სახის და სხეულის კანის მოვლა ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ის მართლაც საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას. გაუხეშებული, ფერმკრთალი, არათანაბარი ფერის კანი, დახეთქილი ტუჩები... სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამის მთავარი მიზეზი კი მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს - როცა თბილი სახლიდან ყინვასა და სუსხში გავდივართ, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია ნელდება, რაც კანის დამცველობით ფუნქციას ასუსტებს. შედეგად, ჭუჭყმა და მავნე ნივთიერებებმა შესაძლოა უფრო მარტივად შეაღწიონ მასში. სეზონის ცვლასთან ერთად, საჭიროა, ნელ-ნელა გავაღვიძოთ მოდუნებული კანი ზამთრის ძილისგან და შევძინოთ მას მეტი ელასტიკურობა. აი, რა არის ამისთვის საჭირო:
„მოუკალით თქვენს კანს წყურვილი“
ზამთარში ბევრი ქალი უპირატესობას ზეთოვან კოსმეტიკურ საშუალებებს ანიჭებს. ეს კანს სიცივისგან დაზიანებისგან იცავს, თუმცა გაზაფხულზე უმჯობესია, თუკი აქტიურად გამოიყენებთ მზისგან დამცავ და დამატენიანებელ კრემებს ნაკლებზეთოვანი ტექსტურით.
იმისთვის, რომ სახის კანის ფერი უფრო ბუნებრივი, ჯანმრთელი და ბზინვარე იყოს, კარგი იქნება, გამოიყენოთ ჰიალურონის მჟავის შემცველი პროდუქტები. გარდამავალ პერიოდში კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. შეიძლება შენიშნოთ სიმშრალისგან გამოწვეული ლაქებიც. ამ პრობლემების მოგვარებასა და თქვენი კანის „წყურვილის მოკვლაში“ სწორედ ჰიალურონი დაგეხმარებათ. ის ხელს შეუწყობს კანის თითოეული ფენის ღრმად დატენიანებას და ბუნებრივი, ელასტიკური სტურქტურის აღდგენას.
„გაზაფხულის წმენდა“
სეზონის ცვლასთან ერთად ჩვენს კანს უწევს ცივი, მშრალი გარემოდან შედარებით თბილ და ნოტიო პირობებთან ადაპტირება, რაც არცთუ ისე მარტივი პროცესია. იმისთვის, რომ გაზაფხულისთვის კანი უფრო მეტად ერთგვაროვანი, სუფთა და სასიამოვნო გახდეს, პილინგი საუკეთესო საშუალებაა. ის ეფექტურად აშორებს მკვდარ და გამომშრალ უჯრედებს, რაც კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს. ფორების უფრო ღრმა წმენდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის მჟავა, მაგალითად, AHAs და BAHs. ისინი გაასუფთავებენ თქვენს კანს ნარჩენებისგან და შესძენენ მას მეტ სინაზეს.
„კვება ვიტამინებით“
გაზაფხულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის მეტაბოლიზმზე ზრუნვა და მისი განმტკიცება ანტიოქსიდანტების საშუალებით, რომლებიც დაიცავს თქვენი კანის ზედა შრეებს დაზიანებისგან. ეფექტური ანტიოქსიდანტებია A, C, E ვიტამინები. ამ ფუნქციით ხშირად გამოიყენებენ მწვანე ჩაისაც, თუმცა საუკეთესო საშუალება მაინც ნიაცინამიდია. ეს ინგრედინეტი დაეხმარება კანს ერთგვაროვანი ფერის, ელასტიკურობისა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
„მზისგან დაცვა“
ხანგრძლივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ ხშირად გვავიწყდება, რომ გაზაფხულის მზის სხივები საკმაოდ ინტესიურია და ამ პერიოდში მზისგან დამცავ კრემზე უარის თქმა თქვენს კანს კარგს არაფერს მოუტანს. მოუმზადებელი კანისთვის მზის ძლიერ ზემოქმედებას შეუძლია ნაადრევი დაბერების გამოწვევა, ნაოჭების გაჩენა და კანის დამწვრობაც კი.
დაბოლოს, გაზაფხული თავად მორთავს თქვენს სახეს ღრუბლებში მიმალული მზის სხივებით - მოერიდეთ მძიმე მაკიაჟის ყოველდღიურ გამოყენებას, იზრუნეთ კანის დატენიანებასა და წმენდაზე, მიეცით მას სუნთქვის საშუალება. ამით თქვენს მარადიულ ახალგაზრდობას შეუწყობთ ხელს.