უკვე დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ცელულიტი დაავადება კი არა, ნორმაა, მაგრამ არის მითები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობს. დროა, ეს დასრულდეს!
მითი #1: ცელულიტი დაავადებაა
ზოგიერთი სპეციალისტი ნამდვილად უწოდებს ცელულიტს დაავადებას.
ამასთანავე, ექიმების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ცელულიტის გაჩენა ჰორმონებთანაა დაკავშირებული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცელულიტის არსებობა სხეულზე - ქალებისთვის ნორმალური და ბუნებრივია, თუმცა ესთეტიკური თვალსაზრისით, ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტი სულაც არაა.
მითი #2: ცელულიტი ასაკთან დაკავშირებული ფენომენია
არა, ეს ყველაფერი ასაკს ნაკლებად უკავშირდება. თქვენ შეიძლება „ფორთოხლის კანი“ როგორც 15, ისე 55 წლის ასაკში აღმოაჩინოთ.
რისკი ოდნავ იზრდება, თუ გოგონა არაჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება. დამტკიცებულია, რომ ცელულიტის გაჩენას უმოძრაობა უწყობს ხელს.
მითი #3: ცელულიტი მხოლოდ ჭარბი წონის შემთხვევაში ჩნდება
ვარსკვლავების ფოტოები შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, რომ ცელულიტი ნებისმიერი ასაკის და ფიგურის შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს.
იდეალური პროპორციისა და წონის მქონე მოდელებსაც კი ჰქონიათ ცელულიტი.
მითი #4: დიეტა ცელულიტის მოცილებაში დაგეხმარებათ
ვაი, რომ არა. ცხიმიანი, მარილიანი საკვების და ცომეულის რაციონიდან გამორიცხვა არ უშველის ცელულიტს.
თუ დაივიწყებთ სოდას და ტკბილეულს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ თქვენი კანის მდგომარეობას, მაგრამ სრულად ვერ მოიშორებთ ცელულიტს.
კიდევ ერთი მითი: ანტიცელულიტური მასაჟი ხსნაა
მასაჟი ნამდვილად ეფექტურია: მისი წყალობით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და კანი უფრო გლუვი ხდება.
მაგრამ ეს ეფექტი საკმაოდ ხანმოკლეა და თუ ამ მასაჟების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდებით, მაშინ ცელულიტი ისევ გაჩნდება.
ასე რომ, ან მუდმივად უნდა იაროთ მასაჟის გასაკეთებლად, ან დამშვიდდეთ და ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის.
მითი #5: ცელულიტის თავიდან აცილება შესაძლებელია
მაშინაც კი, თუ 15 წლის ასაკიდან ხართ დაკავებული სპორტით, იკვებებით სწორად, აკონტროლებთ თქვენს წონას და მიჰყვებით კოსმეტოლოგების ყველა რეკომენდაციას,
თუ ცელულიტის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება გაგაჩნიათ, მისი თავიდან აცილება შეუძლებელია.
კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: ცელულიტი ნავარჯიშებ სხეულზე ნაკლებად შესამჩნევია.
მითი #6: ანტიცელულიტური კრემები: სწორედ ეს დაგეხმარებათ
კრემებმა შეიძლება გააუმჯობესოს მდგომარეობა: კანის მდგომარეობის გაუმჯობესებით და მოვლით, ისინი ამცირებს ცელულიტს, მაგრამ „ფორთოხლის კანის“ ეფექტის შემცირება კრემებით არ ხდება.
მითი #7: ცელულიტი შეშუპებაა, საჭიროა სითხე ნაკლებად მიიღოთ
პირიქით. რაც უფრო მეტ სუფთა წყალს სვამთ, მით უკეთესია და უფრო იზღვევთ თავს ცელულიტისგან. ყურადღება მიაქციეთ: წყალი უნდა იყოს სუფთა. წვენები, ყავა, ჩაი - არ იგულისხმება.
მითი #8: ჰორმონალური კონტრაცეფცია პრობლემას ამწვავებს
სულაც არა. თანამედროვე საშუალებები ჰორმონების იმდენად მცირე დოზას შეიცავს, რომ მას ძირითად შემთხვევაში გავლენა საერთოდ არ აქვს ცელულიტზე.
მითი #9: ლიპოსაქცია ცელულიტისგან გაგათავისუფლებთ
ლიპოსაქცია ცხიმოვან ნაწილებს მოგაცილებთ, მაგრამ არ შეცვლის ქსოვილის სტრუქტურას. უფრო მეტიც, თუ ოპერაციის შემდეგ გართულებები წარმოიქმნება, ცელულიტი შეიძლება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდეს.
მითი 10: ყველაფერი მემკვიდრეობითობას ეხება
ნამდვილად არაა ასე. ადამიანს ქსოვილის სტრუქტურის გარკვეული თავისებურებები, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგრამ თუ დედათქვენს არ აქვს ცელულიტი, ეს არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენ არ გექნებათ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამ შემთხვევაზეც, რომ თუ დედას და ბებიას ცელულიტები აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც იგივე გელით.
წყარო: Cosmopolitan