ალბათ, მსოფლიოში უამრავი გოგო ოცნებობს გრძელ და ხშირ წამწამებზე. სამწუხაროდ, ბუნება ყველას არ აძლევს ამ საჩუქარს, თუმცა ხელოვნური ჩარევის შედეგად უკვე ძალიან მარტივია სასურველი შედეგის მიღება და ყოველდღიურად ათასობით ქალი იგრძელებს წამწამებს. აი, რა უნდა იცოდეთ, სანამ ამ პოპულარულ პროცედურას ჩაიტარებთ:
წამწამების დაგრძელება - პლუსები და მინუსები
ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ წამწამების დაგრძელების უპირატესობებზე: ისინი სახეს უფრო გამომხატველს ხდის და არ საჭიროებს დამატებით შეღებვას ტუშით. როგორც წესი, ის, ვინც წამწამებს იგრძელებს, ინტენსიურ მაკიაჟს იშვიათად იკეთებს. ხელოვნური წამწამები იდეალურია, თუ ქალაქიდან გადიხარ და კოსმეტიკის ჩანთაში ზედმეტი ნივთების ჩალაგება არ გსურს. ახალი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ისე მიიმაგროთ წამწამები, რომ ვერავინ შეატყოს ეს, თუმცა თუ თქვენ ალერგიული ხართ იმ ნივთიერებებზე, რომლებიც პროცედურის დროს გამოიყენება, ან გიყვართ ბალიშზე სახით ძილი, მაშინ თავი უნდა შეიკავოთ ამ „სიამოვნებისგან“.
ხელოვნური წამწამების პარამეტრები
ხელოვნური წამწამები დამზადებულია სინთეტიკური მონოფილმენტისგან და აქვს მრავალი მახასიათებელი, სიგრძის, სისქისა და ფერის მიხედვით. ყველაზე პოპულარული სიგრძეა 7-12 მმ. არსებობს სხვადასხვა ფერის, მაგალითად, ვარდისფერი, თეთრი, იისფერი წამწამები, მაგრამ ქალები ყველაზე ხშირად არჩევანს შავსა და ყავისფერზე აკეთებენ. მანამ, სანამ სასურველ წამწამებს შეარჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ სასურველი არ არის თვალის კუთხეში ძალიან გრძელი ფორმის მიმაგრება, რადგან ეს დიდი დისკომფორტის შემქმნელია. უმჯობესია, თუ მიჰყვებით წარბის ფორმას და ყველაზე გრძელ წამწამს დაამაგრებთ წარბის უმაღლესი წერტილის გასწვრივ.
თუკი ძალიან მოგწონთ ფერადი წამწამები და მისი დამაგრება გსურთ, უმჯობესია, თუ მას შავთან კომბინაციაში, 70:30 პროპორციით გამოიყენებთ. საგულისხმოა წამწამების აპრეხვის ხარისხიც, რადგან, ცხადია, ყველას ერთნაირად აპრეხილი წამწამები არ უხდება. ამ დროს თქვენ და სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოთ თვალის ფორმა, ბუნებრივი წამწამების მდგომარეობა და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთოთ. წამწამების აპრეხვის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი ნიშნულები: J, B, D, C, CC, L.
პროცედურის ხანგრძლივობა და ტკივილი
წამწამების დაგრძელების პროცედურა საათ-ნახევრიდან სამ საათამდე გრძელდება. დრო დამოკიდებულია სამუშაოს სირთულესა და ბუნებრივი წამწამების სიმკვრივეზე. წამწამების დაგრძელების პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა და შესაძლოა, ჩაგეძინოთ კიდეც. ყველაფერი, რაც კლიენტმა უნდა იგრძნოს, არის ოსტატის ხელების მსუბუქი შეხება თვალის არეში.
დაგრძელებული წამწამების კორექცია
საშუალოდ, დაგრძელებული წამწამების კორექცია საჭიროა ერთ თვეში, თუმცა, თუ ყველა წესს დაიცავთ, შესაძლოა, ეს პერიოდი გაახანგრძლივოთ. ცხიმიანი კანის შემთხვევაში წამწამებს კორექტირება ერთ თვეზე უფრო ადრე სჭირდება, ხოლო თუ ქალი რეგულარულად იყენებს ტუშს, მაშინ ერთი კორექცია წამწამებისთვის საკმარისი არ იქნება, მოგიწევთ დამაგრებული ღერების ამოღება და ახლით ჩანაცვლება. ეს განპირობებულია იმით, რომ წამწამების ძირებში დაგროვილი იქნება კოსმეტიკა, მისი გასუფთავება კი ძალიან რთულია.
ინფექციების რისკი
წამწამების დაგრძელების დროს თვალის დაავადებების გადაცემა, პრაქტიკულად, მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა რისკები მაინც არსებობს, რაც გამოიხატება ცხვირის შეშუპებით, კანის ალერგიული რეაქციით, თვალების წვითა და სხვ.
დაგრძელებული წამწამების მოხსნა
ხელოვნური წამწამების მოშორება მხოლოდ პროფესიონალური პრეპარატებითაა რეკომენდებული. ყველაზე გავრცელებულია ე.წ. პასტის გამოყენება. წესები მარტივია - უნდა შეიზილოთ პასტა წამწამებზე და გაიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ნაზად მოიძროთ ისინი. დარჩენილი მასა თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.
შეზღუდვები
წამწამების დაგრძელებიდან პირველ დღეს სასურველია, არ გაატაროთ დრო მზეზე და არ დაისველოთ ის - საუნა, აბანო, სოლარიუმი, აუზი, ზღვა არ არის რეკომენდებული. არ გამოიყენოთ თავის მოვლის ზეთოვანი საშუალებები. მოერიდეთ წამწამებზე მექანიკურ ზემოქმედებას - არ გაიწმინდოთ სახე პირსახოცით, არ დაიძინოთ სახით ბალიშის მხარეს, ფრთხილად ჩაიცვით მაისური...
ხელოვნური წამწამების ტარების ხანგრძლივობის გასაზრდელად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ფიქსატორები, რომლებიც წარმოდგენილია მრავალი კოსმეტიკური ბრენდის ასორტიმენტში. განსაკუთრებული სიფრთხილით, გარკვეული შეზღუდვების დაცვითა და დროული კორექციით დაგრძელებული წამწამები თქვენი საუკეთესო და ერთგული მეგობარი გახდება.