ აუცილებელია მომხმარებელმა დააზუსტოს, თუ რომელი გამაღიავებლით ხდება მისი თმის გაღიავება, არ დათანხმდეს ნებისმიერ, დაბალი ხარისხის გამაღიავებელს. თმის რამდენიმე დონით გაღიავება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, დაუშვებელია ერთი პროცედურით მკვეთრი თეთრი ფერის მიღწევა და თმის სტრუქტურის დაზიანება. შემდგომ თმა ხდება უსიცოცხლო, დაუმორჩილებელი, არ აქვს ბზინვარება და მისი აღდგენა-გაჯანსაღებისთვის მეტი ფულადი რესურსის გაღება ხდება საჭირო, ვიდრე დასაწყისშივე ხარისხიანი გამაღიავებლის გამოყენება.
უკვე დაზიანებულ თმას კი ხშირად უვლიან სხვადასხვა სახის ზეთით, თუმცა ზეთისებრი პროდუქციით თმის გადატვირთვა მხოლოდ აუარესებს მის მდგომარეობას. ასევე, უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც თავად მომხმარებელი უცხოეთში ონლაინ უკვეთავს, გადაზიდვისას კი ტრანსპორტირების სტანდარტები (მაგალითად, ტემპერატურა) ხშირად არ არის დაცული და გარემო პირობებში მოხვედრისას თმის მოვლის საშუალებები კარგავს იმ თვისებებს, რომლებიც თავდაპირველად ჰქონდა.
ასევე, თმის სუფთა და ჯანსაღი ვიზუალის მისაღებად არასასურველია მისი ყოველდღიური დაბანა. ეს მხოლოდ აუარესებს სკალპს და თმის სიგრძის შემცირებისკენ გიბიძგებს. სჯობს, გამოვიყენოთ პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება ცხიმიანი სკალპის მოვლაში და ასევე, ვარცხნილობის განახლებას შეუწყობს ხელს. ასეთია, მაგალითისთვის ე.წ. სთაილინგის სერია.
- სჭირდება თუ არა თმას განსხვავებული მოვლა სხვადასხვა სეზონზე? საინტერესოა, როგორ უნდა მოვუაროთ კონკრეტულ სეზონებზე თმას?
- დიახ, ცალსახად საჭიროებს. როგორც ჩვენი სახის, ხელისა და მთლიანი სხეულის კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ასევეა თმის შემთხვევაშიც. აუცილებელია, რომ პროდუქტები შევარჩიოთ სწორად. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტითაც მივაღწიოთ თმის თერმოდაცვას, ზამთარში კი დავატენიანოთ სიგრძე და ბოლოები შესაბამისი შრატით, გამოვიყენოთ მოდელირების პროდუქტები და უარი ვთქვათ წვიმის და ზოგადად, ნალექისგან სველი თმის ხშირად ფენით ან უთოთი შრობაზე და ფორმის მოდელირებაზე. თუ ცხელი ინსტრუმენტების გამოყენება გარდაუვალია, გამოვიყენოთ თერმოდაცვის პროდუქტი.
- ცნობილია, რომ ზაფხულის სეზონზე თმა ღიავდება, რადგან მასზე მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს. როგორ უნდა დავიცვათ ის მზის სხივების ზემოქმედებისგან? არსებობს თუ არა ამისთვის განკუთვნილი კონკრეტული პროდუქტები? თქვენ მოვლის რა მეთოდებს და პროდუქტებს გაუწევდით რეკომენდაციას?
- დიახ, ასეა, ულტრაიისფერი სხივები, ზღვისა თუ აუზის წყალი ნეგატიურად მოქმედებს როგორც ფერის, ასევე, ხარისხის შენარჩუნებაზე, თმა კარგავს უნარს, დარჩეს ელასტიკური და ბზინვარე. „გოლდველს“ კონკრეტულად ამ მიზნით აქვს წარმოებული ე.წ. Sun reflect სერია, რომელიც თმას იცავს არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ ის გამოიყენება ზამთარშიც, განსაკუთრებით, სოლარიუმითა და დახურული აუზებით სარგებლობისას.
- საინტერესოა, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული თმის მოვლა (ძირები ცხიმიანი, ბოლოები მშრალი)? როგორი რუტინა და პროდუქტები უნდა შევარჩიოთ ამისთვის?
- მშრალი სკალპის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დამატენიანებელი ლოსიონის გამოყენება. ჩვენი მომხმარებლები ინფორმირებულნი არიან, რომ ბევრი პროდუქტის შეძენის საჭიროება არ აქვთ, პირიქით, რამდენიმე პროდუქტის კომბინაციით ან საწყისი ჩვენებისას ერთი პროდუქტის გამოყენებითაც შესაძლებელია მივაღწიოთ ნებისმიერი ზონის გაჯანსაღებას. სიმშრალე და დაჭიმული სკალპი იწვევს ქავილს და წარმოიქმნება ქერტლისებრი ფენა, რომელიც გარდა სხვა სირთულეებისა, ვიზუალურად თმას უქმნის მოუვლელი სტრუქტურის ეფექტს.
ცხიმიანი სკალპის შემთხვევაში, სასურველია ორი პროდუქტის გამოყენება, ვინაიდან ე.წ. პილინგის ეფექტის მქონე პროდუქტი, კონკრეტულად კი, შამპუნი ღრმა წმენდის ფუნქციით, სიგრძის მოვლისთვის არ იქნება საკმარისი. ამიტომ სიგრძის დასატენიანებლად სასურველია კონდიციონერის ან ნიღბის გამოყენება.
- რა პერიოდულობით არის თმის შეჭრა რეკომენდებული? უნდა შევიჭრათ თუ არა თმა ზღვაზე დასვენებამდე თუ უმჯობესია, ეს დასვენების შემდეგ გავაკეთოთ? რატომ?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ფორმის შენარჩუნება გვსურს. თუ მოკლე, მხრებამდე თმას ვანიჭებთ უპირატესობას, ფორმის შესანარჩუნებლად 1.5-2 თვეში ერთხელ სასურველია ვიზიტი; თუ გრძელი თმის განახლება-გადახალისება გვსურს, საკმარისია, ეს 3 თვეში ერთხელ გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ ხშირია გაყოფილი ბოლოების პრობლემა, ასეთი დაზიანებული თმის მოჭრა, რა თქმა უნდა, გამოსავალია, თუმცა არა ხანგრძლივი. გაყოფილი ბოლოები მიგვითითებს, რომ თმა საჭიროებს დამატებით კვებას. შესაბამისად, მისი გაჯანსაღების მიზნით სჯობს, გამოვიყენოთ ინტენსიური პროდუქტი, ვიდრე ხშირად ვიმოკლოთ თმის სიგრძე ამ მიზეზით.
- ზაფხულის სეზონზე თმის თითქმის ყოველდღიურად დაბანა გვიწევს. რამდენად საზიანოა ეს მისთვის? შესაძლებელია თუ არა იმგვარი შამპუნის, კონდიციონერის და თმის მოვლის საშუალებების შერჩევა, რომ ყოველდღიურმა დაბანამ თმა არ დაგვიზიანოს?
- დიახ, ყოველდღური დაბანა არასასურველია, თუმცა ზღვის წყლის მოსაცილებლად გადავლება გარდაუვალია. ზღვაზე ყოფნისას სასურველია გამოვიყენოთ სპრეისებრი პროდუქტები, რომლებიც რჩება თმის ღერზე და არ საჭიროებს ჩამორეცხვას. „გოლდველის“ ასორტიმენტში ასეთია Sun reflect-ის სპრეი-კონდიციონერი, რომელიც თერმოდაცვის გარდა, უზრუნველყოფს ფერის შენარჩუნებას, სირბილესა და ბზინვარებას.
- ზაფხულში მზისგან ზიანდება შეღებილი თმის ფერიც. რას გვირჩევთ, როგორ შევინარჩუნოთ ის?
- ფერის შესანარჩუნებლად საკმარისია შესაბამისი ასორტიმენტის შერჩევა. “გოლდველის“ შემთხვევაში, კონკრეტულად ფერის შენარჩუნებისთვის გამოიყენება Color-ისა და Color extra rich-ის პროდუქცია. ასევე, შესაძლებელია უკვე ხსენებული Sun reflect-ის ხაზის გამოყენება. ასორტიმენტშია შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი, სპრეი-კონდიციონერი და 6 ეფექტის მქონე შრატი.